(გიგი მესვეტე)
ახლა, ამ წუთში, სკოლის მოსწავლეებს შორის გამოკითხვა რომ ჩაატარო და ჰკითხო, ვინ უფრო მაგარია, ვახტანგ გორგასალი თუ ჯეკი ჩანი, გიპასუხებენ, რომ ჯეკი ჩანი, რადგან ჯეკი ჩანს ერთდროულად ათი კაცის ცემა შეუძლია, ხოლო ვახტანგ გორგასალმა ერთი ხოხობი მოკლა და ისიც ცხელ წყალში ჩაუვარდა.
16 წლისამ რომ ოსებზე გაილაშქრა და მშობლები მოუკითხა, ეს არ იციან. თუ იცის და, ათიდან ერთმა. ჯეკი ჩანს კიდევ რა უჭირს, ხუჯაძე უფრო მაგარი ტიპია, ცალკეც და მეგობრებთან ერთადაც. მაგარია!
უბრალოდ, ასეთი გამოკითხვებით სიმართლე არ დგინდება და ობიექტური სურათი არ იხატება. აი, ის გამოკითხვა რომ ჩაატარეს, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე რა აზრის ბრძანდებითო და პასუხი რომ მიიღეს, საერთოდ არ ვბრძანდებითო, მაგის შესახებ მინდოდა ორიოდე აბზაცის თქმა. უკვე ორია, მაგრამ, მაინც.
ერთი მხრივ, ვეთანხმები “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“, ხმალამოღებული რომ იბრძვის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებების დასაცავად, მაგრამ რა ვქნა, არც ამ კავშირის მოწინააღმდეგეების პოზიციაა მთლად უსაფუძვლო. ეგ არის, რომ ამ უკანასკნელების გულწრფელობაში მეპარება ეჭვი: რა უნდა ისწავლებოდეს და რა - არა, ეს მოსწავლეების გადასაწყვეტი არ არის. მაგათი აზრი სერიოზულად რომ გავითვალისწინოთ, საერთოდ განათლების აკრძალვამდე და სკოლების დახურვამდე მივალთ. რა დიდი გამოკითხვა იმას სჭირდება, რომ გაკვეთილებზე აღარავინ დადის და როცა დადიან, საუკეთესო შემთხვევაში „გამართულ სამიანებს“ ან „კოჭლ ოთხიანებს“ იღებენ. ნებისმიერი სკოლის, ნებისმიერი კლასის ჟურნალში ჩაიხედეთ და დარწმუნდებით.
საერთოდ კი, რისთვის არსებობს სკოლა? იმისთვის რომ ბავშვმა განათლება მიიღოს თუ იმისთვის, რომ მშობელს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს, ხოლო მასწავლებელს ცოტა მეტი შემოსავალი? ისიც, ისიც და ისიც, მაგრამ მთავარი მაინც განათლებაა.
საბოლოოდ ყველაფერი შედეგით იზომება. შედეგი კი სავალალოა. ვისაც არ სჯერა და, საკლასო ჟურნალებში ჩაიხედოს. თუ საკლასო ჟურნალზე ხელი არ მიუწვდება, წავიდეს, დადგეს სპორტის სასახლესთან და დამთავრდება თუ არა რომელიმე ქართველი „ვარსკვლავის“ კონცერტი და გამოეფინებიან თუ არა გარეთ მსმენელები, თვალებში ჩახედოს და ყველაფერს მიხვდება.
ისწავლებოდა და ისწავლება გაძლიერებულად „შუშანიკის წამება“, „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“ და „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ ჩახედეთ თვალებში ბავშვებს და... რა შუშანიკი, რომელი ხანძთელი, „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ არა, ტოროლა! აშკარად მართალია ლექს-სენი, როდესაც აღნიშნავს, რომ მისი სიმღერები საოცარი სენია.
ახლახანს ჩემი დისშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ვესაუბრე და თან, რა თქმა უნდა, ჟურნალშიც ჩავიჭყიტე. ქართულის გაკვეთილები სავსე იყო არებით, სხვა გაკვეთილები - ორებით. ამიხსნა, სხვები „არებს“ არ წერენო. მიდი ახლა და ატარე გამოკითხვები. ასეთი ფორმით ჩატარებული გამოკითხვები იმას მაფიქრებინებს, რომ გამოკითხვა ჩატარდა, რათა ჩატარებულიყო და მეტი არაფერი. როდესაც წლის ბოლო მოვა, თავს მოვიწონებთ, გამოკითხვა ჩატარდაო. დღეს თუ გვეუბნებიან, სკოლებში ჰაგიოგრაფიის სწავლება უნდა შემცირდესო, ხვალ საერთოდ ამოიღებენ. მაგათ გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, თორემ ამ ეტაპზე, ასე თუ ისე, ნამდვილად ვეთანხმები. იმ დოზით უნდა ისწავლებოდეს, სკოლას რომ დაამთავრებს, შუშანიკის და ხანძთელის პრინციპები ჰქონდეს გამჯდარი და ჰქონდეს უკმარისობის გრძნობა, რომელიც აიძულებს, თაროდან გადმოიღოს და ერთიანად გადაიკითხოს ძველი ქართული და არა მარტო ძველი, არამედ ახალიც და არა მარტო ქართული.
ისიც არის, რომ თუ ოდნავ შევამცირებთ, რით შევავსებთ? ბუღაძით და ტურაშვილით? მაგას ის ჯობს, საერთოდ არაფრით არ შევავსოთ და ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ექსკურსიებზე ვატაროთ, იქით დავით-გარეჯია, აქეთ - უფლისციხე. იქვე ჩატარდებოდა საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. თან, ექსკურსიებზე მშობლებიც ხომ მიჰყვებიან და, ბიჭები ქართული სუფრის ადათ - წესებს შეისწავლიდნენ, გოგონები - ფორსმაჟორულ სიტუაციებში სუფრის გაწყობა - ალაგებას. ისე როგორ ჩაივლის სუფრა, თითო სადღეგრძელო სამშობლოს, სიყვარულს და მეგობრობას რომ არ მიეძღვნას და უფლის სადიდებლით არ დასრულდეს?! ისე როგორ იქნება, ვიღაცამ „შენ ხარ ვენახი“ არ წაიღიღინოს და ვინმემ „სალაღობო“ არ თქვას.
ის გამოკითხვები აშკარად გრანტებით ტარდება. იმ გრანტებით ჯობდა სასკოლო ავტობუსები შეეძინათ.
ეს, უკვე, სხვა საქმეა.
ხომ ქართველები ვართ და ეს განათლებული თაობაც ხომ საქართველოსთვის გვინდა? თუ, იმისთვის გვინდა, რომ ისწავლონ და შემდეგ ცოდნა სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოს სიძლიერისთვის მოიხმარონ, ეს უკვე ისეთი სხვა საქმეა, გაგონებაც რომ არ მსურს.
დღეს თუ ჰაგიოგრაფია თითქმის სრულად ისწავლება, ხომ ვღებულობთ მეფარიძის ფანებს? მაგრამ ხვალ თუ საერთოდ ამოვიღებთ პროგრამიდან, დარწმუნებული ვარ, მეფარიძეებს მივიღებთ.
მოკლედ, დასხდნენ, მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ - როდის, როგორ და რა დოზით. და ნუ მისცემენ სალაპარაკოს ლეიბორისტებს. ეგენი ხომ შუშანიკში და ხანძთელში დროებით პოლიტიკურ (თუ ამას პოლიტიკა ჰქვია) პარტნიორებს ხედავენ.