ირანის ქმედებების საპასუხოდ ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის რეგიონში, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ გაგზავნის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა გააკეთა. მაღალჩინოსნის თქმით, ეს გადაწყვეტილება თეირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებითა და ირანის მთავრობის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებებით არის განპირობებული.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, ვაშინგტონი თეირანს მკაფიო სიგნალს უგზავნის და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მზად არის, ახლო აღმოსავლეთში დაიცვას როგორც საკუთარი, ისე მოკავშირეების ინტერესები.
პრეზიდენტის მრჩეველმა დასძინა, რომ ამერიკა არ ისწრაფვის ომისკენ ირანის რეჟიმთან, თუმცა მზად არის სათანადო რეაგირება მოახდინოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ნებისმიერ თავდასხმაზე.