(გიგი მესვეტე)
სულ რაღაც ოთხი წელი გავიდა, მხოლოდ ოთხი წელი და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უწევს იმის დამტკიცება, რომ ღირსება არ დაუკარგავს.
და რადგან ამის დამტკიცება უწევს, ესე იგი ვიღაცას, ვიღაცეებს და ვიღაც-ვიღაცეებს ეჭვი ეპარებათ. სამწუხაროა, რომ ეს „ვიღაცეები“ და `“ვიღაც-ვიღაცეები“ სწორედ ისინი არიან, რომლებიც ოთხი წლის წინ ღირსებაზე საუბრებით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. მაშინ ხალხმა დაამტკიცა, რომ ჰქონდა ღირსება, მაგრამ დაავიწყდა ეკითხა, ჰქონდათ თუ არა ღირსება მათ, ვის სახელებსაც გაჰყვიროდნენ და ვისი იმედიც ჰქონდათ.
მაშინ ხალხმა დაამტკიცა, რომ ჰქონდა ღირსება და რომ არ ჰქონდა ჭკუა. საკუთარ ღირსებას დღესაც ამტკიცებს, მაგრამ ჭკუა-გონების ქონა ჯერაც ვერ დაუმტკიცებია.
ხელისუფლებამ კი დაამტკიცა, რომ არც ღირსება აქვს და არც საღად განსჯის უნარი. ის, რაც დღეს ხდება, სხვა არაფერია თუ არა აგონია. ასე დაამთავრეს კომუნისტებმა, ასე დაამთავრეს ზვიადისტებმა, ასე დაამთავრეს ასლანისტებმა, შევარდნაძისტებმა და ასე დაამთავრებენ სააკაშვილი და მისი მომხრეები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. სამწუხარო კი ის არის, რომ არ ვიცით სად არის თავი, თუნდაც ძაღლის და თუნდაც დამარხული, მაგრამ ვიცით რა არის ბოლო. უკვე ბევრჯერ იყო ბოლო, მაგრამ რა, ბოლო-ბოლო?
ერთხელაც არ ყოფილა „ჭირი – იქა, ლხინი – აქა“. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ლხინი ისაა, როცა „ქატო – იქა, ფქვილი – აქა“.
ამ ხალხმა ბევრი გადაიტანა და ბევრი არ მოეთხოვება.
თურმე, ბევრი და ძნელი ყოფილა საარჩევნოდ დარიგებული ფქვილის შერგება და შემდეგ ხმის მიცემა სხვისთვის. ასეთი ამომრჩევლის მიერ ამორჩეული ყოველი ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.
აღარ დამთავრდა...
„ძირს მიშა“ – „სააკაშვილი აფხაზეთს დაიბრუნებს“, „წალენჯიხა თქვენთანაა“ – „მიშა მაგარია“, „გვშია“ – „ოპოზიცია რუსეთის თამაშს თამაშობს“... „ღია ეთერის“ დროს მორბენალ სტრიქონში გასული გზავნილები რომ წაიკითხო, მიხვდები, რომ საქმე ცუდადაა, ძალიან ცუდად. ადამიანები ამ გზავნილების წერისას უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე არჩევნებზე ხმის მიცემისას.
ერთი ასეთი გზავნილი დამამახსოვრდა - „მიშა ჩვენი პრეზიდენტია. სლოტ კლუბი“. ვერ გავიგე, ამის დამწერი ძალიან ჭკვიანია თუ ძალიან სულელი. რაც გავიგე, არის ის, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ორჯერ ვთქვი, 2 ნოემბრის მიტინგზე არ წავალ-მეთქი, ახლა კი დანამდვილებით ვიცი, რომ წავალ. წავალ იმიტომ, რომ არ ჩამოუშვეს რაჟიკო, გზა გადაუკეტეს ძუკუს, მიხო კი აიძულეს შუა გზიდან დაბრუნებულიყო.
ვიქნები მიხო, ძუკუ და რაჟიკო. საერთოდ კი, მე მინდა რომ ვიყო მე. მაგრამ, არ გამომდის.
მოკლედ, მიტინგზე ვარ, მაგრამ არ ვარ ოპოზიციასთან, რადგან დღევანდელი ოპოზიცია მომავალი ხელისუფლებაა, „ხელისუფლება“ კი არის ძალიან ცუდი სიტყვა. დღევანდელი ხელისუფლება აგონიაშია. გზების გადაკეტვა, ხალხის დაპირისპირება, მიტინგების რბევა და ბევრი სხვა რამ, აგონიაზე მიუთითებს. ისინი წავლენ – გადაწყვეტილი ამბავია და მოვლენ ესენი. ესეც გადაწყვეტილია. მიდის ის, ვინც გზებს კეტავს და მოდის ის, ვისაც გზებს უკეტავენ.
ხელისუფლება აგონიაშია და მიდის. ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის და კედელთან დასახვრეტად მიყენებული აურელიანო ბუენდია აუცილებლად გაიხსენებს, როგორ წაიყვანა მამამ ყინულის სანახავად.
ძალიან მენიშნა ზვიად ძიძიგურის ნათქვამი, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება არავის ეპატიება. ზვიად ძიძიგური იმ ხელისუფლებას მისტირის, რომელმაც პირველმა დააპირისპირა ხალხი ერთმანეთს. მაშინ რაჭველებს შეუთვალეს, ჩამოდით, ზვიადს დაეხმარეთო. რაჭველებმა ხელები გაშალეს, რაღა მანდ ჩამოვიდეთ, ორად გავიყოფით და აქვე ამოვხოცავთ ერთმანეთსო.
უნდა ავირჩიო, ვინ ვიქნები 2 ნოემბერს – მიხო, ძუკუ თუ რაჟიკო?
ისეთ რამეებს, ვფიქრობ, თავში ისეთი აზრები მომდის, რომ 2 ნოემბერს და 2 ნოემბრის შემდეგ მე ვიქნები მიხო.
არადა, რაჟიკო ვიყავი.