ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ გააქტიურდა საუბარი, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იბრძოლონ და ამ მიზნის მისაღწევად შერიგებაზე დიალოგს იწყებენ დაპირისპირებული ბანაკები - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომლის ხელმძღვანელია დოროთეი დბარი და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქია", რომელსაც ბესარიონ აპლია მეთაურობს.
ამ ორი ბანაკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 8 მარტს ახალი ათონის მონასტერში შედგა და საუბარი ეხებოდა განხეთქილების დაძლევას და ერთიანი ძალით „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მიღწევისთვის ბრძოლას".
აპლიასა და დბარის დაჯგფებებს შორის დიდი განხეთქილება 2011 წლიდან არსებობს - მას შემდეგ, როცა დბარმა „აფხაზეთი წმინდა მიტროპოლია" შემქნა და ახალი ათონის მონასტერში გამაგრდა. მისი ჯგუფი აცხადებდა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიას სთხოვდნენ „აფხაზეთის ეკლესიისთვის" ავტოკეფალია, ან ავტონომია მაინც მიენიჭებინა, თუმცა მათი ყველა მიმართვა და მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მეორე ბანაკის მეთაურს, ბესარიონ აპლიას ზურგს უმაგრებენ სოხუმის რეჟიმი და რუსეთის ეკლესია. სოხუმის რეჟიმმა აპლია „აფხაზეთის ეკლესიის მეთაურადაც" გამოაცხადა და რუსეთის პატრიარქ კირილსაც აფხაზეთის სახელით აპლია სტუმრობს ხოლმე.
ამჯერად, ეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკი შერიგებას გეგმავს. ახალი ათონის მონასტერში 8 მარტს ჯერ „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" საბჭომ სხდომა გამართა და ამ სხდომის დასრულების შემდეგ „წმინდა მიტროპოლიის" წარმომადგენლები შეხვდნენ ბესარიონ აპლიას მიერ გამოგზავნილ „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის" დელეგატებს.
საბჭოს სხდომის შემდეგ როგორც დბარმა განაცხადა, აპლიას მოთხოვნაა, რომ ახალი ათონის მონასტერში „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის" მღვდლებსაც მიეცეთ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება, რაზეც „წმინდა მიტროპოლია" თანახმაა, ოღონდ ერთი პირობით - წირვა-ლოცვა ერთობლივად უნდა ჩატარდეს, აქ კი დაბრკოლებას ისევ აპლიას ჯგუფი ქმნის.
„ისინი ყოველთვის აცხადებდნენ და ახლაც თქვეს, რომ ვერ იმსახურებენ ჩემთან ერთად იმის გამო, რომ მე განკვეთილი ვარ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ამიტომაც ჩვენ განცხადებაში ვამბობთ, რომ ვინაიდან მე და მამა ანდრია (სარსანია) 2011 წელს აფხაზი სასულიერო პირების მიმართვის საფუძველზე განგვკვეთეს (იქ 19 სასულიერო პირის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული), სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიამ განმეორებით მიმართოს რუსეთის ეკლესიის საპატრიარქოს, მის შესაბამის სტრუქტურებს, რათა ეს აკრძალვა მომეხსნას და ეს უნდა მოხდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა დბარმა.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებლია ახალი ათონის ტერიტორიაზე გაყოფილად მოხდეს წირვა-ლოცვის ჩატარება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს გაერთიანებას კი არა, დაყოფას უფრო ჰგავს.
ამასთან დოროთეი დბარმა განაცხადა, რომ საერთო მიზანია „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მიღწევა" და ერთადერთი რამ, რაც მათ ჰყოფს, ეს ამ მთავარი საკითხის გადაჭრის გზებია. პრობლემის გადასაჭრელად კი მან წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას ერთობლივი კომისია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიისა" და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის" წარმომადგენლების მონაწილეობით და ყველა საკითხები დეტალურად იქ განიხილონ.
„წმინდა მიტროპოლიის" საბჭოს დასრულების შემდეგ ახალ ათონში პოლიტიკოსი სერგეი შამბაც მივიდა და ასევე ბესარიონ აპლიას ჯგუფის წარმომადგენელი სასულიერო პირები და დაიწყო დისკუსია ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე.
სერგეი შამბამ თქვა, რომ ბევრი შეცდომაა დაშვებული და ეს უთანხმოება უნდა მოგვარდეს - „მხარეები ერთიანი აფხაზური ეკლესიის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ".
შამბამ მოიწონა ერთობლივი კომისიის შექმნა, სადაც მომზადდება სერიოზული წინადადებები ვითარების ჩიხიდან გამოსაყვანად. თქვა ასევე ისიც, რომ დარწმუნებული არ არის, რომ შერიგების კომისიის შექმნა აპლიას მხრიდან მხარდაჭერილი იქნება, თუმცა, პირობა დადო, რომ საბჭოს შეთავაზებას ბესარიონ აპლიას პირადად გადასცემს.
მოხდება თუ არა შერიგება, ჯერ არავინ იცის. კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, შერიგება ვერ მოხდება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა, კონსტანტინოპოლიდან ასევე გაკეთდა მინიშნება, რომ ის აღიარებს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად აფხაზეთის ეპარქიას. შესაბამისად, დბარს კონსტანტინოპოლიდან რაიმე აღიარების შანსი გადაეწურა. ახლა დბარი არის სიტუაციაში, როცა კოსტანტინოპოლისთვის არაფერს წარმოადგენს, რუსეთის ეკლესიის მხრიდან გაკვეთილია და ამიტომ ცდილობს თავი გადაირჩინოს და აპლიას დაჯგუფებას შეურიგდეს.
„ბოლო დღეების ინიციატივები სწორედ დბარის მხრიდან მოდის და ეს ნიშანდობლივია. დბარი თვითმარქვიაა, შეჭრილია ახალი ათონის მონასტრში და ზაფხულში ტურისტებიდან ფულს აკეთებს. მას სხვა ძალა არ აქვს.
„დბარმა ასევე გააჟღერა, რომ შეიძლება კენჭი იყაროს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტად და აფხაზეთში საზოგადოების ნაწილში მოლოდინია, ბოლოს და ბოლოს რას გადაწყვეტს დბარი.
„მას საქმე ცუდად აქვს. კონსტანტინოპოლი და მოსკოვი ერთმანეთს ძალიან ძლიერ დაეჯახა. დბარი პოზიციონირებდა, როგორც კონსტანტინოპოლის წარმომადგენელი, თუმცა ის კონსტანტინოპოლისთვის არაფერს წარმოადგენს. მოსკოვი საპატრიარქოდან კი განკვეთილია. სწორედ ამ დაჯახების პირობებში დბარი ცდილობს თავი გადაირჩინოს.
„მოსკოვის პოზიცია იმდენად ძლიერია აფხაზეთში, რომ დბარს რაიმეს მიღწევის შანსი არ აქვს. ამიტომ ცდილობს, რომ აპლია დაითანხმოს შერიგებაზე, და მეორე - დაითანხმოს, რომ აპლიამ უშუამდგომლოს მოსკოვის პატრიარქთან, მოეხსნას აკრძალვები. ამავე დროს, აჟღერებს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის შესახებაც. ის თვითგადარჩენის გარკვეულ ზომებს მიმართავს. ამ სიტუაციას ვხედავთ.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შერიგება შედგეს. აპლიას და რუსეთის ეკლესიის პოზიციაა, დბარმა დატოვოს ახალი ათონის მონასტერი," - ამბობს ცქიტიშვილი.