საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთობლივი სარჩელი, რომელიც დაზარალებულისთვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება.
28 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს არგუმენტები და საკუთარი პოზიციები, ამის შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთვის გავიდა.
გამსახურდიებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და ამდენი წლის შემდეგ მათ საქმის მასალების სრულყოფილი გაცნობის საშუალება მიეცემათ. პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია „რეზონანსთან“ იმასაც არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგშიც წავიდეს.
საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს ზვიად გამსახურდიას საქმეს, რომელიც 2015 წელს განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.
გამსახურიდიების ოჯახის ადვოკატი გიორგი გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 28 მარტს საკონსტიტუციო სასამართლო გაიმართა და მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად არიან გასული. ადვოკატი აცხადებს, რომ ოაჯხის პრობლემა, რის გამოც მათ საკონსტიტუციო სასამართლსო მიმართეს, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულების უფლებებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული წინაღობები არსებობს და დაზარალებულს საქმის მასალების ასლების მიღების საშუალება არ აქვს. გამსახურდიას ოჯახის წევრებს შეზღუდული დრო აქვთ იმისთვის, რომ მასალებს კრგად გაეცნონ. მათ შეუძლიათ პროკურატურაში მივიდნენ, საქმეს ჩახედონ, მაგრამ მასალების უწყებიდან წამოღების უფლება და შემდგომ მისი ჯეროვნად გაცნობის საშულება არა აქვთ.
„ჩვენ პროკურატურის მხრიდან 28 მარტს სასამართლოზე ვერანაირი ჯეროვანი არგუმენტი ვერ მივიღეთ, თუ დაზარალებულს საქმის მასალების წაკითხვის უფლება ეძლევა, მისი ასლის გადაღების საშუალება რატომ აღარ აქვს. რა საგამოძიებო ინტერესი არსებობს იმისა, რომ არ მისცე მასალების ჯეროვნად გაცნობის საშუალება.
„ამის საწინააღმდეგო ბევრი არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს.
„რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ვადებს, ასე კონკრეტულად განსაზღვრული არ არის. ერთადერთი არის 9 თვიანი ვადა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ვადა გავიდა კიდეც, რადგანაც სასამართლოს სარჩელით გასული წლის აპრილში მივმართეთ.
„გადაწყვეტილების გამოცხადების ვადები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდიას ადვოკატი გიორგი გოცირიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველა საქმეზე იმოქმედებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაზარალებულებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი საქმის გამოძიების მასალებს დეტალურად და სრულყოფილად გაეცნონ, გადაიღონ მისი ასლები და ეს შეზღუდული უფლებები შეიცვალოს.
პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 2010 წლიდან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, დაზარალებულის უფლებები შეიკვეცა და პროკურატურამ დაზარალებულებს საქმის მასალების გადაცემის უფლება მოუსპო. მისი თქმით, ფაქტობრივად ადეიშვილმა თავის დროზე საერთოდ გააუქმა დაზარალებულის ცნებაც კი, ხოლო ამ ხელისუფლებამ ეს უპრობლემოდ გადმოიბარა.
ამის მიზეზი, ცოტნე გამსახურდიას აზრით, ისაა, რომ პროკურატურას სურდა ჰქონოდა დაზარალებულის ზურგს უკან საშუალება, რომ ნებისმიერი სამართლებლივი შედეგი დაეყენებინა და დაზარალებულის უფლებების ნაცვლად საკუთარი ინეტერსები დაეკმაყოფილებინა. ეს კი ხშირად იმით სრუდებოდა, რომ დამნაშავე ფულს იხდიდა და პროკურატურას დაზარალებულის უფლებები სულაც არ აღელვებდა.
„ამ ხელისუფლებამ ეს პრქტიკა შესანიშნავად მოირგო და დღემდე ასე გრძელდება. ჩვენს ოჯახს და ადვოკატებს არავითარი საშუალება არ გვაქვს, საქმის მასალების არათუ ასლები გადავიღოთ, არამედ სადღაც პროკურატურის პატრა სარდაფში, ზედამხედველობის ქვეშ, იძულებულები ვართ, მრავალტომიანი მასალებიდან ამონაწერები ხელით ვაკეთოთ.
„ყოველნაირ ადეკვატურ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. სტრასბურგის სასამართლო იქნება ეს თუ სხვა ორგანოები, კვალიფიციურად სარჩელის შედგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. თუკი საქმის მასალები ეძლევა ბრალდებულს, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო გამოდის, რატომ არ უნდა მისცენ დაზარალებულ მხარეს? ეს ხომ აბსურდია. რა შეიძლება გააკეთოს დაზარალებულმა ამ საქმის მასალებით ისეთი, რომ გამოძიების ინტერესები დააზარალოს - ანუ, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდეს?!“ - აცხადებს გამსახურდია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ზვიად გამსხურდიას დაღუპვის საქმის გამოძიებაში არის რიგი საკითხები, რაც გარკვეულწილად სიახლედაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა საქმეში ასევე არის პროკურატურის მიერ უხარისხოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც არ ხდება მტკიცებულებების ჯეროვნად შეფასება, შეპირისპირება, ანალიზი და ამ ყელაფერზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა.
გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცახდებასაც აფასებს და ამბობს, რომ მისი განცხადება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის არგამოძიებაზე უცნაურია. პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც მისია და საქმის გამოუძიებლობას ვის ეკითხება, გაუგებარია.
მისივე შეფასებით, ეს განცხადება ალბათ ისევ და ისევ პოლიტიკური კონტექსტიდან არის წამოწეული და თუკი მათ რაიმეს გაკეთება უნდათ, ოჯახი უარს არაფერზე ამბობს.
გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგამდეც წავიდეს და ამბობს, რომ ამას დრო აჩვენებს.