ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც 2011 წელს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლესთან, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან გამართულ დიალოგს იხსენებს.
“2011 წელი. ნაშუადღევს მობილურის ზარი გაისმა.
– გამარჯობა, ბატონი ბონდო ბრძანდებით?
– გამარჯობა. დიახ.
– თქვენ თქვით ტელევიზიით, რომ ზვიად გამსახურდიას ნაშრომები უცხო ენებზე უნდა გამოიცეს?
– დიახ. ვინ ბრძანდებით?
– მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვარ.
– დიახ, ქალბატონო მანანა, ნამდვილად ასე ვთქვი.
– რატომ თქვით?
– იმიტომ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ ის კი არ უნდა იცოდეს, რომ დევნილობაში დაიღუპა, მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვყავდა მოაზროვნე პრეზიდენტი. ახლა კი საზღვარგარეთ და ჩვენთანაც, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, მხოლოდ ის იციან, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს. მისი ნაშრომების რამდენიმე უცხო ენაზე გამოცემით მსოფლიოს გავაგებინებთ, როგორი ერუდიციით და აზროვნების მასშტაბურობით გამოირჩეოდა პირველი პრეზიდენტი.
– ვინ უნდა გამოსცეს ზვიადის შრომები?
– თქვენ უნდა გამოსცეთ, ქალბატონო მანანა, საავტორო უფლებები ოჯახს გაქვთ. სახელმწიფომ კი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს.
– ესე იგი, თქვენ არ აპირებთ გამოცემას?
– არა, ქალბატონო მანანა, მე როგორ უნდა გამოვცე?!
– კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ.
ახლა უკვე თქვენც იცით, ამ დიალოგის შესახებ.
მაშინაც, ამ საუბრამდეც და შემდგომაც, ტელეგადაცემებში, რამდენჯერმე საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ზვიად გამსახურდიას სახელის ირგვლივ ჩამოფარებული ეს “დამხობილის ფარდა” უნდა გადაგვეწია და პირველი პრეზიდენტის ერუდიცია წინა პლანზე წამოგვეწია. მსოფლიოს წინაშე თავს დამხობით ვერ მოვიწონებთ, ინტელექტუალი პრეზიდენტი კი ბევრ სახელმწიფოს არ ჰყავდა და ჰყავს. ჩვენ გვყავდა და ამით უნდა ვიამაყოთ კიდეც. ოღონდ ჯერ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რატომ გვეამაყება.
ხელისუფლებას მართლაც მართებს ამ მხრივ ფიქრი. პირველი პრეზიდენტის შრომები რამდენიმე ენაზე უნდა გამოიცეს. მსოფლიოს უნდა გავაცნოთ ზვიად გამსახურდია, როგორც მოაზროვნე პრეზიდენტი და არა როგორც პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოდან განდევნეს და მოკლეს.
სურათზე: ზვიად გამსახურდია, მანანა არჩვაძე-გამსახურდია და რიჩარდ ნიქსონი.
თბილისი, 1991 წლის მაისი.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.