(გიგი მესვეტე)
„ყველაფერში რომ ბედი უნდა გქონდეს სპილოს! კენიაში მაინც დავბადებულიყავი! ვიქნებოდი, ჩემთვის, სადმე, ნაკრძალში. ვის რას დავუშავებდი? ეშვები მე არ მაქვს და, აგრესია. მეც არავინ არაფერს დამიშავებდა.
მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. იმ დროს, როდესაც ჩემი და დედმამიშვილები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები ნატოსა და ოპეკის ქვეყნებში გაანაწილეს, მე საქართველოში აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ჩემი ხვედრი ყოფილა.
არა, თავისთავად რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს საქართველოს მიმართ - როგორც ჯოგის უხუცესმა მითხრა, ღვინისა და მსოფლიო დონის პოლიტიკოსების ქვეყანაა, მაგრამ ამით მე რა? ღვინოს მე არ ვსვამ, იმის იმედი კი, არ მაქვს, რომ ის დონე - პოლიტიკოსები ყოველ დილა - საღამოს ბამბუკის ნორჩ ყლორტებს მომიტანენ.“
როგორც მითხრეს, საქართველოში სპილოები ისე უყვართ, რომ მათ საპატივცემულოდ, ერთ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია“სპილო“-ც კი შეუქმნიათ - „საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლოთების ორგანიზაცია“. ამ ორგანიზაციამ 1989 წლამდე იარსება და დაიშალა. მაგრამ, ეს ადრე იყო. ახლა კი... მიდი და იცხოვრე, ამ სახელდახელოდ მოწყობილ სამაგალითო ვოლიერში.
თურმე, ადრე, ამ ვოლიერში სხვა სპილო ცხოვრობდა - ბაჩო, რომელიც ბავშვებს ძალიან ჰყვარებიათ. შემდეგ, ბავშვობა გაუქმებულა და სპილოს თავისი ფუნქცია დაუკარგავს. ბავშვობა ჯერ არ აღდგენილა, მაგრამ როგორც მე შევატყვე, ამ ქვეყანაში ყოველ დღესასწაულზე რაღაც დიდს აკეთებენ, იმ დღეს რომ უხდება, ისეთს. ჰოდა, ამჯერად ის „დიდი“ მე და ჩემი ვოლიერი აღმოვჩნდით.
არა, სპილომ რომ თქვას, ვოლიერს არა უშავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მაიმუნების ვოლიერებსაც არა უშავდა, მაგრამ დღეს მართლა მაიმუნებივით არიან. მე იმის მეშინია, გაისად, იგივე დღესასწაულზე რესპუბლიკის აქტივი და პარტიული ხელმძღვანელობა ზოოპარკს რომ ესტუმრება, ჩემზე არ თქვან, ეს რამხელა მაიმუნიაო. მე სპილო ვარ, მინდა როგორც სპილოს ისე მომეპყრან და არ მინდა, რომ გავმაიმუნდე.
გავიქცე - სად გავიქცე? სანამ ზოოპარკამდე მივყავდი, რამდენიმე ხელმძღვანელი მუშაკის კორტეჟმა ჩამიარა და ყველას ორ-ორი, სამ-სამი მანქანა დაცვა მიაცილებდა. ახლა, პოლიციელები? საქართველოში იმაზე მეტი პოლიციელი ყოფილა, ვიდრე ტაილანდში ყაყაჩო იზრდება.
ეს ჩემი ტაილანდური წარმოშობა პოლიციელებსაც მისცემს რამე ხელჩასაჭიდს. მეშინია, ოპიუმი არ ჩამიგდონ და ნარკოდილერად არ მომნათლონ. ჩემზე შეიწმინდავენ ხელს და სხვა გაუხსნელ საქმეებს მომაკერებენ.
თუმცა, ახლა ციხეები კარგ ხელში ჩავარდნილან და იქნებ, ქართულ ზოოპარკში ყოფნას, ციხეში ყოფნა სჯობდეს. პატიმრებს გავართობდი. ეგენიც ხომ ბავშვებივით არიან? სხვა თუ არაფერი, როგორც პირველი პატიმარი სპილო, ისტორიაში შევიდოდი. თანაც, პატიმრებმა რამხელა გვირაბიც არ უნდა გათხარონ, მე მაინც ვერ გავეტევი. აგერ, ამას წინათ ერთი ჩემზე ოდნავ მომცრო ტანის პატიმარი შიშველი გამძვრალა, მაგრამ მაინც ტყავის პირველი ხარისხის აძრობა მიუღია.
მოკლედ, ან - ზოოპარკი, ან - ციხე. თავისუფლებაზე ყოფნა გამორიცხულია. ანაც, რა ყრია აქაურ თავისუფლებაში? საქართველოში პლანტაციები არ არის, რომ საჩემო სამუშაო ვიშოვნო. ჩაის პლანტაციებში მუშაობა კი ძალიან მძიმე და უფულო შრომა ყოფილა. რა ვქნა? რა წყალში ჩავვარდე? ყველაფრის რწმენა დაკარგული მაქვს.
პრინციპში, მე ათეისტი ვარ, მაგრამ რადგან ტაილანდში დავიბადე და გავიზარდე, ალბათ, იტყვიან ბუდისტიაო. იტყვიან და - თქვან. მე ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი სპილო ვარ და იმედია ის პატივცემული პიროვნებები, მკალავიშვილი და შარაძე გამიგებენ და არ დამძრახავენ. როგორც ვიცი, სადღაც სპილოს კულტიც არსებობს, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ამისათვის, უნდა მომივარდნენ და ვოლიერის წინ დამიწერონ, „სასწრაფოდ გაუქმდნენ სპილოები“?
ჯერ არ ჩამოსულა და უკვე წუწუნებსო, იტყვიან და იმასაც დამამადლებენ, თავად ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულაო. არა, რა თქმა უნდა მადლობელი ვარ, მაგრამ როგორც წამოსვლის წინ ჩვენი ჯოგის უხუცესმა მითხრა, ეს პრეზიდენტის მეორე ვადაა და მის შემდეგ პრეზიდენტი სხვა გახდება. სხვათა შორის, როდესაც პრეზიდენტი მე მიყურებდა, მის ზურგს უკან მის შემდგომ ეპოქაზე საუბრობდნენ. ახლა რომ ყურადღებას არ მაქცევენ, შემდეგ რაღა იქნება?!
ერთი ნუგეში მაქვს - მარტო არა ვარ. ჩემთან ერთად დედალი სპილოც წამოიყვანეს, მაგრამ აქაც უბედურება დამატყდა - გადახრები აღმოაჩნდა: სულ ბეჰემოთისკენ იცქირებოდა. ასე რომ, მაინც მარტო ვარ და ქართველების ექსპერიმენტატორობის ამბავი რომ ვიცი, ალბათ ციყვთან შემაჯვარებენ და სპლიყვების გამრავლებას დაიწყებენ.
მეტი რა მოგწეროთ? აქ ძალიან პოპულარულია კიკბოქსინგი და ტაილანდური მასაჟი. სხვა მხრივ აქაურობას ცივილიზაციის ნასახიც კი არ ეტყობა. თავს ვგრძნობ ძალიან უბედურად. ერთხელ დაიბადო, ისიც სპილოდ და ბოლოს საქართველოში აღმოჩნდე! ამაზე ფიქრიც კი მზარავს. ცოტასაც გავუძლებ და მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას - თავს საკუთარი ხორთუმით დავიხრჩობ.
თქვენი უსახელო სპილო.
ზ.თ. ჩემს გამოსასყიდად ორი „მერსედესი“ იკმარებს.