(გიგი მესვეტე)
პროფტექნიკუმის მესამეკურსელმა, დათო ერქვა და გვარი არ მახსოვს, პირველი სკოლის წინ, ილიას და აკაკის ძეგლთან, კიბეებზე ცხვირსახოცი გაფინა, დაჯდა, „ადიალა“ მოიხურა, შიმშილობა გამოაცხადა და მოთხოვნა წამოაყენა: „შეწყდეს დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის“. ფოტო “ახალგაზრდა კომუნისტის“ პირველ გვერდზე დაიბეჭდა. დათოს მეტი საქმე არ ჰქონდა, „ახალგაზრდა კომუნისტს“ - მეტი მასალა. 1990 წელი იყო, საქმეს და მასალას რა გამოლევდა, მაგრამ უსაქმურების ამბავი ხომ იცით?!
და თქვენ ფიქრობთ, რომ ესენი არიან საქმიანები? კობა ბექაური ქართული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მარგალიტია, ბიძინა ბრეგაძის შიშით ქართველი კრიმინალები ესპანეთსა და ავსტრიაში გაიქცნენ, დავით ნამგალაური ქართული სპორტის სადარაჯოზე დგას, დავით კირკიტაძე კი ყველაფერია - დეპუტატი, სპორტსმენი, ლეიტენანტი, გმირი, ნაციონალი, ინტერნაციონალი...
ამ ოთხეულს ბევრი საქმე აქვს, მაგრამ საქმე მგელი არ არის, ტყეში რომ გაიქცეს. საქმე გაიქცა ამერიკაში და ბიჭებიც გაყვნენ.მეხუთეს, კეზერაშვილს, აქ ჰქონდა საქმე, „ნიკალაში“ და დარჩა.
ახლახანს „ინტერპრესის“ ნიუსი წავიკითხე და თვალებს არ დავუჯერე:
ქართველი რეზერვისტები სტაჟირებას ამერიკაში გაივლიან.
ქართველ რეზერვისტთა ოთხკაციანი ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პარლამენტარები კობა ბექაური, დავით კირკიტაძე, ბიძინა ბრეგაძე და დავით ნამგალაური კვალიფიკაციას ამერიკაში აიმაღლებენ.
„მივემგზავრებით ერთკვირიანი ვიზიტით, რათა ადგილზე შევისწავლოთ ჩვენი ამერიკელი კოლეგების მუშაობის სტრუქტურა, მაქსიმალურად შევეცდებით, რაც აქვთ კარგი, დავნერგოთ ჩვენთანაც...“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა, დავით კირკიტაძემ.
მაქსიმალურად შეეცდებიან! ამერიკაში ჰყავთ კოლეგები! აინტერესებთ სტრუქტურა! აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
ჯერ ერთი, კვალიფიკაცია რომ აიმაღლო, ამისთვის იგი უნდა გქონდეს, ისევე, როგორც, სანამ სასამართლოში ღირსების შელახვაზე იჩივლებდე, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსება გაქვს. მეორეც - სტრუქტურის შესწავლა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება და მესამე - კობა ბექაური ერთ კვირაში რამეს რომ ისწავლის... სამი კვირა ოსიაურში ჯინოს დომინოს ეთამაშებოდა.
„ადგილზე“ - აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ბიჭებს ამერიკაში მოუნდათ. კეზერაშვილსაც უნდოდა, მაგრამ თბილისში საქმე ჰქონდა - „ნიკალა“.
პრეზიდენტსაც უნდოდა, მაგრამ გადადო - მომავალი პატრიოტები, მეგრული სიმღერები, გურული კუპატები, იმერული ხაჭაპურები, უკრაინული შჩი... თბილისური ჭორები. პრემიერი დუშელებს მეტალოპლასტმასის კარ -ფანჯრებს და გერმანულ ფარდა - ჟალუზებს დაპირდა, შემდეგ კი, ჟურნალისტების თვალს მიფარებულმა ადგილობრივ ხელისუფლებას შაბათობების მოწყობა დაავალა.
თუ პრეზიდენტის საქმე კიევში გარბის, კირკიტაძის, ბექაურის, ბრეგაძის და ნამგალაურის საქმე აუცილებლად ამერიკაში გაიქცევა. კეზერაშვილი დაიჩაგრა. მისი საქმე „ნიკალაში“ იყო გაქცეული. ავტომატიანები დაადევნა, კამუფლირებული ნიღბიანები. ნოღაიდელს საქმე მხოლოდ შაბათობით აქვს.
აწყობილი აქვთ ცხოვრება!
ჯარისკაცი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რეზერვისტმა თავი მოიკლა, უმუშევარი რიონში გადახტა... ასეთ ამბებს ყოველ დღე ვიგებთ. გადმოსცემენ ტელევიზიები, წერს პრესა. აფხაზეთის ომის გმირი, გია ქარუმიძე ჩუმად წავიდა, გია ყარყარაშვილს მკურნალობის ფული არ აქვს. ხელისუფლება ღირსებაზე საუბრობს. კობა ბექაური კვალიფიკაციას იმაღლებს.
ხელისუფლებას არ აქვს კვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ღირსება ჰქონდეს. მას არც საქმე აქვს. მას აქვს ვიზა, რომლის საშუალებითაც ისედაც ამაღლებულ განწყობას კიევში იმაღლებს, ხოლო არარსებულ კვალიფიკაციას - ამერიკაში. უვიცი და ამბიციური აუცილებლად უღირსია.
როგორც მითხრეს, კეზერაშვილს გენერალ-მაიორის ჩინი მოუთხოვია და მიუღია კიდეც. პრეზიდენტს უთქვამს, ბავშვია, გაიხაროსო. გაიხარა -„ნიკალაში“ ხალხს კოვზები გადააყლაპინა.
ხალხი კოვზებს ყლაპავს, ხელისუფლება „ვილკებს“ იყრის. ჰიმნის ტექსტი ყველამ ვიცით: „ცისკრის კარსკვლავი ამოდის“.
ამ ქვეყანას მხოლოდ ცისკრის ვარსკვლავი ანათებს და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაფერისი ამინდია. მომავალ ზამთარში გლობალური დათბობა თუ გადაგვარჩენს!
უვიცი - მეთქი და, ცოტათი შევცდი. მათ კარგად იციან რეკლამა და თვითრეკლამა; კანცელარია და პარლამენტი თვითრეკლამით დაკავებული სარეკლამო ფირმაა, პრეზიდენტი ფირმის ხელმძღვანელია, ბექაური და სხვები - სარეკლამო აგენტები. თვითრეკლამას მხოლოდ უსაქმურები ეწევიან. ხომ გვასწავლიდნენ ბავშვობაში, მწიფე თავთავი თავს დაბლა ხრის, ცარიელი კი გაუთავებელი პიარკამპანიით არის დაკავებულიო.
კვალიფიკაცია?! სად აქვთ კვალიფიკაცია? ამიტომაც, დისკვალიფიკაცია ეკუთვნით. ოღონდ, ნათელაშვილი, გუგავა, მოსიძე და კაციტაძე არ გამაგონოთ! ეგენიც კი ბექაურები არიან.