"მათ კი აღარ დაველაპარაკები ამის შემდეგ, ახლა პირდაპირ ივანიშვილს დაველაპარაკები..."
ცეცხლი გახსნილია - ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ ის მის "კაცუნებს", ე.წ. კობახიძის ჯგუფს არ გააჩუმებს, მაშინ თავად ალაპარაკდება.
"რეზონანსთან" ანალიტიკოსები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ბესელიას ორი გამოსავალი ჰქონდა - ან პოლიტიკიდან უნდა წასულიყო, ან ივანიშვილის კრიტიკა უნდა დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ პოლიტიკურ გვამად იქცეოდა. როგორც ჩანს, ბესელიას პოლიტიკიდან წასვლა აზრადაც არ მოსვლია და მან პოლიტიკური ბრძოლის ახალი, უფრო მძიმე ტაქტიკა აირჩია.
"ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიაზე განაცხადა, რომ მას დახმარება სჭირდება, რასაც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ბესელიას თქმით, სანამ ირაკლი კობახიძე პარლამენტს გადაწვავს, სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს.
ბესელია "ტვ პირველთან" პირდაპირ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილმა ამ "ვირთხების" გაშვებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისივე განცხადებით, ის "ვოლსკებს, ზარდიაშვილებსა და კობახიძეებს" აღარ დაელაპარაკება და ისინი საერთოდ აღარ აინტერესებს.
დეპუტატი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს შეეშალა და შემთხვევით "ვოტსაპით" მის ნომერზე ტექსტი გაგზავნა, სადაც "ოცნების" დეპუტატებისათვის დირექტივები იყო, თუ ის როგორ გაელანძღათ.
"მე მათზე პასუხს ვეღარ ვაგებ, მათზე პასუხი ბიძინა ივანიშვილმა აგოს. იქნებ როგორმე მართლაც უშველოს. ეს მართლა არაკაცები, დილიდან დამწკრივდნენ და ამ დარიგებულ მესიჯებს ახმოვანებენ. ზუსტად იმას ამბობენ, რაც შემთხვევით მდინარაძეს ჩემთან გამოეგზავნა.
"პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილმა აიღოს. მათ კი აღარ დავაელაპარაკები ამის შემდეგ, ახლა პირდაპირ ივანიშვილს დაველაპარაკები. ადრე ვერც კი ბედავდნენ, რომ ჩემთვის თვალი თვალში გაეყარათ. ახლა რა ჰგონიათ, რომ გამბედაობა აქვთ?!
"მე ვთქვი, რომ არ ვიქნები თავდამსხმელი ამ პარტიის. ახლა ვარკვევ, საიდან მოდის ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ასე მოამზადეს მესიჯები და აგზავნიან, ეს სიბინძურეებიც ასე მზადდება. "ოცნების" პარტია ამით არის დაკავებული.
"ამ პარტიაში 7 წელი ჩავდე და როდესაც მის დამფუძნებელს ასე ექცევი, ეს არის კრახი, დაცემა და მარცხი. რად უნდა ახლა ამას 2020 წლის არჩევნები?! ესენი არიან ზღვარწაშლილი ადამიანები, რომლებიც "ნაციონალებიდან" მოდიან.
"ის საწყალი ბიჭი, რომელიც ივანიშვილმა ბოდიშის მოსახდელად შეშინებული თვალებით მოიყვანა, ახლა კამერებთან მედიდურად ლაპარაკობს ჩემზე, რომ ძალაუფლება დავკარგე. ძალაუფლება და კაბინეტები ისე აერიათ, როგორც წითელ და მწვანე ღილაკებს ვეღარ არჩევენ", - აცხადებს ბესელია.
მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მესიჯი შეცდომით გაუგზავნა, სადაც საუბარი ნამდვილად მის შესახებ იყო, თუმცა ეს ლანძღვა არ იყო და იყო პოზიცია, რომელიც ბესელიას მიმართ პარტიას ჰქონდა.
"ნინო წილოსანმა მითხრა - რა ხდება ბესელიას თემაზე, რა პოზიციაოო და მეც დავაკოპირე და შემთხვევით "ვოტსაპში" ბესელიას გადავუგზავნე. ეს იყო დღევანდელი განცხადებების კრებული და იქ ერთი სიტყვა ლანძღვა არ იყო.
"გეტყვით ტექსტს, იქ ვწერდი, რომ ბესელიას არ უნდა მივცეთ საფუძველი და საშუალება, რომ ტალახი ვასროლინოთ, რადგანაც ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს. ასეთი რამ ყველას ხშირად მოგვსვლია.
"ბესელია გადავიდა ოპოზიციაში და მას ნებისმიერი სახის კრიტიკა შეუძლია, განახორციელოს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფების მიყენება ყველა ზღვარს სცდება. არ შევყვები ამ ტყუილების ახსნაში. წარმოუდგენელი ამბავია და მას ცილისწამებაში ვერ წავყვები.
"როდესაც, ნებსით თუ უნებლიეთ, "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაში ჯდები, მაშინ რა გამოდიხარ? მათთან ერთად როდესაც ტანდემში სატელევიზიო გადაცემებს აკეთებს და სიუჟეტის წყარო ის არის, ასეთ შემთხვევაში რა უნდა იფიქრო?
"რაც არ უნდა დამაბრალოს და გამლანძღოს, მე ვიღაცას ტყუილს ვერ დავაბრალებ და კაცუნების ძახილით ვერ ვილაპარაკებ. გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ გუნდში ვიყავით და ახლა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს. ბესელია ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე იყოს და ომი ჩვენ გამოგვიცხადა. სამიზნე თუ ივანიშვილია, ეს ზუსტად "ნაციონალების" 7-წლიანი ბრძოლის მეთოდია. მათი ყოველდიური მესიჯები ეს არის", - აცხადებს მდინარაძე.
"ოცნების" ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ე.წ. კობახიძის გუნდის უკან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დგას. მისი განცხადებით, ივანიშვილს შეუძლია, რომ მათ ქმედებები და განცხადებები ან მოუწონოს ან კიდევ დაუწუნოს. ფაქტია, როდესაც ისინი ამ თავდასხმებს აგრძელებენ, მათ ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.
ფოფხაძე ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც მან ნინია კაკაბაძის გამო პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა, ის ივანიშვილმა თავისთან დაიბარა და უთხრა, რომ კობახიძე მას პარტიიდან ექვსი წევრის გარიცხვას სთხოვს, რათა "ოცნებაში" სიტუაცია დაალაგოს. მაშინ ეს ადამიანები იყვნენ გედევან ფოფხაძე, რომან კაკულია, ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.
დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ ივანიშვილი მას დაჰპირდა, რომ ის მედიატორის როლს შეასრულებდა ამ დაპირისპირებულ სიტუაციაში და მდგომარეობას განმუხტავდა, თუმცა ასე არ მოხდა.
"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების თემაზე დისკუსიაში შემოსვლა პირადად დაიწყო, მაშინ უკვე მივხვდით, რომ ის მხარე იყო. ის ჩვენ დაგვპირდა, როდესაც უკან პოლიტიკაში დაბრუნდა, რომ მედიატორის როლს შეასრულებდა და ამ დაძაბულ სიტუაციას განმუხტავდა, თუმცა მხარე აღმოჩნდა.
"კობახიძე პარტიაში სიტუაციის დასალაგებლად 6 ადამიანის გარიცხვას სთხოვდა და ეს პირადად ივანიშვილმა მითხრა. კობახიძისა და მისი მეგობრების უკან რომ ის დგას, ამას რა მიხვედრა უნდა?! მას ერთი სიტყვით შეუძლია, რომ ისინი გააჩუმოს, თუმცა ამას არ აკეთებს და ისინიც ჩვენი მისამართით თავდასხმებს აგრძელებენ.
"აქამდე გვეგონა, რომ ეს სიტუაცია გაჩერდებოდა და დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ, ფაქტია, ძალიან თავშეკავებულად ვიქცევით და ასე პირდაპირ თავდასხმაზე არ გადავდივართ, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. იმის ნაცვლად, რომ საგნობრივი დისკუსია დავიწყოთ, "ნაციონალების" იარლიყს გვაკრავენ. ამ უაზრო დისკუსიაში შესვლაც აღარ მინდა. უბრალოდ, სხვა სათქმელიც აღარ აქვთ", - აცხადებს გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
იგი არ გამორიცხავს, რომ "ოცნება" სხვა დეპუტატებმაც დატოვონ და პარტიის შიგნით დაპირისპირების ახალ ტალღას ელის. მისი აზრით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ფოფხაძე ამბობს, რომ მაქსიმუმ ერთ წელში გამოჩნდება, ვინ მედროვეა, კაბინეტების გამო ვინ ჩერდება და ქვეყნისათვის ნამდვილად ვინ იბრძოდა.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გაფრთხილება ივანიშვილის მისამართით არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა. მისი აზრით, შეტევის ობიექტი საბოლოო ჯამში ეკა ბესელია აღმოჩნდა. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა, რომ ეს საკითხი და დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებთან ივანიშვილისაგან გაემიჯნა და პასუხისმგებლობა მხოლოდ საპარლამენტო ჯგუფისათვის დაეკისრებინა, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.
"ივანიშვილმა შანსი არ გამოიყენა, რომ ბესელია მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას უშუალოდ მას არ აკისრებდა. ამიტომაც დღეს უკვე მან სათანადო და ადეკვატური პასუხი მიიღო.
"ის, რომ ბესელია ვიღაცას უტევს, სწორი არ მგონია. მე რასაც თვალს ვადევნებ, უფრო მგონია, რომ მას უტევენ და გამუდმებით თავს ესხმიან. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა. აბა, რომ გიტევენ, შენ რა უნდა ქნა? შენც უნდა შეუტიო. ბესელიაც ადეკვატურად იქცევა.
"აქ ახლა ვის რა აწყობს და ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ამაზე საუბარი უკვე აღარ არის. ღია ზღვაშია ყველა გასული. ივანიშვილმა ბაბილონი ააშენა, რომელიც მანკიერია, გაუგებარი და მართვის კუთხით უცნაური კონსტრუქციისა. ის ახლა ნგრევის პროცესშია და ამ ყველაფრის ნაწილია ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ.
"ვიღაცამ დაიწყო უკვე ღიად საუბარი, რომ ამ კონსტრუქციის ავტორი მაინცდამაინც კვალიფიციური არ ყოფილა. ზოგი ჯერ არ ამბობს და ხვალ იტყვის, ზოგიც ბოლომდე ჩაყვება", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".
მისივე თქმით, იქნება თუ არა ეს ყველაფერი ბესელიასთვის მომგებიანი და რას მოუტანს მას 2020 წლის არჩევნებისთვის, რთული სათქმელია. ხუხაშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით მისი ელექტორატული მხადამჭერთა რიცხვი გაზომვადი არ არის და ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია იმაში, რომ ამით ყველაზე დიდ ზიანს ივანიშვილი მიიღებს.
"რა მნიშვნელობა აქვს, რომ კობახიძის კაბინეტს "პარლამენტის თავმჯდომარე" აწერია. პარლამენტის უმრავლესობას ის ეჯავრება და არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ის და მისი ხუთი მეგობარია სულ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და ივანიშვილის ზურგით სარგებლობს. მას ხომ თავისი არაფერი არ გააჩნია. ის სისტემურად არასდროს არ დაბადებულა და რაც არ ყოფილა, ის როგორ შეიძლება, დამთავრდეს?!
"ვფიქრობ, რომ თავად ივანიშვილი სერიოზულ კრიზისშია და გარკვეულწილად პოლიტიკურ დეპრესიაში იმყოფება. ის პროცესებს სწორად და ადეკვატურად ვერ აფასებს, ამიტომ მგონია, რომ მას რაღაც სწორი და მწყობრი გეგმა არ აქვს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".