მაიკ პომპეოს თქმით, ვენესუელაში ვითარების დასარეგულირებლად ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ჩარევისთვის მზად არის.
ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ეს საჭიროა, ამერიკის შეერთებული შტატები ამას გააკეთებს, სამხედრო ჩარევა შესაძლებელია“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
ამავდროულად, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ვაშინგტონს ვენესეულაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხილვა სურს.
ვენესუელაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არეულობისას დაიღუპა ერთი აქტივისტი. ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაღუპული 27 წლის ქალია და მან სასიკვდილო ჭრილობა სამხედროსგან გასროლილი ტყვიით მიიღო.
ამასთან, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.