კაცი მასწავლებლები განახევრდნენ

კაცი მასწავლებლები განახევრდნენ

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგების რაოდენობა წლითიწლობით მცირდება. თუ 1990 წელს ქვეყანაში არსებულ სკოლებში 68 052 მასწავლებელი ქალი და 24 443 კაცი მასწავლებელი მუშაობდა, 1995 წელს ეს ციფრი შესაბამისად 62 813 და 16 880-მდე შემცირდა. 1998 წელს კი საქართველოს სკოლებს 56 347 ქალი და განახევრებული - 12 964 კაცი მასწავლებელი შემორჩა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 201 ლარია

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ქალაქების გასაშუალებული ფასების მიხედვით, საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 115.8 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებლისთვის - 101.6 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისთვის - 201.6 ლარი.

ბაზრის ფასები ყველაზე ძვირი თბილისშია

საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მარტის მონაცემებით, ქვეყნის დიდი ქალაქების აგრარული ბაზრების მიხედვით ყველაზე ძვირია რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში, შედარებით იაფი - ბათუმში, მცხეთაში, თელავსა და მარნეულში, უფრო იაფი - ზუგდიდში, ფოთსა და გორში.

საწარმოებში 303.000 ადამიანი მუშაობს

2001 წლის იანვარ-მარტში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში რეალურად დასაქმებულთა საერთო რიცხვი 302.9 ათას კაცს შეადგენს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი - 25.1% - მრეწველობაზე მოდის, 24.7% (დაახლოებით 75 000) - ვაჭრობასა და სხვადასხვა სახის რემონტზე, ხოლო 16.6% ანუ 50.4 ათასი კაცი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაშია დასაქმებული.

ფეხით მოსიარულეებო, ფრთხილად!

2001 წლის იანვარ-მარტში ფეხით მოსიარულეთაგან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 63 და დაშავდა 190 ადამიანი. გასული წლის იმავე პერიოდში ავარიის შედეგად 65 კაცი იყო დაღუპული და 139 დაშავებული.

საკვების წარმოება შევამცირეთ, სასმელის - გავზარდეთ

მრეწველობის პროდუქციის ძირითადი სახეობებიდან 2001 წლის განვლილ პერიოდში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა: ნავთობის მოპოვება, შამპანურის, კონიაკის, არაყის, ლიქიორის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, სიგარეტის, ქაღალდის, ცემენტის, სამშენებლო ქვიშისა და ტელევიზორების წარმოება. შემცირდა მანგანუმის მადნის მოპოვება, ყველის, მცენარეული ზეთის, ჩაის, ძეხვეულის, მაკარონის ნაწარმის, ფეხსაცმლის, დიზელის საწვავის, მინერალური სასუქის, ელექტროენერგიის და სხვათა წარმოება.