ჩვეულებრივი

ჩვეულებრივი

(გიგი მესვეტე)

საგადასახადოს უფროსის მოადგილესთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში საგადასახადო სამსახურის უფროსმა თქვა სიტყვები, რომლებიც, პირადად ჩემთვის სკანდალურად ჟღერდა: „თანამშრომლებში დაძაბულობა იგრძნობა,მაგრამ ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას“.

წინა დღეს, მოადგილის დაპატიმრებამდე რომ მისულიყო ჟურნალისტი და იგივე შეკითხვა რომ დაესვა, პასუხიც იგივე იქნებოდა: “...ჩვეულებრივ...“. მოადგილემ იმ დღეს გააკეთა ის, რასაც იგიც და სხვებიც, ვისაც სხვის ფულთან აქვს საქმე, ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე.

მის ჩვეულებრივ საქმიანობას, რომელიც ჩვენთვისაც ჩვეულებრივია, მოჰყვა ჩვეულებრივი, ნიღბიან - ავტომატიანი დაპატიმრება, რომელიც, უკვე შევეჩვიეთ და, ჩვეულებრივ იყო ტელევიზიით ნაჩვენები.

ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, ისე, როგორც გრძელდებოდა 15, 10 და ხუთი წლის წინ. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ჩვეულებრივი დასავლეთის თვალში არაჩვეულებრივია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენთვის არის ჩვეულებრივი, რადგან უკვე შევეჩვიეთ, შევეგუეთ და სხვანაირად ვეღარც წარმოგვიდგენია.

ჩვეულებრივი ამბები ხდება: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ციხეშია, მოჭიდავეებიც ციხეში სხედან, ციხეში სხედან ფინანსისტები, მაკონტროლებლები, მებაჟეები, პოლიციელები, ლექტორები და ოპოზიცია ხელისუფლებას მომავალში ციხით ემუქრება...  ისიც ჩვეულებრივი ამბავია, რომ ერთ დებილს პარლამენტარი ჰქვია, მეორე დებილს - მინისტრი, მესამე დებილს - გუბერნატორი, მეოთხე დებილს - გამგებელი.

საქართველოში უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ამბიციური დებილების მცირერიცხოვანი ჯგუფი წყვეტს ნაკლებ ამბიციური დებილების ბედს, მაგრამ ამ უკანასკნელებს ხვალ ამბიციები მოემატებათ, იმათ ჩამოყრიან და თამაშის საკუთარ წესებს უკარნახებენ იმ დებილებს, რომლებსაც ამასობაში 18-18 წელი შეუსრულდებათ.

აირჩევ თუ აგირჩევენ, მაინც ჩვეულებრივი დებილი ხარ, ხოლო თუ მოახერხებ და ევროპაში აღმოჩნდები, ქურდის და ნარკომანის იარლიყი გარანტირებული გაქვს. მოკლედ, ასეთი დებილური არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან გვერქვას დებილები, ან - ქართველი ემიგრანტები, რაც დამსახურებით და დაუმსახურებლად უკვე ქურდს და ნარკომანს ნიშნავს.

ქუჩა ან უნდა გადაკეტო, ან ტროტუარზე უნდა იდგე და იგინებოდე. სასამართლოს დარბაზი ან უნდა დალეწო, ანაც მხოლოდ მოსამართლის გინებით უნდა დაკმაყოფილდე. ჩვეულებრივი ლოგიკაა: როცა მანანა გიგინეიშვილსა და მაია ნადირაძეს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება, იმ არჩევანის წინაშე დგები, ზემოთ რომ მოგახსენეთ.

ასეთ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვეულებრივ, ან დილარ ხაბულიანს ნიშნავენ (რომელსაც მოფერებით დოლარ ხაბულიანს ეძახდნენ) ან კახა თარგამაძეს („რკინის კაცი“) ანაც ვანო მერაბიშვილს, რომლისთვისაც სულიერება „დედოფალი მარგოთი“ იწყება და „ქუჩის ბიჭებით“ მთავრდება.

ჩვეულებრივი ამბავი იყო სასამართლოს სულელური გადაწყვეტილება, რუსთაველის გადაკეტვა, დარბევა და ოპოზიციის მივარდნა, რასაც ჩვეულებრივი ჩხუბი მოჰყვა პარლამენტში. ინტელექტის ნაკლებობის და ამბიციების ზედმეტობის ჩვეულებრივი გამოვლინება იყო ასანიძის ქცევა. „ვარდების რევოლუცია“ რომ არ მომხდარიყო, პარლამენტში მუშტს გიორგი კანდელაკი მოიქნევდა.

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა დგას. ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ და ჩვევაში გადაგვივიდა.ხასიათშიც გადაგვივიდა რაღაც და ამ რაღაცას, მეორენაირად ჩვენი პოლიტიკური ელიტა ჰქვია.

გიგა ბოკერიამ კი ნამდვილად გამაკვირვა. კაცს, რომელსაც უყვარს ლუდი, „ლედ ზეპელინი“ და ქომაგობს არგენტინას, ნამდვილად არ ეკადრება ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრობა. წააგო არგენტინამ და მეც კედლებზე გავედი, მაგრამ ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრობამდე მაინც არ დავსულვარ. აბა, სანდრო ცნობილაძემ რა უნდა თქვას?!

მაგრამ, პოლიტიკისგან გაგიჟებაც ჩვეულებრივი ამბავია: ჯერ ბრაზილიაზე შეგტკივა გული, შემდეგ კი „ქაშმირის“ ნაცვლად ჩვეულებრივ ყმუილს უსმენ, რატომღაც „ქართულს“ და რატომღაც „ესტრადას“ რომ უწოდებენ.

რით განსხვავდებოდა იმღამინდელი რუსთაველის გამზირი იმდღევანდელი გლდანის ნაგავსაყრელისგან? არაფრით? ღორი - ღორია. დაბალი დონის ღორები ელიტარული ღორების ნარჩენებით იკვებებიან. უბრალოდ, იქ, გლდანში მივიდა სანიტარული სამსახური და ღორები გაყარა, ხოლო, პარლამენტში და მთავრობაში ისევ ღორები მივლენ, ღორებს გაყრიან, „რევოლუციას“ დაარქმევენ (საზამთროს ქერქების და კიტრის ნაფცქვენების რევოლუციას) და მივიღებთ, ჩვეულებრივ ეკვადორს, ჩვეულებრივ პარაგვაის და ჩვეულებრივ კოლუმბიას კორტასარის, ბორხესის და მარკესის გარეშე.

ავიტანთ. ეს უკვე ჩვევად გადაგვექცა - ყველაფრის მოთმენა და ყველაფრის ატანა. ხომ ჩვეულებრივი სადღეგრძელოა “ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები...“!

ჩვენ ჩვეულებრივი ამტანები ვართ, საკუთარი ნებით გამოკეტილები მოჯადოებულ წრეში, უიმედოდ, მომავლის გარეშე. იმ ამტანებს 5 ათასი დოლარის მიღების იმედი აქვთ. შემდეგ, ბილეთი და თვითფრინავი.