ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნება. ამ ცნობას ქართული სააგენტო 2020 საკუთარ წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს. მსგავსი ინფორმაცია უკრაინულ მედია-სივრცეში ჯერჯერობით არ დევს.
"მე მგონი ეს მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული მორიგი ჭორია - ადამიანს რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, სწორედ ამაზეა საუბარი. ეს არის ძალიან არასერიოზული განაცხადი, სააკაშვილი თანამდებობით ვერ გახდება პროკურორი, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, ედავებიან საკმაოდ მძიმე დანაშაულს და ბუნებრივია, რომ ამ საკითხს ზელენსკი ასე იოლად ვერ გადაწყვეტს.ზელენსკის უკან ვინც დგას, ოლიგარქი კოლომოისკი და შს მინისტრი არსენ ავაკოვი, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტრები არიან და არა მგონია მათ დაუშვან ასეთი სასაცილო რამ," - აცხადებს ამ ინფორმაციის კომენტირებისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.
თუმცა მანამდე უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთის მისამართით პოზიტიური განცხადებები გააკეთეს.
კერძოდ, ზელენსკიმ არჩევნების პირველ ტურში თქვა, რომ სააკაშვილი იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში, რომ ის სერიოზული დიპლომატია და ყველას დასჭირდება მისი კონსულტაცია და დახმარება.
ამავე დროს, სააკაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ზელენსკის არჩევნებზე და მის მომხრეებსაც იგივე მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივას მაინც სკეპტიკურად უყურებს.
"ზელენსკის გაპრეზიდენტება არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოუწერენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა უკრაინაში. მას მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, არც პოლიტიკური სტატუსი გააჩნია, არც სასამართლომ მოუხსნა განჩინება და როგორ გესახებათ, რომ ასეთი ადამიანი გენერალურ პროკურორად მოვიდეს?" - კითხულობს პოლიტოლოგი.
იურისტი ლია მუხაშავრია კი ფიქრობს, რომ უკრაინაში სააკაშვილის რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თეორიულად შესაძლებელია.
"თეორიულად შესაძლებელია - შეიწყალებს და დანიშნავს თანამდებობაზე, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად გახდება, ეგ სხვა საკითხია," - აცხადებს იურისტი.