„ეს არის კითხვები, რაზეც პასუხი არ მაქვს. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ტიპის ძალიან სახიფათო დანაშაულის გამოუძიებლობა, მითუმეტეს თიბისი ბანკმა, პრაქტიკულად, თვითონ გამოიძია ეს საქმე და დაასახელა პოტენციური დამნაშავის ყველა ატრიბუტი," - აღნიშნავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან"თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილი ოთხი წერილის შესახებ კომენტირებისას.
გია ხუხაშვილი: იმ ვითარებაში, როდესაც ბესელიას კადრების მნახველები ორ დღეში დააპატიმრეს და ყველა ძალიან ოპერტიულად იპოვეს, ამ ტიპის ქმედებები სერიოზულ ეჭვებს ბადებს თუ რა ხდება, რატომ ფერხდება ეს საქმე უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის ძალიან მძიმე კითხვა და ხელისუფლება ან გასცემს ამ კითხვას პასუხს, ან არა და ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
თუ ხელისუფლებამ იგნორირება და სირაქლემას პოზიციაში ყოფნა გააგრძელა, რა თქმა უნდა, ეს უკვე ბევრად უფრო მძიმე თეორიებს განავითარებს, რაც მას ძალიან ძვირი დაუჯდება. მათივე ინტერესებშია, რომ კითხვებზე პასუხების გაცემა დაიწყოს.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?
გ.ხ: ძალაზე აქვთ მონოპოლია და სანამ ხელისუფლებაში არიან, შეუძლიათ თამამ პოზაში დადგნენ, მაგრამ მუდმივი არაფერი არ არის. ამ კითხვებმა, როდესაც საბოლოო ჯამში რაღაც შეიცვლება, შესაძლოა კიდევ უფრო უარესი ხასიათი მიიღოს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საფუძველი კი გახდეს.
„რ": და მაინც, გამოძიება რატომ გაჭიანურდა?
გ.ხ: ეჭვები ჩნდება ძალიან სერიოზული, რომ ვიღაც მფარველობს ამ კრიმინალურ ჯგუფს, რომელიც სწორედ ასეთ რაღაცეებს აკეთებს.