რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს ორი მამაკაცი, რომლებმაც პატიმრობაში 43 წელი სრულიად უდანაშაულოდ გაატარეს. ბიძასა და ძმისშვილს 1976 წლის გაზაფხულზე მომხდარ მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. საქმის გადასინჯვა 2017 წელს დაიწყო და უდანაშაულო პატიმრებმა ციხე მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ დატოვეს...
დავინტერესდით, რა ხდება ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში პატიმრების განაჩენების ხელახლა გადასინჯვისა და გამართლების კუთხით. AMBEBI.GE-ს მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შესულია 3 108 საჩივარი, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 24 საქმეზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, 2014 წლიდან უწყებამ განიხილა 1806 სააპელაციო საჩივარი, მათგან 61 მსჯავრდებული ცნო უდანაშაულოდ, ხოლო 22 მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე გამოტანილ იქნა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების ქართულ მაგალითებზე საუბრისას, პირველ რიგში გია გვიჩიანის საქმე გვახსენდება, რომელიც უპრეცედენტოა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში - უვადო პატიმრები სასამართლოს დაბაზიდან ერთადერთხელ, მხოლოდ ამ შემთხვევის დროს გათავისუფლდნენ.
გიორგი გვიჩიანის საქმე
დაპატიმრების დროს გვიჩიანი 35 წლის იყო, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ნიკა ჩემია - 32 წლის. მათ 2006 წლის აგვისტოში "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის - ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გახმაურებული დანაშაული თბილისში, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ლომინაძე ბახტრიონზე, საკუთარ ბინაში ხელებშეკრული, ერთი ტყვიით მოკლული ნახეს. შსს-ს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა (სოდ), რომელსაც მაშინ ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, ნიკა ჩემია და მისი ორი მეგობარი - გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხელკელაძე 2005 წლის დეკემბერში დააკავა, ხოლო გია გვიჩიანი - 2006 წლის 7 მარტს.
მათ წინააღმდეგ ჩვენება ე.წ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ნოდარ გვიჩიანმა მისცა, რომელიც სოდ-მა 2005 წლის 10 ნოემბერს ნარკოვაჭრობის ფაქტზე აიყვანა და მას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ნოდარ გვიჩიანის ჩვენების მიხედვით, „გია გვიჩიანმა, რომელიც 2002 წელს, ნიკა ლომინაძის მოადგილედ მუშაობდა, "ეი-ი-ეს თელასში" ფინანსური მაქინაციების დაფარვის გამო, ლომინაძის მკვლელობა 20 ათასს დოლარად დაუკვეთა, მკვლელობა კი ჩემიამ, ხელკელაძემ და პაპაჩაშვილმა აღასრულეს“. პაპაჩაშვილი პროკურატურას გაურიგდა და „დანაშაულის აღიარების“ სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა; ხერკელაძემ 8 წელი მიიღო და ციხეში გარდაიცვალა, გვიჩიანს და ჩემიას დანაშაული არ უღიარებიათ.
მათ უვადო პატიმრობა შეეფარდათ, რომელიც 2014 წელს, 15-წლიანი სასჯელით შეუცვალეს. 2017 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა, პროკურატურის ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 46 წლის გვიჩიანი და 43 წლის ჩემია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა.
ყოფილი პატიმარი გია გვიჩიანი AMBEBI.GE-სთან პატიმრობას და გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ემოციებს იხსენებს:
"წარმოიდგინეთ, რა განცდა შეიძლება იყოს, როდესაც უდანაშაულო ადამიანს მკვლელად აცხადებენ, სასჯელის უმაღლეს ზომას, სამუდამო პატიმრობას უფარდებენ და საკანში სვამენ ამ ქვეყნის ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან, მკვლელებთან ერთად! 11 წელი ვიყავი ციხეში, აქედან ოთხი წელი გავატარე სასმუდამო პატიმრებთან ერთად და ექვსი წელი სამარტოო საკანში და ეს ყველაფერი საააკაშვილის დროს ხდებოდა, იმ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმის დროს.
დაპატიმრებიდან მალევე, სააკაშვილის რეჟიმი ამზადებდა ჩემს მკვლელობას ციხეში. მათ გადამიყვანეს სხვა საკანში, სადაც ორი კვირით ადრე ჩამომხრჩვალი პატიმარი ჰყავდათ ნანახი და უნდოდათ იგივეს მოწყობა ჩემზეც... მომიგზავნეს ვითომ ფსიქოლოგი, ის მესტუმრა ღამე და მითხრა, რომ იყო ციხის ადმინისტრაციის უფროსი და თან ფსიქოლოგიც და ყველა საღამოს მესტუმრებოდა საკანში. ჩემი აზრით, მას ჰქონდა დავალებული ჩემი ლიკვიდაცია და ჩამოხრჩობის სცენის გათამაშება. მე მალევე გავაკეთე განცხადება, რომ თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებდი და თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ეს იქნებოდა ვანო მერბიშვილის ნახელავი. ამან გადამარჩინა.
რაც შეეხება ციხიდან გამოსვლის შემდეგ პერიოდს, არ გამჭირვებია რესოციალიზაცია, მეგობრები და ნათესავები დამიდგნენ გვერდში. კომპენსაციის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაღაურების მოთხოვნით 2017 წლის ივნისში მივმართე საქალაქო სასამართლოს, მოვითხოვე კონკრეტული თანხა და განაცდური ხელფასი მთელი ამ წლების განმავლობაში. საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა ხელფასის განაცდურზე და გაცილებით ნაკლები თანხა შემომთავაზა, მეც და პროკურატურამაც გავასაჩივრეთ სააპელაციოში ეს გადაწყვეტილება. სააპელაციომ ძალაში დატოვა ეს განაჩენი და ახლა დავა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში" - გვითხრა გვიჩიანმა, რომელიც პატიმრობის წლებისთვის სახელმწიფოსგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
ფოტორეპორტიორების საქმე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს უდანაშაულოდ ცნო ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე; ირაკლი და ნათია გედენიძეები. გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
ფოტორეპორტიორები 2011 წლის ივლისში დააკავეს. არც ერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლის შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში, მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ ცნო, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტოგრაფების მიმართ წინა ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენმა მსჯავრდებულმა მოითხოვა სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და როგორ დაკმაყოფილდა მათი საჩივრები. აღმოჩნდა, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, იშვიათად მიმართავენ საასამართლოს.
მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით შესულია 9 სააპელაციო საჩივარი, რომელთაგან 2 დაკმაყოფილდა, სამი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2 არ დაკმაყოფილდა, 2 დატოვებულ იქნა განუხილველად. ეს მაშინ, როდესაც ამ პერიოდში იმავე სააპელაციო სასამართლომ გაამართლა 61 მსჯავრდებული.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მათ მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირთა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, ინფორმაციას არ აღრიცხავენ.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების კუთხით სახელმწიფო განსაკუთრებული აქტივობებით არ გამოირჩევა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან საქართველოში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება. პროგრამის სპეციალისტები ყოფილ პატიმრებთან 2 წლის განმავლობაში მუშაობენ.
რაც შეეხება დემოკრატიულად შემდგარი ქვეყნების მაგალითებს, ასეთი ერთეული შემთხვევებია და მაშინაც სახელმწიფო კომპენსაციის, მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ყველაფერს აკეთებს.
კარგად ცნობილი შემთხვევა, როცა ამერიკელი ხუან რივიერა 20-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 1992 წელს მომხდარ 11 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედებოდა ბრალი და მოსამართლისა და პროკურატურის შეცდომის გამო, ციხეში 20 წელი გაატარა. რივერა 2015 წელს უდანაშაულოდ ცნეს და კომპენსაციის სახით 20 მილიონი დოლარი გადაუხადეს.