ყირიმის პირველი პრეზიდენტი იური მეშკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი დღით დააკავეს. ამის მიზეზი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობაა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მეშკოვი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დააკავეს, სადაც ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი უნდა გამართულიყო და ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოსულიყო.
მეშკოვის თქმით, ის პოლიციამ გააჩერა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა. უარის თქმის შემდეგ, სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ იგი სავარაუდოდ ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის შემდეგ კი მეშკოვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
"Новая газета"-ს ცნობით, მეშკოვთან ერთად ადგილობრივი აქტივისტებიც დააკავეს.
პუტინმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უკრაინის რეგიონის, ყირიმის მიღების შესახებ ხელშეკრულებას 2014 წლის 18 მარტს მოაწერა ხელი.