“თბილისობისთვის“ რიყეზე „დეზერტირის ბაზარი“ გადმოიტანეს

“თბილისობისთვის“ რიყეზე „დეზერტირის ბაზარი“ გადმოიტანეს

გუშის რიყეზე შეკრებილი „ძველი“ და „ნაღდი“ თბილისელები სინანულით იხსენებდნენ ოცი და ათი წლის წინანდელ  „თბილისობებს“ – “ახლები“ კი მზის გულზე შემთბარი ცელულოიდის ბოთლებიდან „კოკა-კოლას“ წრუპავენ და რიყეზე უმიზნოდ მიმოდიან.

ერთადერთი რაც თვალს სასიამოვნოდ ხვდებოდა, დარეჯან დედოფლის სასახლის აივნიდან გადმოფენილი ქართული ხალიჩები იყო. სხვა დანარჩენი, როგორც „ძველები“ ამბობდნენ, ზედმეტად გაბაზრებული ჩანდა. რიყეზე მიმობნეული იყოსაბაზრო ეკონომიკის ნარჩენები: „ელემის“ და „ვაისროის“ კოლოფები, „კოკა-კოლას“ ჭურჭლეულობა, ბანანის ნაფცქვენები... ყველაფერი ეს ადამიანის და ცხენების ფეხ ქვეშ ითელებოდა.

 ერთერთი მოქალაქე ცხენთან მივიდა და ცხენურად შესჭიხვინა. ცხენები მრავლად იყვნენ. მათთან ქალაქელ მშობლებს თავიანთი შვილები მიჰყავდათ და უთითებდნენ: „აი შვილო ეს არის ცხენი“. მერე პატარებს ადამიანის მეგობარზე სვავდნენ და ერთ ლარად ფოტოს უღებდნენ. ამ ბავშვებს, მომავალში, გუშინდელი „თბილისობიდან“, ალბათ, მხოლოდ ეს ცხენები გაახსენდებათ.

მართალია საქართველოს პრეზიდენტს რიყეზე „ხალხში არ გაუვლია“, მაგრამ, სამაგიეროდ, რესპუბლიკის მოედანზე და სპორტის სასახლესთან შეკრებული, რაიონიდან ჩამოსული გლეხები დააფასა. თუმცა, მათ მიერ ჩამოტანილ „ჭირნახულს“ გემო არ გაუსინჯა. მოგვიანებით, ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერებისას, იმერულ სუფრაზე პრეზიდენტის სადღეგრძელო ითქვა. თამადამ სუფრის წევრებს შესძახა: ვინც ეს სადღეგრძელო არ დალიოს, ნამუსი შეურცხვესო. შევარდნაძემ კი გაუღიმა და თქვა: „ეს მე არ მეხება“

ჰალსტუხიანი და ღიპიანი „ბიძები“ ძვირადღირებულ რესტორნებში შედიოდნენ და  ხელგადახვეულები მღეროდნენ: „წავიდა, ჰეეე, ის ცხოვრება აღარ არიის!“ რესტორან „გურჯანში“ კი საღამომდე ელოდნენ „ვიღაცას“, რომელიც არავინ იცოდა, ვინ იყო.ამის დანახვაზე ერთ-ერთ „ძველ“ მოქალაქეს, ბორის მოსეშვილს „სულ სხვა“ ამბები გაახსენდა: „ადრე რიყეზე ყველა რაიონის რაიკომის მდივანი ხალხში იყო გამოსული. ახლა აგერ, ახლა აგერ, რესტორანში არიან შესული და ქეიფობენ. აქ, პირველ თბილისობაზე შევარდნაძემ ფეხით გაიარა-გამოიარა. ახლა ვინ გამოივლის ასე?! ადრე, აქ ყველა კუთხეს, ყველა რაიონს თავისი ადგილი ჰქონდა. ჩამოიტანდნენ ნობათს და ძალიან იაფად ჰყიდდნენ.

ახლა კი „დეზერტირებში“ ვიხ ზის და ვაჭრობს, ისინი არიან მოსული და ყიდიან იგივე ჭურჩხელებს და ყველაფერს. ეს არის თბილისობა?!“

„რეზონანსთან საუბრისას, ასევე სინანულით გაიხსენა „ძველი დრო“ მოქალაქე გოგი მარტიროსიანმა:

 “პირველ „თბილისობაზე“ წვიმა იყო საშინელი, კოკისპირული.სცენა მე გავაკეთე, მუშები მივიყვანე, ხეტყის მასალა მოვიტანე, მეტეხისკენ ორასამდე ძირი ვარდი იყო დარგული და სცენა მათთან ახლოს გავმართეთ. ზღაპრული ზეიმი იყო მაშინ. აქ ხალხი იმისთვის კი არ მოდიოდა, რომ ევაჭრათ, მოდიოდნენ ერთმანეთის მოსასიყვარულებლად და იყო მთელი ამბავი. მახსოვს, ერთ-ერთ „თბილისობაზე“ რეზო ლაღიძემ და ბუბა კიკაბიძემფაეტონით ჩამოიარეს. ბუბა მღეროდა ლაღიძის სიმღერას. ახლანდელ „ბილისობას“ სხვანაირი იერი აქვს. აგერაა ხინკალი, ქაბაბი და მწვადი. მოდის ხალხი და ჭამს.მეტი არაფერი. შეიძლება ეს დღევანდელი შეჭირვებული ყოფისგან არის. ხალხს ლაღი ცხოვრების უნარი აქვს დაკარგული.“

“1997 წელი თავთავიანი მარცვლეულის რეკორდული წელია!” - იუწყება ლოზუნგი. ხოლო ე.წ. „კრისტალური „უშბას“ მოზრდილ რეკლამაზე ილია ჭავჭავაძის მრავალჯერ ნახმარი (იმედია, ჩვენი პროკურატურა ჟურნალისტს ამ სიტყვას „ხმარებას არ აუკრძალავს) და გაცვეთილი აფორიზმი მიეწერათ. შებინდებულზე „ახლები“ სწორედ ამ „კრისტალურებით“ შეთვრნენ და აქა-იქ საკუთარი დედის მისამართით გაწყობილი გინებაც გაისმა. ალაგ-ალაგ პოლიციელებიც იდგნენ მწვადებს ისინიც  ჩვეულებრივ მიირთმევდნენ.

„მალე საქართველოსგან მარტო ტბილისი დარჩება და მერე უკეთესად გვაზეიმებენ. ისე, წესით, არძინბაც უნდა მოეწვიათ აქ, რიყეზე. მიკვირს რატომ არსად არ ჩანს?!“ – „რეზონანსის“ კორესპონდენტს ასეთი აგრესიული მოქალაქეებიც ხვდებოდნენ.

დღეს „თბილისობის“ „მეორე ნაწილია“. ოფიციალურ პირთა გამოსვლები და თბილისელთა რუსთაველზე გასეირნება.  მოქალაქეთა განწყობაც შესაბამისად, გუშინდელისგან განსხვავებული  იქნება. „ძველები“ მაინც სინანულით გაიხსენებენ, როგორ ჩამოიარეს ფაეტონით რეზო ლაღიძემ და ბუბა კიკაბიძემ. ედუარდ შევარდნაძემ კი დღესაც, ოცი წლის წინანდელივით, რიყეზე ხალხში გასვლას აპორებს.