„უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს და ბუნებრივია, ის კანონპროექტი, რაც პარლამენტის თავჯდომარის მიერ არის მომზადებული, პოლიტიკური მხარდაჭერაც სწორედ მის ვერსიას ექნება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, 16 მარტს დაგეგმილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის თაობაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ" მომზადებული კანონპროექტები იქნება განხილული.
ჯანეზაშვილს ამ პროცესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ აქვს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ექნება.
„ჩვენ პროექტი, როგორც კი პრობლემა წარმოიქმნა, პარლამენტში წარვადგინეთ და როგორც ვიცი, აქამდე არც განხილულა.
„პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი პროექტი აქვს მომზადებული, რომელიც ამ პროცედურებს ეხება. დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტს მაინც გავაცნო, თუ რის საფუძველზე და რატომაც მოვამზადეთ ამ ტიპის საკითხები," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანონპროექტი გააკრიტიკა. იგი ხვალინდელ სხდომაზე პროექტის წარდგენას არ აპირებს.
„კობახიძის პროექტი არის რეალურად არადემოკრატიული და ძალიან სახიფათო იქნება. ამ პროცესს მთლიანად გადაიყვანს იუსტიციის საბჭოსთვის სასურველ რელსებზე,"- აღნიშნა ბესელიამ.
ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებიდან დაზიანებული მხოლოდ „ქართულ ოცნება" დარჩება.
„ჩვენ არ მივდივართ ხვალ კომიტეტზე ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ,,ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ გვჯობნიან სტრატეგიულად. უნდათ, რომ ხვალ გამართონ ჩვენი პროექტის მოსმენა, ისე, რომ თავისი პროექტის მოსმენა არ ჩაატარონ, მერე გამოიტანონ ორშაბათს ბიუროზე და სესიაზე, ბოლოს ჩააგდონ და მოგვიშორონ. ანუ, თავიანთი აზრით გვჯობიან სტრატეგიასა და ჭკუაში. ამ კანონპროექტების განხილვა უნდა მოხდეს ერთ დროს, ეს არ უნდა იყოს დაჩქარებული. ჩვენ არ მივცემთ ,,ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ უცებ მოიშორონ ამ კანონპროექტების განხილვა და ნაკლები ზიანით გამოვიდნენ ამ პროცესიდან.
„არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩუმად, ღამის კომიტეტების პრინციპით იმოქმედონ. ასეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ არასოდეს შაბათს არ ჩაგვიტარებია კომიტეტის სხდომა, თუ ეს იშვიათად ხდებოდა, მხოლოდ გადატვირთულობიდან გამომდინარე და იხილებოდა მხოლოდ ტექნიკური საკითხები. არ მივცემთ საშუალებას, რომ მალე დაამთავრონ ეს პროცესი. ეს პროცესი უნდა იყოს გრძელი და მტკივნეული მათთვის," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.