მძვინვარებენ ბატონები

მძვინვარებენ ბატონები

(გიგი მესვეტე)

ასეთი რამ ლუდოვიკო მეთოთხმეტის ფავორიტებს შორისაც ხდებოდა და, სხვათა შორის, ნაპოლეონის მარშლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს. არც თამარის გარემოცვა ყოფილა გამონაკლისი, ხოლო ლაშა-გიორგის დროს სულ გაგიჟდნენ. სტალინმა ეს თამაშები ხელოვნების დონეზე აიყვანა. ჰიტლერიც მაგრად ერთობოდა. მოკლედ, ჩვენს მაღალ შემადგენლობებში და უმაღლეს ეშელონებში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან და სხვა დროს არ მომხდარა.

როგორც ილიაა ერთი, როგორც აკაკი, ვაჟა, შოთა და გალაკტიონი არიან თითო-თითო, ისე, ერთია ვანოც და როცა შარშან „ბატონმა ვანომ“ გაიჟღერა, ყველამ კარგად იცოდა ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა. რა საჭირო იყო გვარის დასახელება?! ისედაც გასაგები იყო ყველაფერი. გაუგებარი ის იყო, რაში დასჭირდათ.

გორის ამბები... ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა, ყველამ. სუხიტაშვილმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდნენ მისი ხელქვეითები. ეს კარგად იცოდა ოქრუაშვილმა და ეს რომ კარგად იცოდა ოქრუაშვილმა, კარგად იცოდა მერაბიშვილმაც. თავისთავად ცხადია, საქმის კურსში იყო ადეიშვილი და, რა თქმა უნდა, სააკაშვილიც.

„ბატონი ვანოს“ ისტორია უკვე მიივიწყეს. მალე „ბატონი ირაკლის“ ისტორიაც მიავიწყდებათ.

ბავშვობაში წითელა რომ შეგვეყარა...

ბატონები ახლა მძვინვარებენ.

ერთობიან.

სააკაშვილი „ბატონებით“ ერთობა. გართობას ისიც ახალისებს, რომ თვითონ არაა ბატონი, თვითონ არის „მიშა“ - ჩვენი ძმა, კაიბიჭი, ტრაქტორს ატარებს და ცხვირზე ხელის გადასმა უყვარს. უყვარს თვალის ჩაპაჭუნებაც. ის კი არაა... პარიზის მერი და ნიდერლანდების სამეფოს განათლების მინისტრი.

ბავშვობაში, ომობანას თამაშისას, ყველას უნდა, რომ თვითონ მოკლას. სკოლობანას თამაშისას, ყველას მასწავლებლობა სურს. სახლობანას დროს ყველა ცდილობს, ოჯახის უფროსი ითამაშოს.

იზრდებიან და ვირდებიან.

გეხსომებათ გურამ დოჩანაშვილის „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“. როგორ უსწორდებიან ერთმანეთს მოთამაშეები და როგორ შაირობენ მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციებზე:

„გლადიატორი სპარტაკი იყო თრაკიელი მონა,

ჩემი გუნდი ოტელოა, შენი გუნდი - დეზდემონა,

და-გახრ-ჩობთ“.

ასე, გუნდ - გუნდად ერთობიან. სააკაშვილის გუნდი, ბურჯანაძის გუნდი, მერაბიშვილის გუნდი, ოქრუაშვილის გუნდი. არა, სააკაშვილის გუნდის წევრობას ყველა იბრალებს. ამ გუნდში ყოფნა იმის გარანტიაა, რომ დიდხანს გაერთობი. ყველაზე ლაღად მიშა ერთობა. ერთობა და თან სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე მუშაობს. სიღარიბის დაძლევა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება: პრეზიდენტს გაეზარდა ხელფასი, მინისტრებს გაეზარდათ ხელფასი, დეპუტატებსაც გაეზარდათ ხელფასი...

მათ ხელს რამე ფასი რომ ჰქონდეს, სიცოცხლე ასე არ გაუფასურდებოდა.

პატიოსანი, წესიერი კაცისთვის ყოველთვის გაუგებარია ის, რაც იქ ხდება და განსაკუთრებით ის, თუ რატომ ხდება. ხომ ერთხელ დავიბადეთ და ხომ ერთხელ უნდა მოვკვდეთ?

ესეც გასაგები ხდება, როცა პოლიტიკურ ინტრიგებს აკვირდები - მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის, მაგრამ ამ დროს კიდევ ისმის კითხვა: რაში სჭირდებათ ძალაუფლება? პასუხი ერთია - არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ: დაბალია, მსუქანია,მელოტია, ენას უკიდებს, მამა ლოთი ჰყავდა, დედა - ბოზი, შიოდა,სციოდა, ბავშვობაში ჩინურ კეტებს ვერ ეღირსა, სხვები რომ “უკრაინით“ დადიოდნენ, თვითონ „არლიონოკზე“ ოცნებასაც კი ვერ ბედავდა... ყველას ეცოდებოდა.

ნიცშემ თქვა: „ადამიანს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაშინ აყენებენ, როცა იცოდებენ“.

ჰოდა, ახლა იმას ცდილობენ, რომ დაკარგული აინაზღაურონ - ყველა გაასაცოდავონ და შემდეგ შეიცოდონ. შეიცოდონ და ამით საკუთარ თვალში ამაღლდნენ.

ისევ იქნება ტექდათვალიერებები. საცოდავი მძღოლები! ძროხებზე გადასახადი დაწესდება. საცოდავი გლეხები! გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს. საცოდავი გარემოვაჭრეები!...

მივხვდი: ხალხს იმისთვის სჭირდება მთავრობა, რომ ვიღაცას ეცოდებოდეს. ასეთი ხალხი მხოლოდ ასეთ მთავრობას იმსახურებს. ასეთ მთავრობას მხოლოდ ასეთი ხალხი სჭირდება.

ის, დედაბერი ნაცნობ ლოცვას რომ ჩურჩულებს, მხოლოდ ლექსში და სიმღერაშია. სინამდვილეში კი, გარშემო, ყველგან ნაცნობი წყევლა ისმის - ყველა საკუთარი გაჩენის დღეს წყევლის და ხშირად არც ახსენდებათ, რომ საკუთარი არჩევანია დასაწყევლი. როცა აირჩიეს, რომ მათით უნდა გაერთონ და შეიცოდონ.

ვანო ვერ იტანს ირაკლის, ირაკლი ვერ იტანს ვანოს. ვანო და ირაკლი ვერ იტანენ შალვას. ვანო, ირაკლი და შალვა ვერ იტანენ კობას. ხოლო მიშას რაც შეეხება, ისე ერთობა ამ ყველაფრით, რომ აშკარაა: მიშა ვერავის ვერ იტანს.