ვენესუელის საჰაერო ძალების გენერალი რამონ რანგელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გენერლის განცხადებით, ვენესუელის მთავრობა მადუროს მთავარი მოკავშირის, კუბის „კომუნისტური დიქტატურისგან“ იმართება.
რამონ რანგელი სამხედრო ოფიცერია, რომელიც გასულ თვეს კოლუმბიაში გაიქცა. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის დროს, მას ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად პოზიცია არ გამოუხატავს.
2019 წლის 30 აპრილს ხუან გუაიდომ სამხედროებს და ვენესუელის მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ ღიად მოუწოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.