პრეზიდენტს უმრავლესობა ემიჯნება

პრეზიდენტს უმრავლესობა ემიჯნება

სალომე ზურაბიშვილის გარშემო სკანდალები არ წყდება. პრეზიდენტს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. საქართველოს პრეზიდენტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ამერიკა–საქართველოს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა, რაც პრეზიდენტის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს.

„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ეს განცხადება მიუღებელია ვიცე–სპიკერისთვის. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ის, რომ საქართველოში აშშ–ს სამხედრო ბაზის შემოყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს კარგი არ არის. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო პრეზიდენტმა ამ თემის განხილვა.

„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. არ მგონია, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ–ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას. როგორც ვოლსკი ამბობს, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს.

„გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს. პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს, თუმცა არ მგონია, გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ ფუნდამენტურად მომზადება იმ საკითხების, რასაც ჰქვია ბაზის მშენებლობა, ნატო–ს წევრობა, ეს იგულისხმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ გავშიფრავდი ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და მის განცხადებებს შორის. არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მთლიანად, გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, შეხედულებებს თუ გავაანალიზებთ, კურსი ერთია, ეს არის ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე დგას ამ კურსიდან შორს, ერთი და ნახევარი ნაბიჯითაც კი.

„თუ ის მსჯელობს იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია, ბაზის დღეს მშენებლობა ან ხვალინდელი პერსპექტივები ნატო-სთან ურთიერთობის, ეს არის მსჯელობა, მისი შეხედულებები, რომელიც არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

განსხვავებული პოზიცია აქვს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, რომელმაც ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“.

„ამ ეტაპზე ამერიკული სამხედრო ბაზის თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა. არ მომისმენია ქალბატონი სალომეს ეს განცხადება, არც ის ვიცი, რა კონტრქსტში გააკეთა. ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხდაია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომლსაც ევროპა და ნატოსთან თანამშრომლობა ჰქვია.

ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაზპე ამ კონკრეტულ თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება აზიანებს საქართველო–ამერიკის ურთიერთობას. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საგარეო უწყებამ უნდა დაადასტუროს ამერიკული სამხედრო ბაზა არ გვინდა, ან უარყოს, რომ ეს არის „თვითმავალ საფრთხედ“ წოდებული ქალბატონის თვითშემოქმედება და შესაბამისად, კონსტიტუციის დარღვევა.

„საქართველოს პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და საკითხები საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას. უფრო მეტიც, მას არა აქვს სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება პრემიერ–მინისტრის თანხმობის გარეშე, რომელსაც კონსტიტუციით თანახელმოწერა ჰქვია. მან თუ ასე გააგრძელა, იმპიჩმენტით დაამთავრებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადებები. მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ მსგავსი მოსაზრების გაჟღერება ხელს უშლის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერებას. შესაბამისად, მისი თქმით, ამ ადამიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„სხვა სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ეს. სამწუხაროდ, ამერიკული ბაზების ან რომელიმე ჩვენი მოკავშირის, თავისუფალი ქვეყნის ნატო–ს წევრი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს მყისიერად არ დგას, მაგრამ რომ იდგეს, მაგრამ რომც დღეს არ დგას, მაგრამ მივილტვით იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხისგან, რუსეთისგან, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი?

რატომ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი იძახდეს, რომ პროვოკაციაა ქვეყნის სურვილი, რომ იყოს დაცული მტრისგან მოკავშირე, თავისუფალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებით. ეს ადამიანი არის სავსე ქვეყნისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო, მავნებლური შეხედულებებით და იდეებით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

tngh საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქ-ნი სალომეს ამ აზრს ვიწონებთ... ეს კი, ყველაზე მთავარია...
5 წლის უკან
სოციალისტი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაც და უმცირესობაც (გარდა პატრიოტთა ალიანსისა) კარგა ხანია საქართველოს ქართულ მოსახლეობას გაემიჯნენ! მთელი ძალაუფლება პრეზიდენტს. პარლამენტს იმპიჩმენტი. დეპუტატებს სპეციალურ შრომა -გასწორების რეზერვაციებში გადასახლება!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა ამ ადამიანს, ქალბატონ ადას უნდა მხარდაჭერა, გარედან, ჩვენი, ხალხის მხარდაჭერა! ეს სიტყვა ლიბერალი არის უკვე უზნეობის საჯარო დეკლარირება და მერე სად განათლების კანონში???!!! ბოკერიამ და უგულავამ, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ლგბტ-თემთან და მათ მხარდამჭერ ასოებთან ალიანსში დაგვამხეს თავზე ქვეყანა! ქართული ოცნება სამწუხაროდ უკვე ევროპული საქართველოა, უბრალოდ ჯერ სხვა სახელი ჰქვიათ!!! სირცხვილი თქვენი!
5 წლის უკან