სერგეი დორენკო, რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას“ („Говорит Москва“) მთავარი რედაქტორი მოსკოვში 59 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიოსადგური ავრცელებს.
„ეხო მოსკვის“ („Эхо Москвы“) მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი გამოცემა „ინტერფაქსთან“ აცხადებს, რომ დორენკო მოტოციკლით მართვის დროს გარდაიცვალა.
„დორენკო მოტოციკლს მართავდა ქალაქის ცენტრში, როდესაც გულმა შეაწუხა. ის მოტოციკლიდან გადმოვარდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარებას დაურეკეს, მაგრამ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს“, - განუცხადა სააგენტო „ტასს“ წყარომ.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ დორენკო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ავარიაში მოყვა.
სერგეი დორენკოს 1990-იან წლებში რუსეთის ტელეარხ „ოერტეზე“ (ახლა პირველი არხი) პროგრამა „ვრემია“ და „სერგეი დორენკოს საავტორო პროგრამა“ მიყავდა. „ოერტეს“ ეთერებიდან ის 2000 წელს მოხსნეს იმ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, რომელიც წყალქვეშა ნავის „კურსკის“ დაღუპვას მიეძღვნა. 2000-იან წლებში სერგეი დორენკო მუშაობდა რადიოსადგურზე „ეხო მოსკვი“, შემდეგ იყო რადიოსადგურ „ახალი ამბების რუსული სამსახურის“ და „გოვორიტ მოსკვას“ მთავარი რედაქტორი.