(გიგი მესვეტე)
არ ვიცით, როგორი ამინდი იქნება ხვალ, არ ვიცით ლარის ხვალინდელი კურსი და მომავალი ბიუჯეტის პარამეტრები. არც ქვეყნის პერიმეტრის პარამეტრებზე გვაქვს სრული წარმოდგენა, არ ვფლობთ საერთო სურათს.
ვიცით, ვინ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, მაგრამ არ ვიცით, ვინ არის გამარჯვების ღირსი. ღირსეული ყოველთვის ვერ იმარჯვებს. მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცით, ვინ არის ღირსეული. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიცი. ის კი ვიცი, ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის მთავარი კონკურენტი და უკვე შემიძლია დავასახელო იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დიდი იმედგაცრუება ელის.
26 სექტემბრის საღამოს 6 საათისთვის ისინი ექვსასნი იყვნენ. 26 სექტემბრის საღამოს 6 საათისთვის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას 600 წევრი შეემატა. მათი რაოდენობა გაიზრდება. იმედგაცრუება ელით არა არჩევნების შედეგების, არამედ თავიანთი ახალი ლიდერის პიროვნების გამოც. ვინც გუშინ ვერ ხედავდა - დღეს დაინახა. ვინც დღესაც ვერ ხედავს, დაინახავს ხვალ.
ამ ოთხი წლის წინ ცოტა არ იყოს მშურდა იმ ადამიანების, გულწრფელად რომ სჯეროდათ სააკაშვილის. მათი, ვისაც სჯეროდა, რომ ერთი კაცის ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან წასვლა და მეორე კაცის მოსვლა ქვეყნისთვის პანაცეა იქნებოდა.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვის შეცვლის? მთავარი ის არის, როგორს შეცვლის რანაირი. იმ ადამიანებს სჯეროდათ სააკაშვილის და რაღაც დროის განმავლობაში თავს ბედნიერად გრძნობენ. ახლა თავს მოტყუებულებად თვლიან. მე კი მგონია, რომ უბრალოდ სულელები არიან.
გამსახურდიამ მოგატყუა, შევარდნაძემ მოგატყუა, სააკაშვილმა მოგატყუა, ახლა თავს ოქრუაშვილს ატყუებინებ...
შიგადაშიგ, ენდობოდი ჯუმბერ პატიაშვილს, შალვა ნათელაშვილს, როინ ლიპარტელიანს, ავთანდილ ჯოგლიძეს... მართლა სულელები არიან. დიდი ბოდიში, მაგრამ რასაც ვფიქრობ – ვამბობ კიდეც. ვამბობ, რადგან შუბლის ძარღვს ვუფრთხილდები.
„ადამიანები გათითოკაცებულები ჯერ სახლში სხედან. დავიწყეთ საქვეყნო კამპანია შიშის წინააღმდეგ. ჩვენ რაიონულ ოფისებსაც გავხსნით და უკვე რაიონული მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ“ - ამ სიტყვებით მიმართა ოქრუაშვილმა 600 სულელს, რომელთა ნახევარს თავი 300 არაგველად მიაჩნია, ნახევარს – 300 სპარტანელად. მათთვის ოქრუაშვილი ან ერეკლეა ან ლეონიდე.
ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი არის შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, სააკაშვილის თანამოაზრე, ქარელის მეგობარი და სუხიტაშვილის მფარველი. ჩინოვნიკი, რომელიც მშვიდად იყო მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ, როცა ართმევდნენ ქონებას, როცა აშინებდნენ, არბევდნენ... როცა ატყუებდნენ. ქარელის მეგობარი ჩემი მეგობარი ვერ იქნება. არც ეგეთი სულელი ვარ.
მაშ, იმიტომ იტანდა ამდენ უსამართლობას, რომ ხვალ-ზეგ ცხინვალის დაბრუნებას აპირებდა? კი, ბატონო, „კოკოითი ფანდარასტ“, მაგრამ ამის შემდეგ რა ურჩევნიათ ალალ-მართალ ოსებს, სააკაშვილი – მერაბიშვილი -ადეიშვილი თუ ოქრუაშვილი – სუხიტაშვილი - ქარელი? არც ერთი.
მარტივად აგიხსნით: ორი სახინკლიდან იმას, ირჩევ, სადაც უკეთესი ხინკალი კეთდება. თუ არც ერთი არ ვარგა, ბორდიურზე შლი გაზეთს, ფცქვნი თევზს და ლუდს პირდაპირ ბოთლიდან სვამ.
მოკლედ, ოქრუაშვილი იტყუება. სააკაშვილი რომ იტყუება, ეს უკვე ყველამ იცის. მე სხვა რამეზე მწყდება გული. როცა გია თორთლაძეს მიხეილ ქარელის დაპატიმრებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თორთლაძემ მოკლედ მოუჭრა: „სააკაშვილმა დაიჭირა და სააკაშვილს მოჰკითხეთ“. იოლი გამოსავალია, მაგრამ მე უფრო იოლ გამოსავალს შემოგთავაზებთ – ოქრუაშვილმა დანიშნა და პასუხიც ოქრუაშვილს მოვთხოვოთ.
კაცი ევერესტზე დგას და იქიდან ანგლობს. არ არის ლამაზი. თუმცა, სულელებს ასე მოსწონთ.
ზემოთ ვთქვი, მათი მშურდა, ვისაც სააკაშვილის სჯეროდა - მეთქი... სულელის რომ შეგშურდება, შენც სულელი ხარ. ჰოდა, ის ექვსასი ძალიან რომ არ გაბრაზდეს, დავამშვიდებ: მეც სულელი ვარ. ოღონდ, ცოტა სხვანაირი.