“ბრექსიტი სხვა ქვეყნებისთვის ვერ იქნება პრეცენდენტი, რომ ევროკავშირი დატოვონ”
ბრექსიტი ჩიხშია მოქცეული, გადაწყვეტილება კი, ჯერ კიდევ არ არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის შეთანხმებას ევროკავშირთან პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა - შესაბამისად, ბრექსიტის შესახებ კონსენსუსი ჯერ კიდევ მიუღწეველია.
საბოლოოდ, დიდი ბრიტანეთის ბედი 12 აპრილს გადაწყდება, - ტერეზა მეიმ ევროპელ მაღალჩინოსენებს ვადის გახანგრძილვება სთხოვა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწიოს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი აპირებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს ჯერემი კორბინს შეხვდეს იმისათვის, რომ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის გეგმაზე შეთანხმდნენ. ტერეზა მეის თქმით, მის მიერ ევროპელ მაღალჩინოსნებთან მიღწეული შეთანხება, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტში არც ერთხელ მხარი არ დაუჭირეს, აქტუალური დარჩება.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხები, რაც მოსაგვარებელია და ბრექსიტის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე თვეში ვერ იქნებოდა მიღებული.
„მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას, სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული, ამასთანავე, სამართლებრივ მექანიზმებთანაც, რომელიც ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობას არეგულირებს. ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრობისას, სრულყოფილად ჯერ კიდევ არ იყო ინტეგრირებული ევროკავშირის საზოგადოებაში, რადგან ის შენგენის ხელშეკრულების წევრი არ ყოფილა.
„მიუხედავად ამისა,ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არსებობს ვაჭრობის რეჟიმი და გარკვეული ევროპული კანონდებლობა, რომელიც ეროვნულ ხასიათს ატარებს და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. ამიტომაც, გარკვეული სამართლებრივი და ეკონომიკური მექანიზმების გავლა საჭიროა იმისათვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვოს.
„უნდა განისაზღვროს ის, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობები იქნება ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპას შორის. თავდაცვისა და უსაფრთხეობის პოლიტიკას, რაც შეეხება, უსაფრთხოების საკითხებს, ბრიტანეთი აშშ-ს მოკავშირეა და საინტერესოა ევროპის მიერ განხორციელებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, იგი რამდენად იქნება ინტეგრირებული.
„გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი გააჩნია, - იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტს.
"ყველა ეს საკითხი განმსაზღვრელია და ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვის საქმე არ არის იმისათვის, რომ გაირკვეს როგორი სავაჭრო ურთიერთობები ექნება ბრიტანეთს ევროპის სხვა ქვეყნებთან. ბევრი საკითხია გასავლელი და ამიტომაც, ბრიტანეთი ჯერჯერობით თავს იკავებს, რომ ევროკავშირი დატოვოს," - აღნიშნავს ჩიტაძე.
უკმაყოფილებას, შეთანხმების მიუღწევლობის შესახებ, ფრანგული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
„ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ევროპული კავშირის და საერთო ბაზრის კარგი ფუნქციონირება. ევროპული კავშირი ხანგრძლივად ვერ იქნება დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მძევალი," - განაცხადა მაკრონმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ბრექსიტი ვერ გახდება პრეცენდენტი იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის მაგალითს ევროკავშირის სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც მიბაძონ და სურვილი გაუჩნდეთ იმისა, რომ ევროკავშირი დატოვონ. მისი თქმით, პატარა ქვეყნები ევროკავშირისგან მეტ ფინანსურ სარგებელს იღებენ და მათ ინტერესს ევროკავშირის დატოვება არ წარმოადგენს.
ხოლო, რაც შეეხება, შედარებით დიდ ქვეყნებს, ჩიტაძის თქმით, ისინი ევროკავშირში ლიდერი სახელმწიფოების ფუნქციას ითავსებენ, შესაბამისად, არც მათ გაუჩნდებათ სურვილი დატოვონ ევროკავშირი.
„მიუხედავად იმისა, ბრიტანეთის მოსახლეობამ გადაწყვიტა ევროკავშირი დატოვოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში ნიჰილისტური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ გაიზრდება.
"ბრექსიტი სხვა ქვეყნებისთვის ვერ იქნება პრეცენდენტი იმისათვის, რომ ევროკავშირის რიგები დანარჩენმა ქვეყნებმაც დატოვონ, რადგან სხვა სახელმწიფოები გაცილებით უფრო მეტად არიან ინტერგირებულნი ევროკავშირში.
„ევროკავშირის 20 ქვეყანა ევროზონის წევრი გახლავთ და ასევე შენგენის ზონის ხელშეკრულების წევრები არიან. სხვა ქვეყნებში სურვილი იმასა, რომ მათ ევროკავშირი დატოვონ, არ გაჩნდება, რადგან ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები, როგორიც არის: საფრანგეთი, იტალია, გადამწყვეტ როლს თამაშობენ, - ლიდერის ფუნქციებს ითავსებენ ევროკავშირში, რაც შემდეგში გამოიხატება; ევროპარლამენტში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კვოტებია განსაზღვრული.
„რაც შეეხება, პატარა სახელმწიფოებს, ისინი ამ შემთხვევაში ევროკავშირიდან უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ამიტომაც მათ არ გააჩნიათ დაინტერესება, ევროკავშირი დატოვონ. ბრექსიტი პრეცენდენტად სხვა ქვეყნებისთვის ვერ გამოდგება; ევროსკეპტიკოსების რიცხვი კი, მომავალში ვერ გაიზრდება იმის გამო, რომ ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.