„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოკავშირეს ეძებს

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოკავშირეს ეძებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორი სახით მოხდება მთავრობის ფორმირება. for.ge–ს ინფორმაციით, მმართველ გუნდში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა ვისთან ერთად - ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც მმართველი გუნდი ვერ ყალიბდება. კოალიციური მთავარობის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრი იყოს ჯანსაღი, რაც წინააღმდეგობაში მოდის მმართველი გუნდის პოლიტიკასთან. ამის ნათელი მაგალითია „დაიცავი საქართველოს“ შემთხვევა, როდესაც ყრილობის პარალელურად დაიწყო აგრესიული საინფორმაციო ომი დავით მაღრაძის წინააღმდეგ. შესაბამისად, ანალიტიკოსების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი არ იძლევა კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას.

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კოალიციური მთავრობის ფორმირემაზე ფიქრობს, ამას for.ge–სთან საუბრისას ადასტურებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის განცხადებით, კოალიციური მთავრობის იდეა საკმაოდ მომწიფდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ამას თავად მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებიც აცხადებენ. კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება შედგეს კოალიციური მთავრობა, აბაშიძე ამბობს: „დიდი ალბათობით, კოალიციური მთავრობა შედგება კონსტრუქციული ოპოზიციისგან. ჩვენ არ ვიცით 2020 წელს როგორი იქნება პოლიტიკური ძალთა ბალანსი. უამრავი ცვლილება მოხდება, უამრავი ადამიანი შემოვა, უამრავი ადამიანი გაცოცხლდება პოლიტიკაში. ვინ, როგორ და სად დადგება. ამას ჯერ ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, ძალიან ნაადრევია პროგნოზის გაკეთება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღარიბია პოლიტიკური ველი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა ფიქრობდეს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა, მისი თქმით, მთავარია ვისთან ერთად შექმნის.

„ნაციონალებთან“ ვერ შეძლებს, „ევროპულ საქართველოსთან“ ან „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად? ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლას საფუძველშივე ხაზს უსვამენ. ვნახეთ რაც გაუკეთეს დათო მაღრაძეს. შეიძლება არ მოგწონდეს „დაიცავი საქართველო“, მაგრამ მასირებული საინფორმაციო შტურმი ყრილობის შეკრებიდან მეორე დღეს, რაც ვნახეთ, ამ ტიპის მოქმედებით „ქართული ოცნება“ საფუძველშივე თელავს ყველა მომავალ პოლიტიკურ გუნდს და იმაზე არ ფიქრობს, ვინ შეიძლება სამომავლოდ იყოს მათი პარტნიორი, იგივე სამთავრობო კოალიაციაში. ფიქრობენ, რომ ყველა ჩაჩეხონ. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა იფიქრონ მომავალ პოლიტიკურ პარტნიორზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან მძიმედ არის საქმე, რადგან იდეის ავტორებს არ ესმით, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობის არსი. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ბუნდოვანია რას გულისხმობენ კოალიციის ქვეშ, იმიტომ, რომ კოალიციის შექმნამდე, უნდა შედგეს მრავალპარტიული არჩევნები და დაახლოებით თანაბარი ძალის რამოდენიმე პარტია უნდა არსებობდეს.

„რა კოალიციაზე ლაპარაკი, როდესაც თანაბარი ზომის პარტია არ არის. მორიგი კეკლუცობის ფორმა მიიღო ამ კოალიციის ძახილმა. ან ვისთან ერთად კოალიცია, როცა პოლიტიკური ველი არის დაცლილი? ამიტომ იდიოტობაა ეს კოალიცია. თუკი არ იქნება თანაბარი წონის პარტიები, რის საფუძველზე უნდა შედგეს კოალიციური მთავრობა? თუკი უერთმანეთოდ გადაწყვეტილების მიღების უნარი ექნებათ, გაუგებარია რატომ უნდა გააკეთონ კოალიცია, მაგაზე არ დაფიქრებულან.

კოალიციის გაკეთებას თავისი ლოგიკა აქვს. ახლა რატომღაც აიჩემა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიის ნიშანი. კოალიცია არ შექმნილა იმიტომ, რომ დემოკრატია უნდათ. უბრალოდ, არც ერთ მათგანს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ უჭერენ მხარს კოალიციას. ჩვენს შემთხვევაში ერთპარტიული ქვეყანა გვაქვს და ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოუდგენიათ კოალიციური მთავრობა? თუკი არ იქნება ძლიერი მეტოქე, მაშინ გაუგებარი იქნება ამდაგვარი პოლიტიკა. იპოვეს კეკლუცობის ახალი ფორმა და სხვა არაფერი“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ კოალიციური მთავრობა თვითმიზანი არ შეიძლება იყოს, რადგან კოალიციური მთავრობის ფორმირება გამოწვეული არის არჩევნების შედეგებით, როდესაც არც ერთი პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკმარისი მანდატი იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და ამიტომ მიდიან იძულებით კოალიციურ მთავრობაზე.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში, ამიტომ ხელოვნური მეჩვენება ლაპარაკი კოალიციურ მთავრობაზე. თუ ვინმე ფიქრობს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე, იმაზე როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, კოალიციურ მთავრობაზე კი არ უნდა იფიქროს, უნდა იფიქროს მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც იქნება ძალიან აქტიური და მისაღები საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის. ამ ვითარების გამოსწორებას მარტო მთავრობის ფორმირება არ შველის, საჭირო არის პრაგმატული გეგმა იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს ქვეყანაში რაღაცა რეალური ცვლილებები ხდება. თუ ამას ვერ დაინახავს საზოგადოება, გნევაბთ კოალიციური მთავრობა შეიქმნას, გნებავთ არა, ეს პროცესი მაინც მიდის ძალიან ცუდად „ქართული ოცნებისთვის“ და პირველ რიგში ქვეყნისთვის. რაც მთავარია, კოალიციურ მთავრობას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მაღალი პოლიტიკური რეიტინგი აქვს“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

კოალიციური მთავრობის იდეა გაუგებარია გია ხუხაშვილისთვის. როგორც ექსპერტი ამბობს, პოსტსაარჩევნო კოალიციები ხელისუფლებას აკომპლექტებენ რაღაცა საერთო იდეის და მიზნების გარშემო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან გაუგებარი წარმონაქმნია, გაუგებარია ვისთან შეიძლება შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

„ძალიან ეკლექტურია, „ქართული ოცნების“ ელიტის გარკვეული ნაწილი გადახრილია უფრო რაღაცა ლიბერალური ფასეულობისკენ, მეორე ნაწილი კონსერვატული წარმოდგენების არის, ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარია ვისთან აპირებენ კოალიციური მთავრობის შექმნას. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი ფრთა გვყავს, ვისაც პულსი ესინჯება – „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარე, თავად „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მეორე მხარეს გვაქვს „პატრიოტთა ალიანსი“.

სიმართლე გითხრათ, ვერც ერთ ამ ძალასთან „ქართული ოცნების“ კოალიციურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ვისთან აპირებენ, თვითონ აპირებენ ახალი პარტიის შექმნას, დააფინანსონ და როგორმე წიხლით შეათრიონ პარლამენტში, რომ ფსევდო კოალიცია შექმნან? დაახლოებით იგივე სცენარით როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და ახლა შარის მეტი არაფერი არ არის? არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მოკავშირეს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.