თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან. სხდომაზე საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა წარადგინა. დეპუტატის თქმით, კომისიის შექმნას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს. სესიაზე საკითხის განხილვას მმართველი პარტიის უმრაველესობა არ ესწრებოდა.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, ოპოზიცია იზიარებს პოზიციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოჯახმა დააფიქსირეს, რომ გამოძიების პროცესი რეალურად არ მიმდინარეობს და ეს არის მხოლოდ ფორმალობა. მისი თქმით, ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად, რატომ დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი, დროებითი საგამოძიებო კომისიაა.
„საქმეში იკვეთება ის საკითხები, რაც უკავშირდება სახელმწიფო უწყებების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. კომისიის შექმნას ბევრად უფრო მეტი დატვირთვა ექნება, ვიდრე ერთი საქმის შესწავლაა. ვხედავთ, კომისიის შექმნას სახელმწიფო როგორ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი ჩავარდება, რადგან კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს უმრავლესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე იხსენებს, რომ სუს–ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არ არის. შესაბამისად, გოცირიძე ეჭვობს, რომ გომელაურის მიერ გაკეთებული განცხადება, იყო არამარტო მოწოდება, არამედ ძალადობა საპარლამენტო უმრავლესობაზე.
„50 ხმაა საჭირო, ახალი რეგლამენტით გამარტივდა კომისიის შექმნის პროცესი. დაახლოებით 38 მოწინააღმდეგე ჰყავდა სასამართლოების შესახებ კანონს და იმედია, რომ ეს სასტარტო 38 ხმა უზრუნველყოფილი იქნება, როდესაც მომავალში კენჭისყრა გაიმართება და ალბათ, უმრავლესობაშიც მოიძებნება 12 პრინციპული და წესიერი ადამიანი, რომელიც არ ჩააგდებს ამ კომისიის შექმნის მოთხოვნას.
თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ სუს–ის უფროსის განცხადება ეს იყო არამარტო მოწოდება, არამედ ძალადობა საპარლამენტო უმრავლესობაზე, როდესაც პირიქით, ჩვენი კონსტიტუციით საპარლამენტო უმრავლესობა აყალიბებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ის უნდა იყოს მმართველი. მმართველი ხომ არ არის მართული ამ არაფორმალური ხრიკებით, თუ ინსტიტუტების ქმედებებით?“ – მიმართა რომან გოცირიძემ სალომე სამადაშვილს.
კომისიის შექმნას მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ოთარ კახიძის თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე და სამართალდამცველი უწყებები ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ, ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია.
„დღემდე, არც პარლამენტის წევრებმა, არც საზოგადოებამ, არც თავად დაღუპულის ოჯახმა, არ ვიცით, რა იყო სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი, მიზანი და ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია. ამავე დროს უცნობია სასიკვდილო გასროლის დეტალები, ძალის გამოყენების აუცილებლობა, ძალის გადამეტების ფარგლები. ანუ, ეს საკითხი არის თავიდან ბოლომდე ბურუსით მოცული.
საქმეში არ არის უამრავი მტკიცებულება შესასწავლი. დასაკითხი არიან მოწმეები და ეს მოწმეები დაკითხულებიც უნდა იყვნენ უკვე. გამოსატანია გადაწყვეტილება – ან დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ან ვიღაცამ გადაამეტა ძალას, ან სასიკვდილო გასროლაში ვიღაც არის დამნაშავე, ან არ არის. ასე უპასუხოდ და ჰაერში დატოვება ამ საქმის მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ სახელმწიფო რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს. სხვა წინასწარი დასკვნის გაკეთება აქ შეუძლებელია“, – აცხადებს ოთარ კახიძე.
კომისიის შექმნას მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები. ემზარ კვიციანის განმარტებით, ოჯახი ეძებს სამართალს, რომელსაც ვერ მიაღწია. მისი თქმით, ოჯახმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს რატომ მოუკლეს შვილი.
„ჩვენც გვაინტერესებს. და რომ არ ჰქონდეს ამას გაგრძელება და კიდევ ვიღაცას სახლებშიც არ მოგვაკითხონ, ამიტომ არის აუცილებელი, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადება, მე ამ იდეას მხარს დავუჭერ, რადგანაც მართლაც შემზარავი ფაქტი მოხდა. აღნიშნულ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს. ბოლოს და ბოლოს უნდა მოიხსნას კითხვა - რატომ დახვრიტეს ის კაცი? ჩვენს ქვეყანაში, მე მგონი, სიკვდილით დასჯა აკრძალულია. გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამას გაგრძელება მოჰყვეს“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს უმრავლესობიდან წასული ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, კითხვებზე პასუხების გაცემა შეიძლება რაღაც მომენტში ხელისუფლებისთვისაც უფრო მისაღები იყოს. შესაბამისად, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნის პრობლემას ვერ ხედავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ყველაფრის მიუხედავად, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მოცემულობა გვაქვს და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კითხვა. საზოგადოებაში არ არის ისე აღქმული, როგორც ოფიციალურ სტრუქტურებს ჰგონიათ. ყველაზე მძიმეა, როცა ერთმანეთის მიყოლებით ხელისუფლება, პრემიერი, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ რაღაცას გადარჩნენ და ამ შემთხვევაში არის აბსოლუტური უმოქმედობა. რეალურად, კითხვები არსებობს. ამიტომ, ეს კომისია პარლამენტში შესაქმნელია“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.