(იბეჭდება შემოკლებით)
ქართლოს ღარიბაშვილი უკვე ორი კვირაა, ცილისწამების, ხულიგნობის და შეურაცხყოფის ბრალდებით, დაპატიმრებულია. იგი თავის სიმართლეში დარწმუნებულია და ბრძოლასაც ხალისით აგრძელებს. მეტიც...
თქვენმა ადვოკატებმა პოლიტმატიმრად გამოგაცხადეს. თქვენც ასე თვლით?
- დამაპატიმრეს, როგორც ადვოკატი და პოლიტიკოსი. ჩემი დაპატიმრებით ჩემი პროფესიული და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან დაინტერესებული. პროფესიული მოწინააღმდეგეა პროკურატურა და შსს. ე. ი. ბრალდების მხარე. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კი ისინი არიან, ვინც მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
შიმშილობა რატომ შეწყვიტეთ?
- შიმშილობა მხოლოდ პროტესტის ნიშნად არ გამომიცხადებია. რუსთავში წყლით მოწამვლა იმ დროს მოხდა, როცა რუსთავის პოლიციაში პატიმრობაში ვიმყოფებოდი.
აღწერეთ საკანი, სადაც ზიხართ, თქვენთან ერთად ვინ ზის და რა ბრალდება აქვთ წაყენებული?
- ვსხედვართ 30 კვადრატული მეტრის საკანში. არის სველი წერტილი, გვიდგას ხუთი რკინის საწოლი, გრძელი მაგიდა, გრძელი სკამი. იატაკი ბეტონისაა. ჭერი, დაახლოებით, 3.5 მეტრია, საკანს რკინის კარი აქვს. ორი უკვე მსჯავრდებული ზის, რომლებიც შეწყალებით გასვლას ელოდებიან. საკანში კიდევ ერთი ბრალდებულია, რომელიც უკვე ოცი თვეა, სასამართლოს ელოდება, მაგრამ ჯერ ძიებას საქმე სასამართლოსთვის არ გადაუცია. მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული.
ამბობენ, ღარიბაშვილს ჩიბუხიც წაართვესო, მართლა სიგარაზე გადახვედით?
- ჩიბუხი არ წაურთმევიათ, სიგარას კი ხანდახან ვეწევი, როცა ჩერჩილის ან კასტროს გახსენება მჭირდება.
საკანში საპრეზიდენტო კამპანიას მართლა იწყებთ?
- ციხე საინტერესო გამოგონებაა. ჩემს საკანში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩავატარეთ. სხვა საკნების ტუსაღი ამომრჩევლებიც მონაწილეობდნენ. არჩევნები პირწმინდად მოვიგე და ყველა მოწინააღმდეგე დავამარცხე.
მიგაჩნიათ, რომ დაპატიმრებით თქვენი პოპულარობა გაიზარდა?
- მე აქ საკმაოდ იზოლირებული ვარ და მინდა, ამის შესახებ თქვენ გკითხოთ. თუ თქვენი გაზეთის მეშვეობით მაცნობებთ, მადლობელი დაგრჩებით.
რუსთავის პოლიციის საკანში ძალიან ციოდა, ახლა როგორ პირობებში ხართ?
- რუსთავის პოლიციის საკანთან ბაწაშვილის იზოლატორის შედარება არც კი შეიძლება. რუსთავში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეა.
თქვენ დამცველ თოთხმეტ ადვოკატს ფუნქციები როგორ გაუნაწილეთ?
- მე მთელი კორპორაცია მიცავს. მთელი პროკურატურა კი მებრძვის. ძალთა რაოდენობრივი თანაფარდობა პროკურორების მხარეზეა. ეგენი ჯერ ბევრნი არიან. ფუნქციები განაწილებულია და ყველა თავის საქმეს აკეთებს.
როგორია საკანში თქვენი დღის რეჟიმი?
- ცოტა მძინავს, ბევრს დავდივარ და ვფიქრობ. ფიქრებში ჟურნალისტებს და ადვოკატებს ვესაუბრები. საკანში თავისუფალი რეჟიმი მაქვს.
პატიმრობის პერიოდში კურიოზები ხომ არ გადაგხდათ?
-„ალიამ“ რომ დაწერა, ქართლოსს ჩიბუხი წაართვესო, სიგარები მომიტანეს. შიმშილობა რომ გამოვაცხადე, საჭმელზე ჩემს ძაღლებსაც უარი უთქვამთ და თურმე რუსთავში წამოსვლას აპირებდნენ.
ციხის უფროსობას თუ ხვდებით და როგორ გეპყრობიან?
- უფროსობას არ ვხვდები. მეპყრობიან თავაზიანად და კარგად.
ინტერვიუში განაცხადეთ: „კორპორაცია - ეს მე ვარო“. უთქვენოდ არ უჭირს კორპორაციას?
- კორპორაციას უჭირს, მაგრამ ფეხზე დგას. უჩემოდ, მგონი, თქვენც გიჭირთ.