აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა და უმცროსმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებას მიაღწიეს მოსმენაზე, რომლის დროსაც პრეზიდენტის შვილი რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ კითხვებზე უპასუხებს.
New York Times-ის ცნობით, მოსმენა ივნისის შუა რიცხვებში დახურულ რეჟიმში გაიმართება.
სენატორებს სურთ დამატებით მოისმინონ უმცროსი დონალდ ტრამპისგან იმ კითხვებზე პასუხები, რასაც მან კონგრესის წინაშე ერთხელ უკვე უპასუხა. 2017 წელს პრეზიდენტის შვილი დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგა. მაშინ მან განაცხადა, რომ ზედაპირულად ფლობდა ინფორმაციას მოსკოვში ე.წ. ტრამპ თაუერის მშენებლობის შესახებ. თუმცა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა თებერვალში განაცხადა, რომ მან სულ ცოტა 10-ჯერ ჩააყენა საქმის კურსში დონალდ ტრამპი მოსკოვში სამშენებელო სამუშაოების შესახებ.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.