როგორ გამდიდრდა ზაზა ბეგაშვილი

როგორ გამდიდრდა ზაზა ბეგაშვილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ზაზა ბეგაშვილმა ნოემბრის მიტინგის და პატარკაციშვილის გაკულაკების ფონზე, თბილისელებს საოცარი სანახაობა მოუწყო. ამ ყველაფრის პიკი მერიიდან რუსთაველამდე მოწყობილი მსვლელობა იყო „მიშა - მიშას!“ ძახილით. თუმცა სანამ პრეზიდენტისთვის მოიქონავდა თავს, მანამდე ბადრის ქონების ძირებთან გადაწყვიტა აღრმავება და „პატარა კაცის შვილს“ ჟანგიანი „ჟიგულების“ გაყიდვით ნაშოვნი ფული შეახსენა.

თვითონ ბეგაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ხრიკით ახერხებდა ფულის მოგროვებას, ახლა თავი ბედის ნებიერად მიაჩნია. სამსახურიც ისეთი აქვს, კვირაში ორჯერ ან სამჯერ თუ შეივლის ხოლმე, თვეში ერთხელ სხდომები მიჰყავს და ამ ყველაფერში 2300 ლარს უხდიან.

არადა, იყო დრო, ბეგაშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასეთი ფუფუნება ოდესმე ეღირსებოდა.

ზაზა ბეგაშვილის საცხოვრებელი სახლი წერეთელზე შეფასებულია 90 ათას ლარად. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს სახლი ნაყიდი აქვს 1991 – 1997 წლებში ბალტიის ქვეყნებში და მოსკოვში წარმოებული ბიზნესის შედეგად დაგროვილი თანხით.

ზაზა ბეგაშვილის შრომის წიგნაკი ნომერ მეორე სამშენებლო ტრესტში მებეტონედ მუშაობისას გაიხსნა. თუმცა უკვე სტუდენტი მიხვდა, რომ პარტია კარიერის შესაქმნელად საუკეთესო ადგილი იყო და მალე პირველი მაისის რაიონული კონფერენციის დელეგატად აირჩიეს. გამწარებული კომკავშირლობდა და შესაბამისად, არც ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ყოფილა. თვითონ ამტკიცებს, რომ, 1989 წლიდან 1996 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა და სამშენებლო ბიზნესს ეწეოდა. რა ააშენა მოსკოვში ბეგაშვილმა, არავინ იცის, ყოფილი თანაპარტიელები - ლეიბორისტები - იმასაც ამბობენ, სამშენებლო ბიანესში ყოფნა ბეგაშვილმა დაგროვილი ფულების „გასაპრავებლად“  მოიგონაო. 1996 წლიდან უკვე შალვა ნათელაშვილს დაუმეგობრდა. ბეგაშვილი ამ პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებლად სახელდება. მთელი სანათესავო და ნაცნობ - მეგობრები პარტიაში შეიყვანა. ნელ - ნელა დაწინაურდა კიდეც და ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივანი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

რაც არ უნდა საოცარი იყოს, მოსკოვის „აღმშენებელი“ ლეიბორისტულ პარტიაში საკმაოდ ჯიბეგაფხეკილი დაბრუნებულა. როგორც ლეიბორისტები ამტკიცებენ, ბეგაშვილი მათ პარტიაში, თითქმის, ცალ - ცალი კალოშით მოვიდა. ფინანსურად ძალიან უჭირდა, პირველი კოსტიუმი და მობილური ტელეფონი მისთვის სწორედ პარტიის ფულით უყიდიათ.

თუმცა კოსტიუმმა არ დააკმაყოფილა და შალვას პირველად 1998 წელს უღალატა. მაშინ თბილისის საკრებულოს პირველი არჩევნები ტარდებოდა და ბეგაშვილი ცესკოში ლეიბორისტების წარმომადგენელი იყო. ამ დროს, როგორც მისი ყოფილი თანაპარტიელები ამბობენ, მან უკვე მოახერხა დილარ ხაბულიანთან დაახლოება და შაქრის და ბრინჯის ბიზნესშიც ჩაერთო. ჰოდა, გაქანებულ წინასაარჩევნო პერიოდში ბეგაშვილმა ხაბულიანისგან დავალება მიიღო, უკრაინიდან შაქრის დიდი პარტია არის ჩამოსატანი და სასწრაფოდ უნდა წახვიდეო. ბეგაშვილმა ფეხებზე დაიკიდა შალვა თავის მშრომელებიანად და უკრაინაში გაქანდა. ნათელაშვილი ამ ამბავმა გააცოფა, ბეგაშვილის პარტიიდან გარიცხვაც უნდოდა, მაგრამ ისევ დილარ ხაბულიანის ხათრით არ გარიცხა.

მალე ბეგაშვილმა თბილისის საკრებულოშიც ამოყო თავი და რადგან გამკონტროლებელიც არავინ ჰყავდა, იქაურობა მამამისის დანატოვარ ქერის ორმოდ მიიჩნია და სამარშრუტო ტაქსების ბიზნესშიც ამოჰყო თავი. არაოფიციალური ცნობით, სწორედ მას ეკუთვნოდა 6 ნომერი სამარშრუტო ხაზი, სადაც თხუთმეტამდე მიკროავტობუსს ამუშავებდა და საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობდა. ეს სამარშრუტო ტაქსები თავისუფლების მოედნიდან დიღმის მიმართულებით მოძრაობდნენ და ბეგაშვილის 6 ნომერს ჰქონდა მხოლოდ უფლება, აღმაშენებლის გამზირი პირდაპირ გადაეკვეთა, სხვა „მარშრუტკები“ წინამძღვრიშვილის ქუჩით დადიოდნენ.

ამასობაში ბეგაშვილმა პარტიაში საკუთარი კლანის შექმნა მოახერხა - ზურაბ ჟვანია, ჯემალ სადაღაშვილი, ბერდია გველებიანი, რეზო უმფრიანი და რამაზ ესიავა - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალებთან“ გადასვლის შემდეგ ბეგაშვილმა ფრაქცია „დედაქალაქში“ გააერთიანა. პოზიციების გამაგრების შემდეგ ბეგაშვილის მადა კიდევ უფრო გამძაფრდა, მისი ამბიციების შესახებ ინფორმაცია მაშინდელი მერის, ვანო ზოდელავას ყურამდეც მივიდა. ის შუამავლების საშუალებით დაუკავშირდა ზაზა ბეგაშვილს, შესთავაზა მას საკრებულოს თავმჯდომარეობა იმ პირობით, რომ იმ საკრებულოს ზოდელავა ჭკუაზე ატარებდა. ბეგაშვილს, თანამდებობასთან ერთად, ფულიც მოუთხოვია. ზოდელავამ მას შეხვედრა, თურმე, აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვახტანგ შონიას სახლში დაუთქვა. ვახტანგ შონია ზოდელავას ნათესავია. როგორც ამბობენ, სწორედ ამ სახლში მიუღია ზაზა ბეგაშვილს 70 ათასი ლარი. ამ პერიოდს დაემთხვა გარიგება ზოდელავას და მიხეილ სააკაშვილს შორის. ზოდელავამ ბეგაშვილი ვერ დანიშნა თავმჯდომარედ, სამაგიეროდ, ბატონმა ზაზამ იმას მიაღწია, რომ სააკაშვილს შეეკრა - ნახევარი მთავრობა მისი კადრებით დააკომპლექტა და სანაცვლოდ, სააკაშვილიც ბევრ რამეზე უხუჭავდა თვალს.

ბეგაშვილის და ზოდელავას გარიგების თაობაზე შალვას სასწრაფოდ „მიუტანეს ენა“. ნათელაშვილმა პარტიის სხდომა გამართა და ბეგაშვილს ჰკითხა, - გუშინ ამა და ამ დროს სად იყავიო? ბეგაშვილმა, - სტუმრები მყავდაო. შალვა მისმა პასუხმა გააცოფა და სულ მალე ბეგაშვილმა შეიტყო, რომ ის პარტიიდან გარიცხეს, თუმცა როგორც თავად ამტკიცებდა, სრულიად უსაფუძვლოდ. შალვამ მაშინ საკრებულოდან მისი გაგდებაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ზოდელავამ ბეგაშვილთან დადებული გარიგება უქმად არ დატოვა და მისი თავი სააკაშვილს შესთავაზა. ბეგაშვილიც, თავის კლანიანად, „ნაციონალურ“ მოძრაობაში გადაბარგდა, თუმცა დიდი არჩევანი არც ჰქონია.