საპარლამენტო უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის კენჭისყრით გადაყენება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ შეძლო. მართალია, კენჭისყრიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი საკუთარი ნებით მაინც გადადგა, თუმცა გუშინდელი კენჭისყრის შედეგები შეიძლება, პრეცედენტულად ჩაითვალოს - პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ე.წ. ეკა ბესელიას გუნდის წინააღმდეგობის გამო, კენჭისყრისას სასურველი შედეგის მიღება ვერ შეძლო.
კვაჭანტირაძის გადაყენებისათვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კენჭისყრისას მისი გადადგომის მომხრე 67 დეპუტატი აღმოჩნდა, ხოლო 8 წინააღმდეგი იყო.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე კიდევ ერთი კენჭისყრა გუშინვე გაიმართებოდა, თუმცა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს, რის შემდეგაც კენჭისყრა აღარ შედგა.
კვაჭანტირაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" ხელის გადაგრეხის პროცესი მიდის და ის თავის კოლეგებს ამ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს, ამიტომ წასვლის გადაწყვეტილება თავადვე მიიღო.
გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა პარლამენტში მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.
ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა და ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობა გადაუხადა. მან სესიაზე რეგლამენტის ის ნაწილი წაიკითხა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძეს საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნოს.
"თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს", - ეს განცხადება კი თავად ზვიად კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ის თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.
დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ გამოსვლას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ", წნეხის მიუხედავად, დეპუტატებზე გავლენა ვერ მოახდინა და მათ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს. მისივე განცხადებით, გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების რეალური სახე.
"პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომლებიც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. თქვენ დღეს დაინახეთ, რომ, პრაქტიკულად, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს. ძალიან დიდი პრესი ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან.
"სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რათა შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ვაჩვენე, პრაქტიკულად, სახე, აი, ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია "ქართული ოცნება" და უმრავლესობა, მე მაინც მივიჩნიე, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით უნდა გადავმდგარიყავი", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი უმრავლესობაში, სავარაუდოდ, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გადაყენება ვერ მოხდა.
"კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი კობახიძეს უმრავლესობასთან შეჯერებული ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ კენჭისყრაზეც არ დააყენებდა, რადგან 8 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით რაღაც გაუგებრობაა. "ოცნებას" იმ რაოდენობის დეპუტატები ჰყავს, რომ 76 ხმას როგორღაც მოაგროვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ უმრავლესობაში რაღაც აზრთა სხვადასხვაობაა და პატარ-პატარა ბზარებია გაჩენილი", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან".
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სირცხვილია იმაზე საუბარი, პარლამენტარები თავიანთ პულტებზე ვითომ წითელ და მწვანე ღილაკებს ვერ არჩევენ და ერთმანეთში ერევათ. მისი აზრით, ივანიშვილის ბრძანება დაუყოვნებლივ არ შესრულდა და მერე შეეშინდათ, რომ მოღალატეობა არ დაეწამათ და დეპუტატებმა ეს ტყუილი მოიგონეს.
ხოშტარია აცხადებს, რომ უმრავლესობაში კრიზისის ნიშებია, რადგანაც თავშეკავებული დეპუტატების რიცხვიც ბევრია, რომლებმაც კენჭისყრას საერთოდ თავი აარიდეს.
"ქართულ ოცნებას" ფაქტია, რომ უჭირს და ასე ადვილად რაღაცას ვეღარ იღებენ. მეორე, უფრო მძიმედ გვაქვს საქმე, რომ ამდენი პრობლემური საკითხის ფონზე, მმართველი გუნდი ერთ კაცზე არის გადაკიდებული და მთელი დღე მას დასდევენ. როგორც კი მისი წევრი აღარ არის ადამიანი, მაშინვე ცუდი ხდება. ამ ადამიანებში სიტყვა და ურთიერთობები საერთოდ ფასს კარგავს.
"ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც სერიოზული საკითხები უნდა განიხილონ და კვაჭანტირაძეს დასდევენ. ფაქტია, რომ არ შესრულდა მბრძანებლის დავალება და ყველა ამაზე ძალიან შეშინდა. წავიდნენ და ახალი სესია დანიშნეს.
"კრიზისის ნიშნებია, რომ ასე სწრაფად არ ხდება დავალებების შესრულება. რა სისულელეა, რა მწვანე და წითელი ღილაკები, პარლამენტარი არ ხარ?! სირცხვილით ასეთი ტყუილი როგორ უნდა მოიგონო. შეეშინდათ, ვაიმე, მოღალატედ არ ჩამთვალონო და ვითომ წითელ და მწვანე ღილაკებს ვერ არჩევენ", - აცხადებს ელენე ხოშტარია.