აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დემოკრატებისთვის ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებაში წერია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მინისტრის განმარტებით, დემოკრატების მოთხოვნა "ლეგიტიმურ ზრახვებს არ ეფუძნება".
მანამდე თეთრმა სახლმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნსა, რომ "დემოკრატები ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებს ვერასდროს ნახავენ".
წარმომადგენლობითი კომიტეტი „დემოკრატებთან“ ერთად, თვეზე მეტია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებს ითხოვს. კომიტეტის წარმომადგენელმა რიჩარდ ნილმა თავისი მოთხოვნა ახსნა იმით, რომ მნიშვნელოვანია შემოწმდეს, ასრულებს თუ არა საგადასახადო სამსახური თავის საქმეს.
The Washington Post-ის ცნობით, თავად ტრამპმა განაცხადა, რომ საგადასახადო დეკლარაციების გასაჯაროების წინააღმდეგია, რადგან მას საგადასახადო სამსახური უკვე დიდი ხანია ამოწმებს და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, ინფორმაციის გასაჯაროება გამორიცხულია. მისი თქმით, მზადაა „დემოკრატებს“ უზენაეს სასამართლოში უჩივლოს.
ტრამპს დეკლარაცია არც არჩევნების დროს გამოუქვეყნებია.