სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში - დოკუმენტში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოში „აეშის" მხარდამჭერების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ასევე ნათქვამია, რომ 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით:
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. 2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.
2018 წელს საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" („დაეში") და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.
საანგარიშო პერიოდში „დაეში" მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის" პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. „დაეში" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას.
2018 წელს „ალ-ქაიდა" და „თალიბანი" კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას.
„ალ-ქაიდა" აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. „თალიბანი" განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში მცხოვრებ „დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა.
ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი. წარსულში „დაეშის"იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის" იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს" იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.
აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
საყურადღებოა, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.
საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები", - ნათქვამია ანგარიშში.