ვის წაართვა ია კიწმარიშვილმა „მის საქართველოს“ კონკურსი

ვის წაართვა ია კიწმარიშვილმა „მის საქართველოს“ კონკურსი

გია ნადირაძე, საქართველოს სილამაზის კონკურსების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

„2002 წლიდან ცოლ - ქმარ ჯულია და ერიკ მორლებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები. ისინი წარმოადგენენ „მის მსოფლიოს“ საორგანიზაციო კომიტეტს.

5-წლიანი ლიცენზია 15 000 დოლარი გვიჯდებოდა. მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, თანხის გადარიცხვაზე მიდიოდა საუბარი, მაგრამ მოულოდნელად ყველანაირი კავშირი შეწყდა.

ერთი თვის შემდეგ დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციიდან სჭირდებოდათ სარეკომენდაციო წერილი. კულტურის სამინისტროში მივედით, თუმცა იმდენი უაზრო დოკუმენტაცია მოგვთხოვეს, რომ ვერ გავიგეთ. რა შუაში იყო ის დოკუმენტები კერძო სტრუქტურასთან.

ამით ისარგებლა ია კიწმარიშვილმა და თავად მიიღო ლიცენზია. 2003 წელს „რუსთავი - 2“-ზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად „მის საქართველოს“ რეკლამა დაიწყო. რასაკვირველია, დავუკავშირდით, ძალიან აგდებულად გველაპარაკა. ბოდიში და, ვინ ჩემი ფეხები ხართ თქვენო, ასე გვითხრა. ერთ-ერთ ჟურნალში ძალიან მწარედ მომიხსენია - როგორ ვაკადრე ია კიწმარიშვილს, რატომ დავურეკე და ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა.

ბოლოს, როგორც იქნა, თავის იურისტს, ეკა მეგრელიძეს დაგვალაპარაკა. საერთოდ, თქვენ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ჩვენა ვართ, ვინცა ვართო, ასე მიპასუხა. მე რასაკვირველია, დავსვი საკითხი, რომ მქონოდა „მის საქართველოს“ ჩატარების ლიცენზია, რომელიც ინტელექტუალური დაცვის საკუთრების სააგენტოს ჰქონდა გატარებული. ეს ლიცენზია დღემდე ხელთ მაქვს“.

გვინდოდა ქალბატონ იასთან შეხვედრა, მაგრამ თვითონ არ მოისურვა. მას სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეა. ფაქტობრივად, კონკურსი „აგვახია“.

2005 წელს გვინდოდა „მის საქართველოს“ ორგანიზება, მაგრამ გაჟონა ინფორმაციამ და სანამ სპონსორები მოვიძიეთ, კიწმარისვილმა უკვე დაიწყო თავისი ღონისძიების რეკლამა. იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ ჩივილი გადავიფიქრეთ. რაც უნდა მართლები ვყოფილიყავით, სასამართლო ჩვენს მხარეზე არ დადგებოდა. აზრი არ ჰქონდა იასთან ჭიდაობას. მარტივად რომ ვთქვათ, თავი დავანებეთ.