(გიგი მესვეტე)
ისე, იმის ნამდვილად აღარავის ეშინია, რომ რომელიმე უვიც ექიმთან მოუწევს მისვლა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება - თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს გრძელდება, ექიმთან მისასვლელი ფული აღარავის ექნება. სხვათა შორის, აღარც წამლების მაღალ ფასზე და დაბალ ხარისხზე იდარდებს ვინმე.
უბრალოდ, საქმე პრინციპში და სამართლიანობაშია.
ყველამ კარგად ვიცით, როგორც იქმნებოდნენ კოლეჯები და ფილიალები - ერთ მერხს იყოფს ცხრა სტუდენტი, ხოლო ამ ცხრა სტუდენტის მიერ შეგროვილ ფულს იყოფს ორი ლექტორი. უკვე 15 წელია ასე ხდება და ამ 15 წელიწადში 10-ჯერ მაინც ჩატარდა სახელმწიფო გამოცდები, შეივსო დიპლომები და უმუშევრობისკენ გზა უამრავ ადამიანს დაულოცეს.
იყო დრო, როდესაც ათას სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობით ვიწონებდით თავს. ეს ის დრო იყო, როცა ბევრ ექიმს ყოველ დიაგნოზზე ერთი პასუხი ჰქონდა - ლუმინალი. შედარებით მცოდნეები ბროწეულის ოყნებს აკეთებდნენ.
ლუმინალისა და ბროწეულის სპეციალისტებს კიდევ მრავლად გამოუშვებს სამედიცინო უნივერსიტეტი. კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, სანამ გატყდება ის ყავარი, რომელზეც ქართველებს კუდი გვაქვს გადებული და სანამ მოგვძვრება კუდი, რომელშიც ჭკუა წაგვივიდა.
„ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს“, „რძლად ექიმი მინდა“... არ არსებობს ისეთი ოჯახი, ეს რომ არ ეთქვათ.
საქმე პრინციპში და სამართლიანობაშია. იმ სტუდენტებს, პარლამენტთან მოწყობილი აქციით რომ ცდილობენ პრობლემის სათავისოდ გადაწყვეტას, პრინციპი და სამართლიანობა თავისებურად ესმით: ფული კოლეჯის დიპლომისთვის არ გადაგვიხდია, უნივერსიტეტის მესამე კურსისთვის გადავიხადეთ. თუ თქვენ ხელისუფლებაში აქციებით მოხვედით, რატომ არ შეიძლება ჩვენ აქციებით მესამე კურსზე მოვხვდეთ?
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მართლები არიან... თავისებურად. მართლები არიან ხელისუფლებასთან, მაგრამ ტყუიან კანონთან და იმ აბიტურიენტებთან, რომელთა ბებიებსაც ასევე სურთ თავიანთი შვილიშვილების „დოხტურობა“.
სამი წელი ურთულეს საგნებს ვსწავლობდითო! შეამოწმოს ვინმემ, რას სწავლობდნენ ამისთანას და რა ისწავლეს ისეთი, მშობლიური ენა, უცხო ენა და ზოგადი უნარ-ჩვევები რომ დაავიწყდათ. მოიფიქროს ვინმემ და იმაში ჩაუტარონ გამოცდები, რაც აქამდე, როგორც თვითონ ამბობენ, ისწავლეს.
ერთადერთი, რაც მათ ამ წლებში ისწავლეს არის მიტინგი, აქცია, შიმშილობა და ლოზუნგების წერა. „მიშა შენი იმედი გვაქვს“. ისიც კარგად უსწავლიათ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი კანონი კი არა, პრეზიდენტის ნებაა.
ძალიან, ძალიან დაბალი წარმოდგენის ვარ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც, უმრავლესობაზე და უმცირესობაზე, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ორივე ხელით ვეთანხმები ხოლმე. ამ ორ დღეში ორ საკითხში ორჯერ დავეთანხმე ორ მხარეს - რუსულმა ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველო, ხოლო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა უნდა დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ბიბლიოთეკებში უნდა გადაინაცვლონ.
თუ არც ერთი მოხდება და არც მეორე, ჩავთვლი, რომ პრეზიდენტს გული აუჩუყდა მომიტინგეების ტრანსპარანტის („მიშა, შენი იმედი გვაქვს“) დანახვისას და რომ პუტინმა დაურეკა სააკაშვილს და დაანამუსა: „მიშა, შენი იმედი მაქვს“.
იქ კომპრომისული ვარიანტებიც გამოჩნდა. ვიღაცამ რაღაც მოიფიქრა - მწვადს ნუ დავწვავთ, შამფური კიდევ გამოგვადგება... ის შემწვარი მწვადი ყელში რომ გაეჩხირება და იმ დაუწვავ შამფურზე რომ ააგებენ, მივიდეს მერე ასეთ ექიმთან, დააღოს პირი და თქვას „ა“.
ასეთ ექიმთან მტერი მივიდა, მაგრამ... კაცმა კიევის უნივერსიტეტი დაამთავრა, იუსტიციის მინისტრი იყო, მაინც ვერ ისწავლა კანონის პატივისცემა და ესენი ისწავლიან ჰიპოკრატეს ფიცს?
ერთმა ნაცნობმა, სხვათა შორის, კახა ლომაიას არაკეთილმოსურნემ, მითხრა, ახლა ლომაიამ უკან რომ დაიხიოს, კვერცხებს და პომიდვრებს ვესვრიო.
ნოღაიდელმა მეტი არგუმენტი ვერ გამონახა, არაპროფესიონალიზმის დამღუპველობა შეგვახსენა.
იმას რატომ არავინ ამბობს, რომ ქვეყანა კატასტროფულად განიცდის კარგი მეხინკლეების, მეხაშეების, „კაფელშიკების“ და “პარკეტჩიკების“ ნაკლებობას? ხომ ბევრი სახინკლე და სახაშე გაიხსნა? ხომ არის მშენებლობის ბუმი და ხომ ამდენი გაზეთი გამოდის და ამდენი ტელევიზია ფუნქციონირებს? რომ იცოდეთ, რა ცოტაა კარგი ჟურნალისტი...
ხინკლით მოწამლულს დილით კაფელი რომ დაგეცემა, პარკეტზე რომ წამოკრავ ფეხს, „პირველ სტერეოს“ თვალს რომ მოკრავ და ექიმს რომ მიაკითხავ, მაშინ დადგება კულმინაციური მომენტი, მაშინ უნდა დააღო პირი და თქვა „ა“!
აი, მაშინ კი ნამდვილად გამოგეხმაურება კახა ბენდუქიძე.
კარცერი - ლუქსი - აი, რა გადაარჩენს ქვეყანას.