შვედეთის პროკურატურა Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოძიება სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატის თხოვნით განახლდა.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.
ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს 2012 წელს თავი მას შემდეგ შეაფარა, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მისი გადაცემა გადაწყვიტა. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც Wikileaks-ი და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
ასანჟი შიშობს, რომ მას აშშ-ს გადასცემენ, სადაც სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, ვაშინგტონს მისი ექსტრადირება ოფიციალურად არასდროს მოუთხოვია.