პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესალიას და 12 დეპუტატს, მესამე კანონპროექტის ავტორი კი "ევროპული საქართველოა".
კანონპროექტების განხილვა დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენაზე მივიდნენ წარწერით - "კლანი უნდა წავიდეს". შაბათს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ გამოცხადდნენ, რასაც კომიტეტის ხელმძღვანელის კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
2018 წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატების სიამ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია პროცედურების დახვეწის თაობაზე.
რას ითვალისწინებს "ევროპული საქართველოს" კანონპროექტი
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი, "ევროპული საქართველოს" აზრით, არის ის, რომ "ჩინჩალაძის კლანს" ჩამოერთვას პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის მონოპოლია.
პროექტის მიხედვით, კანონის 36-ე მუხლს დაემატება 21-ე პუნქტი, რომლის ძალითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად.
"თუკი დასახელებული კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი), პირი ავტომატურად მოხვდება პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში.
"საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი. ცხადია, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას თავად ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი,"- წერია "ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის კანონპროექტი
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, მოსამართლეების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მიდგომა:
- დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;
- არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა.
ინიციატორების განცხადებითვე, პროექტი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
- ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება, შერჩევის სამართლიანი პროცესი;
- სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები;
- არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები;
- ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები;
- პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები;
- პარლამენტის მიერ გამართული შერჩევის პროცესი და სამუშაო ჯგუფის შექმნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესი კი ასეთია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსში მონაწილე პირის შესაბამისობას კანონის მინიმალურ მოთხოვნებთან; კონკურსის მონაწილეთა სრულ სიას, ვინც აკმაყოფილებს კანონის მინიმალურ მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს.
მინიმალური მოთხოვნებია: ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, უმაღლესი განათლების დიპლომი და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 10 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი.
პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა 5 ეტაპად რეგულირდება:
"კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმეეტაპიან პროცესს, რაც უზრუნველყოფს მთლიანობაში უპრეცედენტო გამჭვირვალობას, ღიაობას, საჯაროობას და შედეგად საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოქმნილ პროცესს, ასევე საქართველოს პარლამენტში წარმართულ პროცესს და ამით განახორციელოს საზოგადოებამ საკუთარი მონიტორინგი.
"მთლიანობაში, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად მოუსმენს, ამერიკული მოდელით, თითოეულ კანდიდატს და ამ ინდივიდუალური განხილვის შემდგომ, ამერიკული მოდელის შესაბამისად, მიიღებს კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
განხილვა და დაპირისპირება
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
პარლამენტში კანონპროექტების განხილვისას სიტუაცია დაიძაბა, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე შაბათს მოსმენაზე არ გამოცხადნენ.
"ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს, როდესაც პროექტის ინიცირება ხდება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სხდომაზე არ ცხადდება. მით უმეტეს ქალბატონი ეკა ბესელია და ბატონი გედევან ფოფხაძე მომხსენებლები არიან და არ წარმოუდგენიათ არანაირი ობიექტური საფუძველი, რის გამოც აქამდე ვერ გამოცხადდნენ.
"ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს. პროექტის ინიცირება ხდება და გაქვს სურვილი, საზოგადოებას გააცნო იგი, შენ კი ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ ცხადდები და არ ასრულებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გაკისრია პარლამენტის წევრს. ვიმედოვნებ, იქნებ მოვიდნენ და ამ საკითხს ისევ მივუბრუნდეთ, თუ არა და შესაბამისად ვიმოქმედებთ," - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ინიცირებიდან სამ დღეში საკითხის განსახილველად სხდომები რატომ ჩაინიშნა. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, შაბათის სხდომას არ დასწრებოდა, რადგან მისთვის არასამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა მიუღებელია.
"ეს კანონპროექტი, ისევე როგორც კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, ერთდროულად დარეგისტრირდა ორშაბათს. გასულია სამი დღე და არ ვიცი, ასე მოკლე დროში მზად ვართ, რომ განვიხილოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ? მგონი, სჯობდა, მეტი დრო დაგვეთმო ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კომიტეტი არ არის, თუმცა წამყვანმა კომიტეტმაც ამის განხილვა შაბათს, არასამუშაო დღეს ჩანიშნა.
"ასეთი პრაქტიკა მე არ მახსენდება, რომ შაბათს ჩაგვეტარებინოს სხდომები. ცუდად ჩანს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ, რომელმაც ბოლო ორ თვეში ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნუ გავაუბრალოებთ და გავამარტივებთ იმას, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გამოიწვია ასეთმა დამოკიდებულებამ.
"იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს, დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებსაც. ჩვენც ვაგზავნით ვენეციის კომისიაში ჩვენს პროექტს ორშაბათს," - აღნიშნა ბესელიამ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესამუშავებლად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია შემდეგია, რომ, ამ კანონპროექტში რამდენიმე პრინციპული საკითხი უნდა შეიცვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისა, რომ შესაძლებელი უნდა იყოს, უზენაესის მოსამართლეებად გამწესდნენ პირები, რომლებიც არ მოდიან სასამართლო სისტემიდან, რის შესაძლებლობასაც ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ნაკლებად ითვალისწინებს და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას განსაზღვრავს ერთ-ერთ სავალდებულო კრიტერიუმად უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატისათვის.
"ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა ამბობს, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება (მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია) მიიღეს, დატოვონ სასამართლო სისტემა.
"საუკეთესო კანონმდებლობაც რომ დავწეროთ, თუკი საბჭოს ეს წევრები დარჩებიან სასამართლო სისტემაში, ვერ მივიღებთ ისეთ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას ობიექტურად და გამჭვირვალედ. ირაკლი კობახიძის პროექტი ცხადად აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ეს გავლენიანი ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებენ და ეს კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება ამ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს.
"ყველაზე პრინციპული საკითხი არის ის, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებით ბარიერს, რათა ახალი კადრები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში," - აცხადებს კუკავა.
"ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების შედგენილი კანონპროექტი მეტ-ნაკლებად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს", - ასეთი აზრისაა კოალიციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის ავტორები თანახმა არიან დისკუსიაზე, რათა მათი პოზიცია გაიზიარონ.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბესელიასა და 12 დეპუტატის ინიციატივა მეტ-ნაკლებად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ დავაყენეთ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
"რამდენიმე საკვანძო საკითხი იყო, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი, პროცესის გახსნილობა და მასში მონაწილეობის საშუალების მიცემა მეტი პროფესიონალისთვის. ასევე, საქართველოს პარლამენტში როგორ მოხდება ნომინირებული კანდიდატების განხილვა.
"ამ საკითხებს უკეთესად ასახავს ეს კანონპროექტი. ჩვენი მოსაზრებებიც იქვე გამოვთქვით და მივიღეთ პასუხი, რომ შესაძლებელია დისკუსია," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.