აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა უმცროსმა დონალდ ტრამპმა სენატის დაზვერვის კომიტეტისგან უწყება მიიღო. უმცროს ტრამპს მოუწევს სენატში მისვლა და რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
სენატორებს სურთ დამატებით მოისმინონ უმცროსი დონალდ ტრამპისგან იმ კითხვებზე პასუხები, რასაც მან კონგრესის წინაშე ერთხელ უკვე უპასუხა. 2017 წელს პრეზიდენტის შვილი დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგა. მაშინ მან განაცხადა, რომ ზედაპირულად ფლობდა ინფორმაციას მოსკოვში ე.წ. ტრამპ თაუერის მშენებლობის შესახებ. თუმცა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა თებერვალში განაცხადა, რომ მან სულ ცოტა 10-ჯერ ჩააყენა საქმის კურსში დონალდ ტრამპი მოსკოვში სამშენებელო სამუშაოების შესახებ.
როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ეს უწყება ტრამპის ოჯახისთვის პირველია, აქამდე მისი ოჯახის წევრებს სენატსა და კონგრესში მხოლოდ იწვევდნენ.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.