გიორგი ქადაგიძე მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს ნებისმიერ კითხვას, განსაკუთრებით თუკი ეს ეხება 2008–2009 წლის მოვლენებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურის კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სასამართლოში გამოკითხვაზე მას მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.
გიორგი ქადაგიძის შემდეგ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს დავით ამაღლობელს. პროკურატურას აინტერესებს ამ პერიოდში რატომ ვერ აღმოაჩინა ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკში“ განხორციელებული საეჭვო ტრანზაქცია, მაშინ, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სავალდებულო მონიტორინგი 2 წელიწადში ერთხელ ევალება. გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწებს „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს.
დაკითხვიდან გამოსული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ამ დაკითხვიდანაც გამოჩნდა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არის და რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლიც საფინანსო საბიუჯეტო–კომიტეტზე მოვისმინეთ. ქადაგიძის განცხადებით, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას, ეს მძიმე განცხადებაა.
„გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გასცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%–იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა.
სასამართლო წესით, მე ცხადია მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი. ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე განცხადებით, არც ერთი კითხვა არ იყო დასმული უშუალოდ იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ედავება. გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ 2008 წლის 2 სექტემბერს, ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება.
„კითხვები ეხებოდა 2 საკითხს. პირველი – ეს იყო რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა, ეს აქტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზების გამო.
2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა“, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა. როგორც მან განაცხადა, არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც ბანკის შემოწმების შედეგები.
„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის საგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
გიორგი ქადაგიძისგან განსხვავებით, ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ ეს ტრანზაქცია არის მინიმუმ, საეჭვო და მაქსიმუმ, დანაშაულებრივი. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თავის დროზე რომ მომხდარიყო ყურადღების მიქცევა და გამოძიება, დიდი ალბათობით, შესაძლებელია გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ადგილი ფულის გათეთრებას. ჩემი მხრიდან გეტყვით იმას, რომ თავის დროზე რომ მომხდარიყო ყურადღების მიქცევა და გამოძიება, დიდი ალბათობით, შეიძლება, საგადასახადო, ანუ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო. თუმცა, ამას დღეს აზრი არ აქვს, საქმე ხანდაზმულია. ძალიან კარგი იქნებოდა, გამოძიება თავის დროზე ჩატარებულიყო, რომ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები აღარ ყოფილიყო. ესეც რეპუტაციის ნაწილია, არა სამართლებრივი, რადგან როგორც აღვნიშნე, ამ კუთხით ხანდაზმულობა ვრცელდება აღნიშნულ წლებზე“, – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
მისი ინფორმაციით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე ექსპერტული წრეები ეჭვქვეშ არ აყენებენ იმას, რომ ტრანზაქცია სულ მცირე, საეჭვოა.
„რა კავშირი აქვს ბოლო პერიოდის მოვლენებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან, დღემდე ვერ მივხვდი. ტრანზაქციის შესახებ არის საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტული წრეები, ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომ ეს ტრანზაქცია არის როგორც მინიმუმ, საეჭვო და როგორც მაქსიმუმ, დანაშაულებრივი. რატომ და რა მიზეზით განხორციელდა, შესაძლოა, ეს გასარკვევია და შესაძლოა, აქვს რამე ახსნა, თუმცა, რაც არის ზედაპირზე, ძალიან მძიმეა. 11 წლის მერე ვინ ვის რა მისწერა, ვის რა უჩურჩულა, როგორ შეიძლება, რომ ამან შეცვალოს ტრანზაქცია, რომელიც შავით თეთრზეა განხორციელებული“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროკურატურა ემზადება ბრალი წაუყენოს მამუკა ხაზარაძეს და ამით ხსნიან გიორგი ქადაგიძის დაკითხვას. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ თუ ივანიშვილი დაუკვეთავს, რომ ბრალი წარუდგინონ ხაზარაძეს, წარუდგენენ. ამასთან, კახიძე ამბობს, რომ ქადაგიძის დაკითხვას სერიოზულად არ აღიქვამს და პროკურატურას გამოსაძიებელი არაფერი აქვს.
„გამოსაძიებელია ის, თუ რა მოტივი ამოძრავებდა პროკურატურას, როცა ამ საქმის „შეკერვა“ დაიწყო. რაც შეეხება ქადაგიძის დაკითხვას, ამ საქმეს მე სერიოზულად არ აღვიქვამ. ეს არის 11 წლის წინანდელი საბანკო ოპერაციები. სესხი აიღო ავთანდილ წერეთელმა და მან როგორც კერძო პირმა ასესხა კერძო პირს ეს სესხი. აქ ეროვნული ბანკის თუ საფინანსო მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციებიც კი დასრულებულია, ვინაიდან მსესხებელმა ლეგალურად საკრედიტო ხაზით ისარგებლა და შემდგომ მან ამ ფულს რა უქნა, ეს მხოლოდ ამ მსესხებლის გადასაწყვეტია. არანაირი გამოსაძიებელი აქ პროკუტურას მართლა არაფერი არ ჰქონდა. გამოსაძიებელია ის, თუ რა მოტივი ამოძრავებდა პროკურატურას, როცა ამ საქმის შეკერვა დაიწყო, ამას უნდა გასცეს პასუხი პარლამენტმა“, – აცხადებს ოთარ კახიძე.
საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხავებით, ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბიზნესსზე ზეწოლაზე არ ხდება და ამაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და თავისი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ. ვოლსკი, უმრავლესობის სხვა დეპუტატების მსგავსად, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილს ფარატინა ფურცელს უწოდებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება უნამუსო ბრალდებებზე გადაერთო.
„ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ რას ამბობს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ცდილობდა მაქსიმალურად დელიკატური ყოფილიყო, როდესაც ამ თემას იხილავდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება იმ ფარატინა ფურცლების შეფასებაზე, უნამუსო ბრალდებებსა და პოლიტიკურ განცხადებებზე გადაერთო.
რეალურად ის, რაც მოხდა, რაც ზედაპირზე დევს პასუხგაუცემელი დარჩა. მსხვილი ბიზნესისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საბანკო მანიპულაციები რას ნიშნავს, რომელსაც დიდი ალბათობით შეიძლება ადგილი ჰქონდეს. ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრის საქმიანობა აშკარად შესაძლო დანაშაულის, დიდი ფულის ბანკიდან გატანის და ამ ფულის უკანონო მოხმარების გადასაფარად მიდის“, –აცხადებს გია ვოლსკი.
ახლა, ქადაგიძემ რა დააშავა, რას ერჩიან?!
ისე, ჟურნალისტობა რა კარგი საქმეა... ხელშეუხებელი ხარ!
ვერც 10 წლის მერე მოგადგება კარზე სასამართლო და ვერც, ვერაფერს დაგიმტკიცებენ!
ნათელი მაგალითი, ნინო შუბლაძის დაწინაურება იყო(ინგა რომ წ/ყლის ამბებში აღმოჩნდა ესეც იმ არიადან იყო)... და ყველაზე დაუჯერებელი სასწაული ის არის, დიანა ჯოჯუა და ზაალ უდუმაშვილი რომ კიდევ, "ტვინის მასაჟისტებად" მუშაობენ...
ნახეთ, რა სარისკო საქმეს აკეთებდა ქადაგიძე. მტკიცებულებებს დაულაგებენ ცხვირწინ, როცა მოინდომებენ...
აი, დიანას და ზალიკოს, ვერც მტკიცებულებებს დაულაგებენ და ვერ პასუხს მოთხოვენ... ან რაში?!
დარჩა პირი ღიად ევროპას, ისეთი დემოკრატია დადგა საქართველოში!
( და მე, პირსახოცების ბიზნესი უნდა დავიწყო. კარგ ადგილზე ვარ...).