თურქეთის ოპოზიცია 2018 წელს, ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, შესაბამისი წერილი ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ გაუგზავნა.
დეპუტატები ითხოვენ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების გარდა, 31 მარტს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების ანულირებაც მოხდეს.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის მერის არჩევნების ის შედეგები გააუქმა, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტამბოლის მერის არჩევნების გაუქმებას „არაორდინალური გადაწყვეტილება“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავისუფალი არჩევნების ლეგიტიმური შედეგების მიღება გადამწყვეტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.