დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის ანაგარიში წარუდგინა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრისგან განსხვავებით, სუს–ის ხელმძღვანელს ანგარიშის წარდგენა ნახევრად ცარიელ დარბაზში არ მოუწია. გომელაურის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იყო, ხოლო კითხვა–პასუხის დროს სხდომა დაიხურა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რეგლამენტიის 94 მუხლის მე–5 პუნქტიდან გამომდინარე, სესიაზე პროცედურულად სხდომის დახურვა მოითხოვა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა და ოპოზიციის უკმაყოფილების პასუხად, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.
ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სუს–ის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა.
მისი თქმით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები.
„ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სამსახურის მხრიდან, ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხორციელდებოდა ოპერატიული ვითარების შესწავლა და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა–გამოვლენის მიმართულებით, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლების კუთხით. 2018 წელს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 48 პირი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გომელაურის ანგარიშში მოხვდა, ეს არის „ჰიბრიდული ომის“ წარმოება საქართველოს წინააღმდეგ. ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას. როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს.
ამ რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე. როგორც გომელაურმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის და დაინტერესების სფეროების დადგენისაკენ.
ანალიზის მიხედვით, ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები აღნიშნული სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.
„მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სუს–ის უფროსს მოუწია საუბარი, ეს არის პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები. გომელაურის განცხადებით, პანკისში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები ცუდი ფაქტი იყო და ამას შესაბამისი ანალიზი სჭირდება. ამასთნ, სუს–ის უფროსი იზიარებს შს მინისტრის შეფასებას, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად შეცდომა იყო.
„ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ ეს გათლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა...მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მას შემდეგ მოხდა უკვე შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს იყო სულ, იქ მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ან უფრო მეტი უნდა შეეყვანათ, პირობითად, შეგვეყვანა ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადაც უნდა გამოსულიყვნენ, შესულიყვნენ, ეს სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
სუს–ის ხელმძღვანელის ანგარიში იყო მშრალი, რადგან გომელაურისგან ვერ მოვისმინეთ პასუხი კითხვაზე, რას უპირისპირებს საფრთხეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ასეთია ოპოზიციის შეფასება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, საფრთხე რომ არსებობს, ეს ცნობილია, მაგრამ მისი თქმით, უცნაურია ის, რომ ამ საფრთხეზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როდესაც ივანიშვილისვე გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სამადაშვილის განცხადებით, თავად აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც ძალიან ხშირად არის სწორედ რუსეთის რბილი ძალის გავლენის გზავნილები.
„ვიცით, დიდი ხანია, რომ რუსეთი ცდილობს ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე გააჩინოს ქვეყანაში კონფლიქტები. კიდევ ერთხელ ბატონ გომელაურთან შეკითხვა არის, რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია აღარ მუშაობს უკვე მრავალი წელიწადია და რეალურად უკვე პრობლემა დარჩა და დღეს ამ პრობლემის გამოყენება ხდება სწორედ შესაძლო დაპირისპირების ინსპირირებისთვის, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პანკისში შექმნილ ვითარებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე? – არის ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გიგა ბოკერია თვლის, რომ პოლიტიკური დისკუსიის საკითხი უნდა იყოს, როგორ აფასებს სუს იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც საქართველოს პრობლემას უქმნიან, არიან მმართველი გუნდის მოკავშირეები. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ეს არის – „პატრიოტთა ალიანსი“. მისი თქმით, ოპოზიციას სუს–ის ხელმძღვანელთან ჰქონდა იმ კატეგორიის კითხვებიც, რომელიც სხდომის დახურვას არ საჭიროებდა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო პანკისის საკითხსაც, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ერთადერთი დადებითი მხარე, რაც დახურულ სხდომას აქვს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნაკლებ დროს ხარჯავენ ქებაზე, მადლობებზე და ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ კრიტიკულ კითხვებზე. ჩვენ გვქონდა ორივე კატეგორიის კითხვები. მაგალითად, ისეთი საკითხი – როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, სუს–ის წარმომადგენელი ლეგიტიმურად მოუწოდებს ყველას, რომ დავით გარეჯის გარშემო არსებულ სიტუაციაზე არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, ქვეყანა პრობლემაში ჩაითრიონ და შუღლი გააღვივონ ქვეყნის შიგნით, ან მეზობელ, მეგობრულ ქვეყანასთან.
ჩვენ, ყველამ ვიცით, სოციალურ ქსელებში ვინ აქტიურობს. ის ვინც ამას აკეთებს არის „ქართული ოცნების“ პირდაპირი ან ირიბი მოკავშირე. ერთი მხრივ, შავრაზმული ძალები ჰყავთ, რომელიც ამ სიძულვილს აღვივებენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ისინი მათ არჩევნებში, საკუთარი ამოცანებისთვის იყენებენ. შემდეგ, როცა როცა საფრთხე მოვა, უცებ მორალის კითხვას იწყებენ, მათ შორის, სწორი პოზიციიდან – ამ შემთხვევაში დავით გარეჯზე, რომ არ უნდა გავამწვავოთ და ფრთხილად ვიყოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსა და მათ მიერ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ რუსეთია ის ძალა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს. რუსეთის მიერ დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების აზრის ფორმირების მცდელობაზე საუბრობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილიც.
„ის, რომ რუსეთის დეზინფორმაცია მუშაობს საქართველოში, ეს მცდელობები, რომ მას გავლენა იქონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ანტიდასავლური პროპაგანდა აწარმოონ, ეს უკვე ვიცით. ამიტომაც გაჩნდა აზრი, რომ მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას პარლამენტში. საზოგადოებრივი აზრი დასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს ძალიან მაღალი მაჩვენებლით.
თუმცა, ეს გამოწვევა არის, ამაზე ადეკვატური პასუხები არის უშიშროების სამსახურის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ძლიერი დასაყრდენი საბედნიეროდ არ ჰყავთ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკეული ადამიანები ჰყავდეთ, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ძლიერი დასაყრდენი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს საზოგადოებრივი განწყობები ქვეყანაში, ასეთი არ ჰყავს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.