ჭიათურელი ახალგაზრდები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს და ქვეყნის რეალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ და აღნიშნულ რაიონში შექმნილი ურთულესი ვითარებით დაინტერესებას სთხოვენ:
"მოგესალმებით ბატონო ბიძინა. მოგმართავთ ჭიათურელი ახალგაზრდების სახელით. პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რამდენიმე თვის წინ, თქვენს მიერ გაკეთებული ორი მნიშვნელოვანი განცხადება: პირველი - უნდა შეწყდეს კადრების შერჩევა მხოლოდ ერთგულების ნიშნით და უნდა მოხდეს პროფესიონალი კადრების შერჩევა და მეორე - უნდა მოხდეს ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა პოლიტიკის შექმნის პროცესში, განსაკუთრებით რეგიონებში. გეთანხმებით ბატონო ბიძინა, მაგრამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. მთელი ძალაუფლება ერთი ვიწრო ჯგუფის ხელშია და წამყვან თანამდებობებზე ადამიანები ძირითადად თანასოფლელობის, მეზობლობის, მეგობრობის, ნათესაობის და მადლიერების ნიშნით ინიშნებიან! ვფიქრობთ, რომ ჭიათურისთვის კარგი არც ერთ პარტიას მოუტანია... პირველ რიგში ამ ქალაქს ღირსეული ადამიანები ქმნიდნენ და ამაყობდნენ აქ ცხოვრებით. სამწუხაროდ, თქვენი პარტიის მიერ გამოგზავნილი, დანიშნული თუ ასარჩევად მოვლენილი პიროვნებები ვერ ართმევენ თავს ჭიათურაში მდგარ უმწვავეს პრობლემებს...
რეალურად, ჭიათურა გადასარჩენია! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური დაბინძურების მაჩვენებილი, ბოლო წლების განმავლობაში 80%-ზე მეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით; ჭიათურა ერთ-ერთი პირველია მიგრაციის მაჩვენებლით. ქალაქი იცლება ახალგაზრდებისგან; ერთ-ერთი პირველია სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სიმრავლით; ერთ-ერთი პირველია ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემებით; ჩვენ გვქონდა და აღარ გვაქვს სასამართლო; გვქონდა და აღარ გვაქვს პროკურატურა; გვქონდა და აღარ გვაქვს კინოთეატრი; გვქონდა და აღარ გვაქვს შესაფერისი საავადმყოფო; ბევრ ქალაქში გაკეთდა და ჩვენთან არ კეთდება მცირე სპორტის სასახლე, საზოგადოებრივი ცენტრი, ახალი პოლიციის შენობა; ავარიულ მდგომარეობაშია კულტურის ცენტრი; ავარიულ მდგომარეობაშია სტადიონი; შემოწმების შემთხვევაში დადგინდება, რომ ავარიულ მდგომარეობაში ჭიათურაში მდებარე სხვა მრავალი შენობა... ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჭიათურიდან გატანილი მანგანუმის მადნისგან მიღებული შემოსავალი, მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% შეადგენს.
ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი აწარმოებს 500 მილიონი ლარის პროდუქციას, ხოლო ჭიათურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით, 12 მილიონი ლარია. დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტი და მანგანუმის მრეწველობა პრაქტიკულად ფეოდალურ-მაფიოზური მართვის სისტემით იმართება! სახელმწიფოს მიერ ერთ კომპანიაზე გაცემული ერთი ლიცენზიით სარგებლობს 50-ზე მეტი მცირე კომპანია. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში რეგულაციების და ეფექტური კონტროლის გარეშე, მოძრაობენ მანგანუმით დატვირთული, შეუსაბამოდ მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები. მანგანუმის მადნის 2/3-ზე მეტი უკვე ღია კარიერული წესით მოიპოვება, რასაც კატასტროფამდე მიჰყავს მუნიციპალიტეტის ეკოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა. სწორედ ეს გარემოებები დაადასტურა რამდენიმე კვირის წინ გარემოს დაცვის მინისტრმაც, თუმცა "დამდასტურებლები" ჩვენ აქამდეც ბევრი გვინახავს. ბოლო წლებში სახელმწიფომ კერძო კომპანიას ასობით მილიონი ლარი დააკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო და შემდეგ "აპატია"... აპატია არა მხოლოდ მილიონები, არამედ ჭიათურლების საცხოვრებელი გარემოს, ჰაერის, წყლის, საკვები პროდუქტის, ჯანმრთელობის დაზიანება! მანგანუმის მოპოვების ასეთმა ფორმებმა "მაღაროელი" და "მუშა" პრაქტიკულად სინონიმებად აქცია. მადნის მოპოვების ამ მეთოდებს აღარ სჭირდება მაღაროელები - სამთოელები, ინჟინრები, გეოლოგები... ტექნიკური ინტელიგენცია, რომლის გარეშეც ჭიათურის იდეა აღარ იარსებებს! რატომ გწერთ თქვენ... წინა ხელისუფლება მოვიდა და წავიდა. თქვენც მოხვედით და წახვალთ.
საკმაოდ ოსტატურად გადაიბარეთ და კიდევ უფრო დახვეწეთ ის მეთოდები, რითაც ეს ქალაქი იფიტება და ქრება. იქნებ ისე გააკეთოთ, რომ თქვენი ხელისუფლების ბოლო წლებში მაინც შეცვალოთ მემკვიდრეობა, რათა მომავალ ხელისუფლებას მაინც არ მიეცეს "ჭიათურის ტოტალური ჭამის" გაგრძელების საშუალება. 2019 წლის თებერვალში ორმოცამდე ჭიათურელმა ახალგაზრდამ დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა". ჩვენი გაცხადებული მიზანია ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენმა მოძრაობამ უნდობლობა გამოუცხადა პარტიების მიერ წარსადგენ კანდიდატებს და ვაპირებთ, რომ მაისის თვეში დაგეგმილ მერის შუალედურ არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს. პარტიებს მოვუწოდეთ, რომ არ დააყენონ პარტიული კანდიდატი, აქტიურად ჩაგვრთონ ახალგაზრდები პოლიტიკურ კონსულტაციებში და საზოგადოებასთან ერთად შევარჩიოთ მერობის დამოუკიდებელი, სახალხო კანდიდატი. სხვათა შორის, 2016 წლიდან დაწყებული ჭიათურის მოსახლეობა რიგით მეოთხე მერს "ირჩევს".
"ქართულმა ოცნებამ" 25 მარტს, ჭიათურაში მერობის საკუთარი კანდიდატის დასახელებით, საბოლოოდ თქვა უარი ჩვენს შეთავაზებაზე. თქვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი, სამწუხაროდ რეალურად ვერ შეცვლის ჭიათურის იმ მდგომარეობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მერობის შემთხვევაში ის უბრალოდ და მარტივად, გახდება ჭიათურის ზემოაღნიშნული ფეოდალურ-მაფიოზური მმართველობის რიგითი ჭანჭიკი. შესაძლოა ეს ბევრს აწყობს, მაგრამ არა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი ქალაქის ძალიან ბუნდოვან პერსპექტივას. იმის გამო, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის მიმართ უკვე რამდენიმე კვირაა, ადგილობრივმა "ხელისუფლებამ" დაიწყო ბრძოლა იმ საზიზღარი მეთოდებით, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლებასთან ერთად რომ ჩაბარდა წარსულს. ბოლოს, გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად ბოლომდე და მთელი ენერგიით ვიბრძოლებთ ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ჩვენი მშობლიური ქალაქის გადასარჩენად. ჩვენ იმისთვისთვისაც ვიბრძოლებთ, რითაც ეს ღია წერილი დავიწყეთ, რომ თქვენი დანაპირები, ჩვენ მაინც შევასრულოთ ჭიათურაში. საჯარო სამსახურში კადრები ინიშნებოდნენ პირველ რიგში, პროფესიონალიზმის ნიშნით და რეგიონებში ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ პოლიტიკის შექმნის პროცესში...". პატივისცემით, ნოდარ ჩაჩანიძე - საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" თავმჯდომარე
av