(გიგი მესვეტე)
აფხაზეთის ახალ კლიპს, პრინციპში, არა უშავს, კარგი ფერებია, კარგი კადრები, ხმებიც, მაგრამ ხმები ცოტათი ყალბია; კადრებიც შიგადაშიგ, ისეთია... როგორ გითხრათ. ლამაზი გოგოები სოხუმში ქათქათა ხომალდით ბრუნდებიან, მოხუცი ლტოლვილები – ჟანგიანი „მოსკვიჩით“. ერთ-ერთ კადრს მოკლედ მოვყვები და მიხვდებით: ლელა წურწუმია კატერით მიქრის, ლამისაა, ქარმა წაიღოს და ამ დროს მარაოს ინიავებს.
არა, ის მარაო რაღად უნდოდა? რად და, უხდება და იმიტომ. რომ არ სჭირდება – ეგ არაფერი. მაგრამ „ეგ არაფერი“ რეჟისორისთვის, ჩემთვის კი იმის მანიშნებელია, რომ ამბობენ იმას, რასაც არ ფიქრობენ და მღერიან. ასეთ დროს კი მგონია, რომ მატყუებენ.
ბოდიში მოიხადეთ და მე ამ ბოდიშისათვის მადლობას გადაგიხდით.
ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან ურთიერთობის დაწყება სუფთა ფურცლიდან შესთავაზა. ეს მისი მხრიდან იყო ერთგვარი მობოდიშება და თან, ამავე დროს, ბოდიშის მოხდის მოთხოვნა: მართალია, თქვენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ ხედავთ, რამხელა რეიტინგი მაქვს!
ისევ ერთმანეთთან იხარშებიან, ერთმანეთთან ჩახუტებას და ერთმანეთის გამოყენებას ცდილობენ. საზოგადოება და ხალხი, უბრალო ადამიანები კი ავიწყდებათ. მაგალითად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ავიწყდება, როგორ ემუქრებოდა გლეხებს, როდესაც პრეზიდენტმა რთველის გენერლად დანიშნა. ოქრუაშვილს იმ ხალხისთვის ბოდიში რომ მოეხადა, სრული უფლება ექნებოდა, მათთან ურთიერთობა იმ „სუფთა ფურცლით“ დაეწყო.
„ერთიანი ეროვნული ფრონტი“ თუ რაღაც რომ დაარქვეს, ჯერ მისალმება არ დაუმთავრებიათ, გოგა ხაინდრავას კი უკვე ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, რადგან, მისი თქმით, „ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა, 2 ნოემბრის მიტინგს აუცილებლად უნდა დაესწროს.“
მართლა შემტკივა გული ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმ მიტინგს ახლოსაც არ გავეკარები. და შემდეგ, აღმაშენებლისა და ზურაბ ჭავჭავაძის (რომელსაც ვიცნობდი) ქუჩების კუთხეში, ერთ არამშვენიერ დღეს თვალს მოვკრავ პლაკატს გოგა ხაინდრავას გამოსახულებით. გოგა მკაცრად მიყურებს, ჩემსკენ თითს იშვერს და მეკითხება: ,,შენ დაესწარი 2 ნოემბრის მიტინგს?“
9 აპრილის შემდეგ არცერთ მიტინგს აღარ დავსწრებივარ. აღარ მიყვარს წვიმა და მძულს ვარდები. ბოდიში მოიხადეთ არა რევოლუციისთვის, არა „ვარდების რევოლუციისათვის“, არა ხელოვნური ვარდებისათვის, არამედ დაფინანსებული რევოლუციისთვის, რადგან მთელ თაობას ჰგონია, რომ საკუთარი ღირსების დაცვა და მაღალი იდეალებისათვის ბრძოლა შეუძლებელია დაფინანსების გარეშე. ის რევოლუცია გოგამ, დათომ, თინამ, ზურამ, ლევანმა, ირაკლიმ და სხვებმა ერთად მოახდინეს. მოვიდა მიშა. ბოდიში არავის მოუხდია. უბოდიშოდ მოვა ირაკლი და ოპოზიცია მოუბოდიშებლად მოგვიწოდებს, რომ შევიკრიბოთ, დავირაზმოთ და გავერთიანდეთ მათ გარშემო. თუ არა და...
ექსტრემისტიც ვიყავი, სუკის აგენტიც, დესტრუქციული ძალაც და მომავალი ხელისუფლება და მომავალი ოპოზიციაც არ დაინანებს ჩემთვის რამე მჭახე ეპითეტის მოფიქრებას. მაგალითად, ვიქნები კაცი, რომელსაც საქართველოზე გული არ შესტკივა. არადა, შემტკივა. ბოდიშსაც არ ვითხოვ, ეგ გონორი მოიშორონ, წმინდანის თვალები და წამებულის იერი.
ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას ვუსმინე, ოპოზიციის და ინტელიგენციის შეხვედრიდან გადმოსცემდნენ რეპორტაჟს. ასე იწყებოდა: „ჭადრაკის სასახლეში უკვე მივიდნენ მარიკა ლორთქიფანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი...“ ეგენი არც არასოდეს გამოსულან ჭადრაკის სასახლიდან, სულ იქ სხედან, სულ ჭკუას გვარიგებენ, სულ ლოზუნგებით გვესაუბრებიან და სულ არ გვისმენენ. გადის დრო, ქვეყანა უკან მიდის, მათ კი ვერც ჭადრაკის თამაში ისწავლეს და ვერც ბოდიშის მოხდა.
მოუხადეთ საქართველოს ბოდიში და სუფთა ფურცლით დავასრულოთ ურთიერთობა.
ამ ქვეყანაში უამრავი კარგი, წესიერი, ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც აქვთ სუფთა ხელები, დაჭიმული ნერვები, მართალი თვალები, ნათელი გონება და მტკივანი გული. გენერლები მათ ჯარისკაცებად ეპატიჟებიან, საზარბაზნე ხორცად მოიაზრებენ, შემდეგ დეზერტირობას აბრალებენ და... ბოდიშსაც არ იხდიან.
პირიქით, ეს ადამიანები ერთმანეთს უხდიან ბოდიშს იმის გამო, რომ სანამ ისინი თავსხმა წვიმაში იდგნენ, ვიღაცა წყლიდან მშრალი ამოვიდა.