სრული მობილიზაცია – ოპოზიციის 5 ათასი აქტივისტი ზუგდიდშია

სრული მობილიზაცია – ოპოზიციის 5 ათასი აქტივისტი ზუგდიდშია

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ზუგდიდში პოლიტიკური ფონი დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობამ“ აქტივისტების მობოლიზაცია დაიწყო, მათი უმარვალესობა უკვე ზუგდიდში იმყოფება. რომან გოცირიძეს განცხადებით, პარტიას ხუთი ათასი კაცი ჰყავს ზუგდიდში მობილიზებული და ასე შეეცდებიან არ დაუშვან პროვოკაცია და არჩევნების გაყალბება. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მთავრობა და პარლამენტი მობილიზებულია, რომ ზუგდიდში არჩევნები გააყალბოს.

„არიგებენ ფულს, არიგებენ სურსათს, აშინებენ მეგობრებით, ნათესავებით. თუკი რაიმე მეთოდი არსებობს ზეწოლისა, ყველა ეს მეთოდი არის გამოყენებული. ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების. არჩევნების დღეს ვერავინ გაბედავს უხეშობას. მთელი რესურსი იქნება მობილიზებული. სამწუხაროდ, ის რაც ჩუმად ხდება – ოჯახებში კარტოფილების დარიგება, ამის აღკვეთა, ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ, ხალხის სიმრავლე ნებისმიერი რაოდენობის გაყალბებას სჯობნის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

67–ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. ბრალდებას უარყოფს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომლის განცხადებით, ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ოპოზიცია ზუგდიდში ვითარებას ყველა საშუალებით გააკონტროლებს.

„გუშინ უნდოდათ, შედეგები წინასწარ დაეწერათ და თქვენთვის ხმები მოეპარათ. არ გამოუვიდათ და არაფერი გამოუვათ. ხშირად გეუბნებით, რომ 5 000 დამკვირვებელი გვეყოლება. გაერთიანებული ოპოზიციის 5 000 წევრი იდგება უბნებზე. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ უბანში შიგნით, გარეთაც და უფრო მეტსაც გეტყვით – ზემოდანაც გავაკონტროლებთ. ყველა მათი გადაადგილება გვეცოდინება. 21–ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა და ჩვენ გვაქვს ყველა ტექნიკური საშუალება, რომ ისინი გავაკონტროლოთ ბოლომდე. არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმებს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ოპოზიციას რომ პროცესები დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს, ამის შესახებ ღიდ საუბრობენ მმართველ გუნდში. ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ზუგდიდში ხუთი ათასი აქტივისტის მობილიზების შესახებ ოპოზიციის განცხადება მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება. მისი თქმით, არის მცდელობა, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს.

„ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს. ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ან ექნება ადგილი, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, 19 მაისს, ზუგდიდი, სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება. შესაბამისად, მოუწოდებს დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ზუგდიდს მიაპყრონ, რადგან მისი თქმით, ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის შტაბის უფროსი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია.

„რაც შეეხება სიების ჩამონათვალს, ეს ხელმისაწვდომია და, რა თქმა უნდა, საარჩევნო სუბიექტებსაც აქვთ გამოთხოვილი ეს სიები, შესაბამისად, სრულად იციან, თუ ვინ არის ამ სიაში. დეზინფორმაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს და თავისი აჟიოტაჟური მოქმედებებით ცდილობს, რომ გაამყაროს, რომელსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ აქვს, კარგად დაინახოს ყველამ რომ არაფრის მომტანი არ არის“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების შედეგების შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, შენგელიას აქვს შანსი, ან დარჩეს ნამდვილ ზუგდიდელად, ან საბოლოოდ მიიკრას მოძალადის იარლიყი.

„მინდა მივმართო, ბატონ გეგა შენგელიას, ჩემი თანატოლია, მე მის ადგილზე მართლაც მეუხერხულებოდა. ამ ქალაქში თუ სადმე მყავს ნათესავი, თუ ვინმე მყავს დამტირებელი გვარში დედის მხრიდან ან მამის მხრიდან, ყველა ამ ქალაქში ცხოვრობს. ჩემთვის ეს აქალაქი არის ძვირფასი, ეს ქალაქი არ იმსახურებს შეურაცხყოფას. გეგა შენგელია თუ ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც წესიერი ადამიანი, ის ამიერიდან აღარ არის წესიერი ადამიანი, რადგან წესიერი ადამიანი გამოვიდოდა გუშინ და დაგმობდა 72 წლის კაცისთვის პანღურის ამორტყმას. გეგა შენგელიას აქვს შანსი ან დარჩეს ზუგდიდელად, ან აქვს შანსი სამარდჟამოდ აირტყას მოძალადის იარლიყი. მნიშვნელობა არ აქვს პირადად ძალადობს, თუ მის გვერდით მყოფი მეგობრები ძალადობენ“, – ამბობს ნიკა მელია.

ვიდეო მასალა, რომელშიც აღბეჭდილია ოპოზიციის წევრებზე განხორციელებული ძალადობა, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს გადასცა სანდრა რულოვსმა, რომლის განცხადებით, ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია.

„ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ, არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს. როგორც ჩანს, მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო–ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ზუგდიდში რომ ვითარება რთულია ამის შესახებ საუბროებენ ექსპერტები. ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რულოვსის გამარჯვებას ექნება დომინოს პრინციპი. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები ტოვებს შეშინებული ხელისუფლების ტაქტიკის შთაბეჭდილებას.

„ისინი ფიქრობენ, რომ რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, რომლის შანსებიც საკმაოდ მაღალია, გამარჯვების შემთხვევაში ექნება დომინოს პრინციპი და ამიტომაც ყველანაირად ეცდებიან, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს თუ არის რეპეტიცია 2020 წლის არჩევნების, 2020 წელს ამ მეთოდებით „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. თუ „ოცნება“ აპირებს, რომ ეს მეთოდები ხელწერად გაიხადოს 2020 წლისთვის, ეს უკვე ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, თვითონ ის ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრა რულოვსის კანდიდატურა დაასახელა, ეს პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილს და გასაგებია, რომ მთელი აქცენტი გადატანილია ამ მიმართულებით. როგორც ზარდიაშვილი ამბობს, აღქმა ასეთია – თუ სანდრამ მერის არჩევნები მოიგო, ეს ნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეული პლაცდარმი გამარჯვებისთვის მომზადებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„იმ შემთხვევაში, თუ სანდრა გახდა მერი, რეალურად, ეს გამოიწვევს მძიმე მდგომარეობას. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს გამარჯვების გარანტია. ცუდია წინასწარმეტყველება, გინდა თუ არა „ოცნება“ მოიგებს, არის შანსი, რომ გაიმარჯვოს სანდრა რულოვსმა. ვითარება რომ სანდრა მერი გახდეს, რასაკვირველია, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კრიზისის საფუძველი იქნება, რადგან საკრებულო „ოცნების“ არის, ხოლო მერი რადიკალურად დაპირისპირებული და, რა თქმა უნდა, ვითარება აირევა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, სანდრა რულოვსის გამარჯვება შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის წყარო ადგილობრივ დონეზე.

„სამეგრელოში ამას ექნება დესტაბილიზაციის და ბუნებრივია, კრიზისის ფაქტორი. 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებამდე ზუგდიდში იქნება მუდმივი კრიზისი. იმედია ზუგდიდელებს ეყოფათ გონი და მძიმე დღეში არ ჩაიგდებენ თავს, რადგან პირველ რიგში, ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე აისახება. რაციონალური ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, რომ სანდრასთვის ხმის მიცემა ნიშნავს დესტაბილიზაციას და არეულობას. ვნახოთ, რა იქნება. შუალედური არჩევნები ერთგვარად 2020 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიციაა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

tngh მთელი "ნაც-ოპოზიცია" ზუგდიდშია მობილიზებული... საბედნიეროდ, სამეგრელოს კარგად ახსოვს ძმები ბერძენიშვილების, რ. გოცირიძის, გ. ბოკერიას, ბ.ქარდავას, ირ. სარიშვილის... საქმენი საგმირონი XX საუკუნის 90-ან წლებში.
5 წლის უკან