(გიგი მესვეტე)
საწყალი ნიკალა კიბის ქვეშ ცხოვრობდა, მუშამბაზე ხატავდა, ფეხით დადიოდა. არ ცნობდნენ, არ აღიარებდნენ. შიოდა. მოკვდა. საფლავი დაკარგულია. სამაგიეროდ, ახლა ყოველ მეორე რესტორანს, კაფეს, სახინკლეს თუ სხვა ამდაგვარ „ზავედენიას“ „ნიკალა“ ჰქვია.
ერთლარიანზეც ის ცხონებულია გამოსახული და რაც დრო გადის და რაც დოლარის კურსი ეცემა, ერთლარიანის რეიტინგი უფრო და უფრო მაღლა იწევს. ფიროსმანის რეიტინგი კვლავ უცვლელია - ფიროსმანის ქ. N29 დანგრევის პირასაა. მასთან ერთად კი, მხატვრის უკანასკნელი სახლიც.
ნიკალა არც დღეს ახსოვს ვინმეს, სამაგიეროდ, მხატვრის სახლის თემაა აქტუალური - იმ „მხატვრის სახლის“, რუსთაველზე „რუსთაველის“ გვერდით რომ იყო. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: ამშენობის პირველ სართულზე ბოლოს რესტორანი „ორიენტი“ ფუნქციონირებდა. იყო, რა... რა მხატვრობაც გვაქვს, რესტორანიც ისეთი იყო - დიდი არაფერი, მაგრამ - ძვირი (ჩემი აზრით, რასაკვირველია).
ახლა, რაც შეეხება „მხატვრის სახლს“. უფრო სწორად კი იმას, რაც მისგან დარჩა - ტერიტორიას.
ჩვენ, ყველანი, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ბევრი რამ გვახსოვს. გვახსოვს მწერალთა კავშირი და მასთან ერთად - ელიტარული საცხოვრებელი სახლები, პრივილეგიები და სკკპ ყრილობები. გვახსოვს კომპოზიტორთა კავშირი, სკკპ ყრილობები და „კომპოზიტორთა სახლი“, რომლის გამოც ამ რამდენიმე წლის წინ კომპოზიტორებმა ერთმანეთი დაჭამეს და მერე ამ სახლში კაზინო გახსნეს. მაგრამ, ახლა, საუბარი მხატვრებზეა.
გვახსოვს მხატვართა კავშირი, „მხატვრის სახლი“, ნუცუბიძის პლატოს დასაწყისში მხატვრებისთვის გამოყოფილი სამოსახლო ნაკვეთები და მასზე აშენებული მხატვართა სახლები. ისიც გვახსოვს, მრავალშვილიანი ოჯახები ათწლეულების განმავლობაში რომ იდგნენ ბინის რიგში, ხოლო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ოროსნებისთვის კი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა პრესტიჟულ უბნებში პრესტიჟული ფართების დათრევა და იქ სახელოსნოების მოწყობა.
სწორედაც რომ - სახელოსნოების. მუხრან მაჭავარიანს რომ აქვს: „რა? ხელოსანი ვამჯობინო ხალას ხელოვანს? ბნელა? თუ ბნელა, კი, ბატონო, მაგრამ მზე როა?!“.
ამდენი კავშირები და ამდენი წევრები გავიხსენე, მაგრამ,საბედნიეროდ, გამონაკლისებიც იყვნენ და არიან, ნიჭიერი და თავმდაბალი გამონაკლისები - გოგი ცაბაძე, ავთო ვარაზი, რეზო ინანიშვილი, გურამ დოჩანაშვილი... გამონაკლისი წესს ადასტურებს. კომპოზიტორთა წესი უკვე ვახსენე - სახლის გულისთვის ერთმანეთი სასამართლოდან სასამართლოში არბენინეს. მწერალთა კავშირში რაც მოხდა, ყველამ იცის - ჯერ წივწივაძეს მიჰყავდა პარადი, ახლა სიხარულიძეს მიჰყავს.
ცხონებული თენგიზ ჩანტლაძე ამბობდა: „ჰმ, ჟურნალი “საქართველოს ბუნება“... ბუნებას რად უნდა ჟურნალი? ბუნებას უნდა მგელი და ხვლიკი!“
მწერალს რად უნდა კავშირი? მწერალს უნდა კალამი და ქაღალდი. რად უნდა კომპოზიტორს კავშირი? კომპოზიტორისთვის ნოტების რვეული და ინსტრუმენტიც საკმარისია, ხოლო მხატვრისთვის - ტილო, ფუნჯი და საღებავები.
აი, დავწერე ეს სიტყვები და თორნიკე ამბოკაძე მოვიდა „ახალი ვერსიის“ მხატვარი: „აქ მხატვრების ინტერესებზე კი არ არის საუბარი... თავისთვის კაბინეტები აქვთ მოწყობილი და არიან ნირვანაში. ვის რა გაუკეთებია მხატვრებისთვის, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის?! ეგ ჯანბერიძე როგორ არის, იცი? ეძიკას დროსაც იყო და ახლაც არის. შენ რა გგონია?.. ფულის გაკეთება უნდათ“.
ვკითხე და მიპასუხა. „მხატვრის სახლის“ შესახებ ვკითხე, ერთი ამბავი რომ არის ატეხილი, ვისი საკუთრებაა, მხატვრების თუ ყველა დანარჩენს პლუს მხატვრების.
ბუღაძემ თქვა: „ვკარგავთ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“.
მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული ტერიტორია მომხატვრო ელემენტებს კომუნისტებმა მიაკუთვნეს. კომუნისტებმა კიდევ ბევრ სხვას მიაკუთვნეს ტერიტორიები.
მგონი, ჯანბერიძე იყო: „მხატვრები არ შევცვლილვართ, ისევ პრეზიდენტის ირგვლივ ვართ, მისი მხარდამჭერები ვართ“. ჯანბერიძე იქნებოდა. ყველა პრეზიდენტის ირგვლივ დგანან. ყველა პრეზიდენტს უჭერენ მხარს...
წერეთელმა დაუბარათ, ზურაბმა.
ცხონებული ნიკალა ერთხელ მიიწვიეს მხატვრებმა და იმანაც ერთადერთხელ ინატრა ხალხში: „ვიყიდოთ სახლი, შემოვუსხდეთ სამოვარს და ვისაუბროთ ხელოვნებაზე“.
დააკვირდით - ვიყიდოთო. ის კი არ უთქვამს, მთავრობას მივადგეთ, იმპერატორის გარშემო გავერთიანდეთ და სახლიც გვექნებაო. ვიყიდოთო. ვიყიდოთო. თვითონ რა ებადა, მაგრამ ზმნა პირველ პირში თქვა.
ამათმაც, იყიდონ! ფული არ აქვთ თუ რა? და გაარემონტონ. ღებვა არ იციან თუ რა?
ისე, ჟურნალისტთა ფედერაციაც არსებობდა და მგონი ახლაც არსებობს. „ჟურნალისტის სახლიც“ ჰქონდა და მგონი ახლაც აქვს. იმ სახლში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. აქედან ერთხელ ქორწილში და ორჯერ - ქელეხში.
ერთხელაც, პრესკონფერენციაზე ვიყავი და თბილი „ბორჯომი“ დავლიე.