გიორგი ქობულია, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ამბობს, რომ მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობა იყო.
მინისტრის პოსტიდან განთავისუფლებული ქობულია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში, მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. მისი თქმით, იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიაჩნდა, რომ უფრო პოლიტიკურად იყო დატვირთული, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული, ასეთ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა და არ იღებდა. აქედან გამომდინარე, როგორც ქობულია აცხადებს, იყო თხოვნა, წასულიყო თანამდებობიდან.
„იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად, მმართველ გუნდს მივუტანდი და ამ ხედვებში მათ დავარწმუნებდი. ეს განცდა და იმედი მქონდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს გამეკეთებინა. როგორც დავინახეთ, ალბათ, ბოლომდე არ გამომივიდა. აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია პირველ რიგში პრემიერ–მინისტრთან მქონდა და პარტიის ლიდერთანაც. მოხდა აღნიშნული საკითხის დეტალურად გავლა“, – აცხადებს გიორგი ქობულია.
ექს–მინისტრი მზად არის პარლამენტის წინაშე წარსდგეს, თუ მიიწვევენ და მოსთხოვენ პასუხს, მოყვეს რა გააკეთა როგორც მინისტრმა, რა კეთდებოდა, რის გაკეთებას აპირებდა. ქობულია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაშინ მივა, იქ თუ შესაბამისი მიწვევა და დაინტერესება იქნება.
„ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქობულია ცუდად მართავდა სამინისტროს. მე არ ვიცი, არ მესმის, რას ნიშნავს ეს და ვერავინ ამიხსნა. თუ ვინმე დაინტერესდება, რა და როგორ გაკეთდა ჩემი მინისტრობის პერიოდში, განსაზღვროს ცუდი იყო თუ კარგი, მე მზად ვარ, ანგარიში წარვადგინო, მაგალითად, პარლამენტში. თუ არ დაინტერესდებიან, მე არავის არაფერს ვთხოვ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების დამატებით დეტალებზე ისაუბრებს.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოწვევისა და მოსმენის საკითხზე დისკუსია გაიმართა. კომიტეტისგან ქობულიას მოსმენის უზრუნველყოფა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა. როგორც გოცირიძემ განაცხადა, კომიტეტმა უნდა განიხილოს, როგორც ქობულიას მუშაობის შედეგები, ასევე მისი გათავისუფლების მიზეზი.
საქართველოს შემთხვევაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში ყოფილ მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ქობულიას პარლამენტში მოწვევას მხარი დაუჭირა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და მზაობა გამოთქვა ქობულიას კომიტეტში მოწვევაზე კომიტეტის წევრებთან იმსჯელოს.
„თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე რომან კაკულიამ.
გიორგი ქობულიას მოსმენის ინიციატივაზე უარყოფითი პოზიცია გამოხატა უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ. როგორც მან დისკუსიისას აღნიშნა, ქობულიას მოწვევაზე მისი პოზიცია უარყოფითია, რადგან ნაწყენი კაცის პოზიცია ინტერვიუებიდან ბევრჯერ მოუსმენია.
„პირადად ჩემი აზრი უარყოფითია. მან გააკეთა ანგარიში თავისი გაწეული საქმიანობის თაობაზე. თუ რაიმე ასეთი იყო, მაშინ უნდა ეთქვა. ახლა, ნაწყენი კაცის პოზიციიდან ინტერვიუების გაკეთება, ჩვენ ერთი და ორი არ გვინახავს ასეთი“, – აღნიშნა რევაზ არველაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულიას განცხადებები პირველ რიგში ნათია თურნავასთვის უნდა იყოს საყურადღებო, იმიტომ, რომ ხვალ–ზეგ ისიც დადგება ანალოგიური არჩევანის წინაშე. მისი თქმით, როდესაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ასეთ საგანგაშო განცხადებებს აკეთებს, აუცილებელია შედგეს საკომიტეტო მოსმენა. გარდა ამისა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი ქობულიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამის თაობაზე პირველ რიგში, ნათია თურნავამ უნდა იცოდეს.
„ბატონი ქობულია აუცილებლად უნდა მოვიდეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, რისი სურვილიც მან გამოთქვა. ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილთან ან მამუკა ბახტაძესთან მისი პირადი უთანხმოებების შესახებ ჭორაობას. გიორგი ქობულიამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მას ხელს უშლიდნენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც აუცილებელი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის.
როდესაც ყოფილი მინისტრი საუბრობს ამაზე, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. მას უნდა მიეცეს მოსვლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამიტომ, არსებობს პარლამენტი და საკომიტეტო ფორმატი, რომ მოსმენა შედგეს. ყველაზე სწორი ფორმატი არის საკითხის კომიტეტზე განხილვა და არა ინტერვიუების და პრესკონფერენციების საშუალებით“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან კობერიძე თვლის, რომ ალბათ, ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად. მისი თქმით, გაუგებარია, სად იყო მისული ქობულია და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში. კობერიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას საკომიტეტო მოსმენაზე მისვლის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა.
„ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ გიორგი ქობულიას. ადამიანი იყო მინისტრი, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ 4.5%–იანი ზრდა ამ მოცემულობაში არის მაქსიმუმი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ამბობს, რომ 9%–იანი ზრდა არის შესაძლებელი.
ეს არ არის მარტო პროცენტები, ეს არის ადამიანების დასაქმება სამუშაო ადგილებზე და ჩვენი კეთილდღეობა, რასაც რეალურად ელის საზოგადოება ამ ხელისუფლებისაგან. თუკი მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მას წასვლის შემდეგაც უნარჩუნდება საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა. მან აუცილებლად ღიად უნდა ისაუბროს იმ ბარიერებზე, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, მისი თქმით, ეს 9%–იანი ზრდა მიღწევადია“, –განაცხადა ლევან კობერიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კონცეპტუალური მხარე, რაზეც ქობულია საუბრობდა, არის მხოლოდ წამყვანი და სხვა ფაქტორებიც იყო გადადგომის მიზეზი.
„ქობულიას ხედვაზე ინფორმირებული იყო მმართველი გუნდი, რადგან მაშინ დათანხმდნენ, შეიძლება შემდეგი უთანხმოება დამატებით სხვა საკითხით იყოს განპირობებული და არა მარტო კონცეპტუალური მიზეზებით. ანალოგიური მდგომარეობა იყო კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც. ის წავიდა და მანამდე თქვა, რომ ივანიშვილთან უთანხმოება ჰქონდა. რეალურად, ასე იყო თუ არა, ძნელი საფიქრალია იმიტომ, რომ გადამდგარი ადამიანები ხშირად ამ ტიპის მოტივს ასახელებენ ხოლმე, რომ მათი პოზიცია არ დაემთხვა ზემდგომების პოზიციას.
მე მგონი, კონცეპტუალური მხარე, რაზეც ქობულია საუბრობდა, არის მხოლოდ წამყვანი და სხვა ფაქტორებიც იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ხშირად, პოსტიდან გადამდგარი ადამიანი მსგავს განცხადებებს აკეთებს, როგორიც გიორგი ქობულიამ გააკეთა, რომ ზემდგომთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა რამდენად არის ეს რეალური მიზეზი, ამაზე საუბარი რთულია“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ელოდება, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იმ მიზეზებზე ისაუბრებს, რატომაც მოსთხოვეს თანამდებოდიდან წასვლა. მისი თქმით, ამ პროცესში ყველაზე ტრაგიკომიკური ის არის, რომ ძალიან არადექვატური იყო თავის განცხადებებში ქობულია, მაგრამ რაც ეს ნაბიჯი გადადგა, იმდენად დაუფასა ერმა, რომ თითქოსდა გასიმპათიურდა.
„წარმოიდგინეთ, რამდენად დრამატულ მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანის შეფასების კრიტერიუმი გახდა ცოცხლად ხმის ამოღება და თავისი აზრის გამოთქმა. ეს გახდა ადამინის შეფასების ფაქტორი და მის ყველა დანაშაულს პატიობს მაშინვე საზოგადოება. ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან კარგი სიგნალი. ადამიანების რეიტინგი იზომება იმით, ისინი დაუპირისპირდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს და აქვთ თუ არა იმის უნარი, რომ მას უთხრან – არა. ეს ბევრი რამის მანიშნებელია და ივანიშვილისთვის ძალიან სერიოზული პრობლემის ნიშანი უნდა იყოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება პრობლემებს, ხუხაშვილის განცხადებით, მანკიერმა სისტემამ ივანიშვილი იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, მაგრამ სისტემა იმდენად მახინჯია, რომ ნგრევის პროცესი მიდის და აუცილებლად მოიყოლიებს მათ ნანგრევებში.
„აქ მთავარია რა იყო ქობულიას დანიშვნის მოტივი, რაც დღემდე გაუგებარია, ისევე როგორც გაუგებარია განთავისუფლების მოტივი. რა მოტივები ამოძრავებდა გადაწყვეტილების მიმღებს მაშინ და დღეს. იგივე ღარიბაშვილის ეპიზოდი გავიხსენოთ, როდესაც ერთ დღეს აქეს და ადიდეს, იბერიის გაბრწყინება გამოაცხადა თვითონაც და მეორე დღეს გამოაცხადა გადავდექიო.
ვინმემ იცის საკადრო ცვლილების რა მექანიზმი მუშაობს? ახლაც რა გავიგეთ? - არაფერი. ქობულია ერთადერთი ის თქვა, რომ კი არ გადავდექი, გამანთავისუფლესო, მაგრამ რა იყო რეალური მიზეზები ეს გავიგეთ? ვერ გავიგეთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.