„ლოგინში მოკლეს“ ნიშნავს, როცა ვინმემ ასეთი ბრძანება წინასწარ გასცა, რასაც გამოვრიცხავ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რომლის განცხადებით, სპეცრაზმელის გასაჯაროვების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვერავის გაგზავნი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე. ანალიტიკოსი აქვე აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება შურისძიების თუ სისხლის აღების პროპაგანდა გასწიოს.
for.ge ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.
პანკისში განვითარებული მოვლენები, შემდეგ დავით გარეჯში არსებული პრობლემა და ახლა ტერორისტლი აქტის მომზადება კავშირს ხედავთ ყველა ამ მოვლენას შორის?
ამირან სალუქვაძე: ეს თემები, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთთან კავშირში არაა, საერთო მხოლოდ ორი ნიშნით შეიძლება დავინახოთ, 1. საქართველოს უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მოწყვლადია; 2. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მომზადებული არაა მსგავს გამოწვევებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს.
სუს თავის ანგარიშში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდინარეობს „ჰიბრიდული ომი“. ამ მეთოდებში სუს გამოყოფს უცხო ქვეყნის სპეცსასამხურების მიერ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობას. საფრთხე რამდენად რეალურია და ამ საფრთხეების ასაცილებლად რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ?
– ზოგადად, ჰიბრიდული თუ სხვა საფრთხეების ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად, სახელმწიფო სტრუქტურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ. ინტერვიუს ფორმატში რთულია სახელმწიფოს მიერ გადასაჭრელი ამოცანების მთელი სპექტრის შესახებ ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია მთელმა საზოგადოებამ გაიაზროს რამდენად მყიფეა უსაფრთხოების გარემო. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს, მაგრამ სახელმწიფოს მაორგანიზებელი საზოგადოებაა და, შესაბამისად, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ეს გვეხება ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, მედიას, ადამიანებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ საზოგსდოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ზუსტად ამ მხრივ ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობის დონეს ვამდაბლებ, უბრალოდ, ე.წ. ჰიბრიდულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავება საზოგადოების ერთობის გარეშე შეუძლებელია.
საფრთხეები რამდენად სერიოზულია და რატომ მოხდა ამ ყველაფრის ახლა უცებ გააქტიურება? მთელი ამ ხნის განმავლობაში უშიშროების საბჭოს გარეშე რომ არსებობდა ქვეყანა, ამანაც იქონია გავლენა? საერთოდ, ამ ახლად შექმნილი სტრუქურის ფუნქცია რა არის, რამდენად ძლიერია ეს სტრუქტურა საფრთხეებიდან გამომდინარე?
– პრემიერის დაქვემდებარებაში უსაფრთხოების საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი. კარგია, რომ ბოლო-ბოლო ამოქმედდა. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ესმის საბჭოს როლი და ფუნქციონირება მის ახალ მდივანს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მომეცემა კომუნიკაციის საშუალება და უფრო დეტალურად შევძლებ გესაუბროთ. რატომ მოხდა კითხვაში დასმული თემების ახლა გააქტიურება, ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. პანკისის თემა ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ერთი თვის წინ რომ შეეტანათ ტრაქტორი, ან სამი თვის შემდეგ, მაშინ გააქტიურდებოდა.
დავით გარეჯის თემის გააქტიურება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს და, ასევე, გიორგობას მოჰყვა. ხელისუფლებას ერთი მხრივ ვადანაშაულებთ არაფერს აკეთებს საზღვრის მოსაწესრიგებლადო, დემარკაცია-დელიმიტაციას ვგულისხმობ, მეორე მხრივ, საკითხი რატომ წამოსწიეო. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები - ჩამოყალიბდნენ. ამავე დროს, აზერბაიჯანი თავად ააქტიურებს ხოლმე ამ საკითხს, მონასტრებთან დაშვების შეზღუდვით. ვიმედოვნებ, მშვიდად და კონსტრუქციულად გაგრძელდება მუშაობა და მივა მისაღებ შედეგამდე.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილის თემას, ესეც სააღდგომო პერიოდს უკავშირდება. ვფიქრობ, სუს–მა მოგვიანებით გაასაჯაროვა პანკისის წინა მოვლენების გამო. უსაფრთხოების საბჭო ამ გამწვავებებს ვერ აგვარიდებდა, რადგან საბჭოს გარეშეც მთავრობაში კომუნიკაცია იქნებოდა.
გასაგებია, რომ საქართველოში მუდამ იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედების პრობლემა, მაგრამ ამაზე ღიად საუბრობს სუს–ი, იქნებ ჩვენი უმოქმედებობის ბრალია რაც ხდება?
– უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ზოგადად, ყველა ქვეყანაში მოქმედებენ, ეს ყველამ იცის. არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები. ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკა, რომელიც დახურულია. შესაბამისად, დეტალებზე საუბარი რთულია. ჩვენ თუ შოუებით დაკავებები და გადაცემები გვსურს, საკითხავია როდის რა სჯობს და რისი მომტანია გასაჯაროვება. უამრავი სახელმწიფო მსგავს, ანუ კონტრდაზვერვით და სხვა საქმიანობას, ჩუმად ეწევა.
რაც შეეხება ტერორისტული აქტის მზადებას, საუბარი არის ქისტურ ენაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით თარგმანს, რომლის შინაარსი არის მძიმე. ეს ჩანაწერი არ არის საკმარისი საფუძველი მაჩალიკაშვილის დაკავების? რატომ ერიდებიან დაკავებას, თუკი მტკიცებულება არის მყარი და ადამიანი აწყობდა ტერორისტულ აქტს?
– დაკავებას დაკავებისთვის, თუ ბრალის წასაყენებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობს, რა აზრი აქვს. თარგმანი რომ არასწორი იყოს, აქამდე იტყოდა ვინმე. არც ავთენტურობა დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ. იმ პოლიტიკოსთა ან ექსპერტთა საუბარი, რომლებიც სისხლის აღებით ან შურისძიებით ამართლებენ ხალხმრავალ ადგილას აფეთქების დაგეგმვას ან დასურათების და სხვა სამუშაოების ჩატარების ინსტრუქტაჟს, ამორალურობა, უპასუხისმგებლობა და ცეცხლთან თამაშია. საზოგადოება კი ყლაპავს ამ ყველაფერს. არც მედია აძლევს სათანადო შეფასებებს და კითხვებს არ სვამენ. ისე, მედიის საქმე მხოლოდ კითხვების მიწოდება არაა. დაველოდოთ შემდგომ ქმედებებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი როგორც ტერორისტი ამ დრომდე არ არის შერაცხული, ფაქტია, რომ ადამიანი მოკლეს ლოგინში, რაც მძიმე დანაშაულია, პროფესინალიზმი და მომზადების დონე რამდენად ყოფნის ჩვენს სპეცსამსახურებს, ძალიან ხშირად აქვთ ჩავარდნები სამწუხაროდ. საერთოდ საფრთხეების ანალიზი რამდენად ხდება?
– რას ნიშნავს მოკლეს? სპეცრაზმელს ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა? არ ჰქონია. შესაბამისად უნდა დაველოდოთ დასკვნას თუ რა მოხდა და რატომ გაისროლა სპეცრაზმელმა, რის შედეგადაც დაიჭრა და გარდაიცვალა მაჩალიკაშვილი. „ლოგინში მოკლეს“ ნიშნავს, როცა ვინმემ ასეთი ბრძანება წინასწარ გასცა, რასაც გამოვრიცხავ. სპეცრაზმელის გასაჯაროვების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვერავის გაგზავნი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე.
ნიღბები იმიტომ უკეთიათ, რომ ავხადოთ? დანარჩენი პროკურატურის საქმეა და დაველოდოთ. კარგი იქნება ჩატაევის შემოსვლის თემას და შემდგომ მოვლენებს თუ დაუბრუნდებით, შეკრებთ მასალებს და მიაწვდით მოსახლეობას. ზოგს გადაავიწყდა ყველაფერი. მოკლედ, არავის აქვს უფლება შურისძიების თუ სისხლის აღების პროპაგანდა გასწიოს. კარგი იქნება მათაც დაუსვათ კითხვები.