ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში თავდასხმა მოხდა და ტერორისტს, რომლებმაც 49 კაცი მოკლა და 20-ზე მეტი დაჭრა, ავტომატის მჭიდებზე სხვა წარწერებთან ერთად ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ - დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი.
ქართულწარწერიანი იარაღის მჭიდის ფოტოებს ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail ავრცელებს. ფოტოზე ჩანს ასევე კირილიცათი და ლათინური ანბანით დაწერილი სახელებიც. მათ შორის, შუა საუკუნეების სერბეთის მეფის სტეფან ლაზარის, ასევე ნაპოლეონის ეპოქის რუსი და ინგლისელი ადმირალების, დიმიტრი სენიავინისა და ედვარდ კორდინგტონის.
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა" ჩაიდინა. დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალია. ადგილობრივი მედიის ცნობით, უშუალო მკვლელი ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი" გამოაქვეყნა, სადაც თავის ქმედებებს განმარტავს. ტარანტი თავდასხმის მომენტს „ფეისბუქ ლაივის" საშუალებით პირდაპირი ეთერით გადასცემდა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძე თქმით, აუთენტურია თუ არა ფოტოები, ეს ჯერ დასადასტურებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართულად უშეცდომოდ არის დაწერილი.
„რამდენადაც მე ვიცი, ყველა პიროვნება, ვინც ავტომატის მჭირდებზეა დატანილი, ცნობილია მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლებით. არა მარტო სოსლანი და აღმაშენებელიც, არამედ დანარჩენებიც. ყველა ცნობილი ისტორიული ფიგურაა. ზოგი სერბია, ზოგი რუსი, ზოგი ინგლისელია, მაგრამ ყველა ცნობილია მუსლიმების წინააღმდეგ ომებში მონაწილეობით. უცნაურია ის, რომ ქართული ანბანითაა დაწერილი და არა ლათინურით. ყველა დანარჩენი დაწერილია ან სლავური ანბანით ან ლათინურით. თანაც, ქართული სწორად წერია, " - ამბობს არეშიძე.
რა კავშირი აქვს ტერაქტთან ქართულ წარწერას და რა ინფორმაცია აქვს ოფიციალურ თბილისს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ტერაქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი ქართული წარწერით და უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.
განცხადება გაავრცელა საქართველოს ელჩმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. გიორგი დოლიძის თქმით, „ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა.
„პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში ვართ კონტაქტზე პარტნიორებთან. საელჩოს მიერ სათანადო ინსტრუქციების თანახმად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი. რაც შეეხება წარწერებსა და მჭიდებს, ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის, რომ ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების აუთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია. გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ დაგვკავშირებიან. წარწერების შესახებ კომუნიკაცია გამოძიების მხარის პრეროგატივაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის არავის ოფიციალურად არ მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ ეს წარწერები არის აუთენტური და ნამდვილად იყო მჭიდებზე. მჭიდებზე წარწერები ქართულის გარდა ბევრ სხვა ენაზეა და სხვადასხვა მხედართმთავარია ნახსენები", - აღნიშნა ელჩმა.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. დაკავებულებს უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა და ის მემარჯვენე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი იყო.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარის გამო ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთში მისვლისგან თავი შეიკავონ. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებს სროლის პერიოდში ლაივი ჰქონდათ ჩართული.
თავდასხმამდე კი ერთ-ერთმა ტერორისტმა, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტიმ 74-გვერდიან „ანტიიმიგრაციული მანიფესტი" გამოაქვეყნდა, სადაც წერს, რომ ის „ჩვეულებრივ თეთრკანიანი ადამიანია" და მისთვის შთაგონების წყარო ანდერს ბრეივიკი იყო, ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც 2011 წლის ივლისში 77 ადამიანი მოკლა. როგორც თავდამსხმელი მანიფესტში ჰყვება, მას შოტლანდიური, ირლანდიური და ინგლისური წარმოშობა აქვს და ახალ ზელანდიაში შურისძიების დასაგეგმად იყო ჩასული, შემდეგ კი თავდასხმის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასიდა არდენის თქმით, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ ახალი ზელანდია მისი მულტიკულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე შეარჩიეს.
ბრიტანული Daily Mail პოლიციის მიერ დაკავებულებისთვის ამოღებული იარაღის ფოტოებს ავრცელებს. იარაღის მჭიდებზე ქართული ასოებით ორი ქართველი ისტორიული ფიგურის სახელი წერია: დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი. თუმცა, მათ გარდა სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე ისტორიული პიროვნების სახელია წაწერილი. ყველას აერთიანებს ის, რომ სხვადასხვა დროს მუსლიმების წინააღმდე ომებში იბრძოდნენ.
მაგალითად, რუსი ადმირალი დმიტრი სენიავინი - მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1787 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში, 1807 წელს კი ეგეოსის ზღვაში ათონის ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტი გაანადგურა. მოგვიანებით მისი სახელი რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო ხომალდებს ეწოდა;
ედვარდ კონდინგტონი (1770-1851) ბრიტანელი ადმირალი, მონაწილეობდა ტრაფალგარისა და ნავარინოს ბრძოლებში. ნავარინოს ბრძოლაში დაპირისპირებულ მხარეს ოსმალეთის იმპერია წარმოადგენდა და და 1827 წელს საზღვაო ომში ოსმალეთის არმადა განადგურდა.
მარკო ანტონიო ბრაგადინი (1523-1571) ვენეციელი სამხედრო, ასევე წარმატებით იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.
ერნესტ რუდიგერ სტრამბერგი (1899-1956) ავსტრიელი ნაციონალისტი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.