ჩვენში  „კაიფი“ იაფი  სიამოვნებაა

ჩვენში „კაიფი“ იაფი სიამოვნებაა

                 

საქართველოში არ არსებობს არც ერთი უბანი, სადაც ნარკომანია არ გავრცელებულიყოს“ - ასეთია პარლამენტში გამართული შეხვედრის პათოსი.

უბრალო სტატისტიკა: გასული 10 წლის მანძილზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით აღძრულია 7000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. ამოღებულია - 3 ტონაზე მეტი ნარკოტიკი. დაკავებულია 8000 -ზე მეტი დამნაშავე. აქედან 1200 უცხოელია.

1995 წელი: ნარკოტიკების რეალიზაციაზე აღძრულია 260 სისხლის სამართლის საქმე. ამოღებულია - 14 კგ. ოპიუმი და 1,5   ტონა კანაფი.

1996 წელი: ნარკოტიკების კონტრაბანდისა და რეალიზაციისათვის დააკავეს 125 დამნაშავე. ამოღებულია - 6 კგ. ოპიუმი და 350 გრ. ჰეროინი.

საქართველოში აღრიცხვაზე  აყვანილია 5000 ნარკომანი.

ნარკოტიკების ღირებულება: „ტრამალი“ (ოპიუმის მსგავსი ძლიერ მოქმედი პრეპარატი)  20 ამპულა - 20 - 25 ლარი. „ოპიუმი“ – 1 გრ. 15 - 20 აშშ დოლარი (1 გრ. სამ-ოთხ გაკეთებაზე ყოფნით).

ვინ არის ნარკომანი? - მსოფლიო აღიარებს, რომ იგი ავადმყოფია.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგაძის თქმით: - ექიმს ნარკომანის მკურნალობა კანონით არ შეუძლია. მისი მონაცემებით, ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა 5 - 8 აშშ დოლარი ღირს. სამინისტროს კი ამ თანხების გაღებაც არ შეუძლია. ამიტომ ნარკოლოგიური სამსახურები ადგილობრივმა მმართველობამ უნდა დააფინანსოს.

მაგალითად ზესტაფონის გამგებელი გორგოძე ამ საქმით დაინტერესდა, თვითონ აფინანსებს და შედეგიც უკეთესია (ნარკომანებს ხშირად იჭერენ და უკეთესად მკურნალობენ).

რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის უფროსი გელა ლეჟავა აღიარებს, რომ თავად თამბაქოს „ნარკომანია“. ცენტრში სულ 50% ნარკოლოგ-ექიმი ჰყავს. აქედან 80-ის ხელფასი 5 ლარიც კი არ არის, ექსპერტები კი უხელფასოდ არიან. მისი აზრით, არც ნარკოტიკების ლეგალური გზით შემოტანის აკრძალვა შეიძლება, რადგან „უწამლოდ დარჩენილი ნარკომანები დაგვხოცავენ. ამდენი ნარკომანის მკურნალობას კი საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა.“

ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეროვნული ბიურო არის შექმნილი,  რომლის ხელმძღვანელი ნარკომანებთან ერთად ნარკობიზნესსაც ებრძვის.

ისევ სტატისტიკა: ნარკობიზნესში სატრანზიტო ხაზი „აზია-საქართველო-ევროპა“ გამოიკვეთა. თუმცა, ნარკოტიკებს სვანეთში, ზემო სამეგრელოში, ქვემო და შიდა ქართლშიც ამზადებენ და ასაღებენ. ამ სამსახურმა თურქეთიდან შემოსული ჰეროინის დიდი პარტია დააკავა, რომელსაც ადგილობრივი  საკადრო პოლიცია მფარველობდა.

საქართველოს უშიშროების სამსახურის ინგლისთან თანამშრომლობის შედეგად, ახალი ნარკოტიკული საშუალების „ექსტაზის“ ტონობით პარტია დააკავეს, რომლის დიდი ნაწილი, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოშიც უნდა გავრცელებულიყო. უშიშროების სამსახური საგარეო დაზვერვის საშუალებით ნარკობიზნესის მაგნატების ვინაობას აზუსტებს.

ისინი კონსპირაციულად იძებნებიან.თავად უშიშროების სამსახურის თანამშრომლები კი სპეციალურ კურსებს ქაიროში (ეგვიპტეში) გადიან.

1992 წლის იანვარში ავღანეთიდან ანკარაში მიმავალი ტვირთი - 1,3 ტონა ნარკოტიკი (დასახელება გასაიდუმლოებულია) ანკარაში ამოიღეს. საქართველოს ტერიტორია და საბაჟო დაუბრკოლებლად გაიარა. საბაჟო დეპარტამენტის უფროსი თენგიზ აბულაძე წარსულზე პასუხს არ აგებს და ახლა აღიარებს, რომ თბილისის ცენტრალურ აეროპორტში კონტროლის გამკაცრების შემდეგ ტვირთები ვაზიანის სამხედრო აეროპორტიდან შემოდის. ცნობისათვის: ეს აეროპორტი რუსეთის საკუთრებაა და საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება.

ნარკომანიასთან ბრძოლის საშუალება: უახლოეს ხანში საქართველო ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდება, მანამდე კი რესპუბლიკაში მთელი რიგი კანონებია მისაღები. ორგანოს თანამშრომლები „საკონტროლო მიწოდებების, ოპერატიული საკონტროლო შესყიდვის და პოლიციელის დანაშაულის ჯგუფში ჩართვის“ ნებართვას ითხოვენ. ამ საკითხებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გადაწყვეტს.

მაგრამ რა იქნება მანამდე, როცა უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რესპუბლიკის 34 რაიონში ნარკომანიის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა, ხოლო ოპერატიული მუშაკი ნარკომანის დაკავებაზე სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავს და ამაზე პასუხს არავინ არ სთხოვს? რაც შეეხება რეალიზატორებს, მოქმედი კანონმდებლობით, „რეალიზატორი სიკვდილით ისჯება“ (სსკ მე-15 მუხლი).

და ბოლოს: საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამი სახის ნარკოტიკია: „ჰეროინი“, „ოპიუმი“ და „მეტადოლი“. ოპერატიული ინფორმაციით, ამჟამად ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია ქობულეთშია. გამოსავლენად შსს-თან ერთად უშიშროების სამსახური მუშაობს. მონაცემებს საზოგადოებისგან საიდუმლოდ აზუსტებენ.

რეზიუმე:  „ნარკომანს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს“... ნარკობიზნესი (თუ კანონი ან ოპერატიული ღონისძიებები არ გატარდა) 2-3 წელიწადში ფეხს მყარად მოიკიდებს. დღეისთვის საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ნარკოტიკების ღირებულება შედარებით იაფია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენში ასეთი თრობის საშუალებების დიდი მოთხოვნილებაა.