„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს და თანამოაზრეებთან კონსულტაციებს იწყებს. რას შეცვლის „ბესელიას ჯგუფის“ უმრავლესობიდან გასვლა პარლამენტში და პარლამენტს მიღმა და რა პოლიტიკური კონფიგურაციით შეხვდება საქართველო 2020 წლის არჩევნებს? „პროგრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ესაუბრა:
სოსო მანჯავიძე: უახლოეს ხანებში იმ 45 დეპუტატისგან, რომლებმაც ერთის მხრივ, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წინააღმდეგ ხმა მისცეს და მეორეს მხრივ, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს, უნდა ველოდოთ „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნას. ყველას გვახსოვს გიორგი კვირიკაშვილის მიერ წიწამურში წარდგენილი „ახალი სახეები“. სწორედ ისინი გადაჯგუფდებიან ცალკე და მოიერთებენ მაჟორიტარების გარკვეულ რაოდენობას, რომლებისთვისაც არასდროს არანაირი პრინციპები არ არსებობდა. მეორეს მხრივ, ისინი შექმნიან თემატურ ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან“, რადგან მათი მსოფმხედველობა და შეხედულებები პრინციპულად ემთხვევა. ასევე, თემატურ ალიანსს შექმნიან „პატრიოტთა ალიანსი“ და „ოცნებისგან“ გამიჯნული დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობა“კი დარჩება ისევ იმ რაოდენობასა და მოცულობაში, როგორც აქამდე იყო.
„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელები ჯერჯერობით ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებული და ოპოზიციისთვის არ სცალიათ.
_ უნდა ველოდოთ უფრო მწვავე კრიტიკას და თავდასხმებს „ქართული ოცნების“ ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს შორის. ყველამ ვიცით, რომ ინსაიდერული ინფორმაცია გაცილებით უფრო ეფექტურია, გაცილებით უფრო მეტ გავლენას ახდენს და გაცილებით მეტად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ეს ადამიანები წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ სახეებს წარმოადგენდნენ. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის დაპირისპირებით არ მოგვაწყენენ და ქართულ მედიასაც, რომელიც დაპირისპირების დემოსტრაციასა და ჩვენებებზეა აგებული, ბევრი საქმე გაუჩნდება.
გამოდის, რომ მიმდიანარე პროცესებით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იხეირებს, რომელსაც როგორც ბრძანეთ, არც პარლამენტში და არც ელექტოლატში არაფერი დააკლდება.
- რა თქმა უნდა, ისინი არათუ ინარჩუნებენ, არამედ ზრდიან კიდეც თავიანთ ელექტორატს, ვინაიდან მმართველი ძალისა და მისი ოპოზიციის მიერ შუა გაკრეფის ცნობილი პოლიტიკის გატარებით სხვა პოლიტიკური ძალის წარმოქმნის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. შესაბამისად, ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობა იძულებულია ამ უკმაყოფილების მთავარ გამომხატველ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს მხარი, რისი დემონსტრაციაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს არათუ ინარჩუნებს, არამედ ზრდის, რადგან 780 ათასი ხმა ცოტა ნამდვილად არაა.
თუ „ქართულ ოცნებას“ ხმებს მარტო ოპოზიცია კი არა, მისივე გუნდიდან გამოყოფილი ჯგუფი წაართმევს, რა შედეგს უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებზე?
– ამ განხეთქილებამ და მისგან გამომდინარე პროცესებმა, რომლებიც აუცილებლად განვითარდება, ხელისუფლების მორალური ავტორიტეტი საბოლოოდ გაანადგურა. ეს ძალიან მძიმე რეპუტაციული დარტყმაა ხელისუფლებისთვის, ამიტომ სამომავლოდ გაძლიერდება ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენება და ისედაც დემორალიზირებული ხელისუფლება კიდე უფრო მეტად დაკარგავს რეპუტაციას. დემოლიზირება ნიშნავს, რომ ხალხისთვის სამარცხვინო ხდება, თუნდაც ნეიტრალური და არა ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულება. ბევრი მცდელობის მიუხედავად, სწორედ ეს მოცემულობა გვაქვს სახეზე. შესაბამისად, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო უკმაყოფილება რა თქმა უნდა, გაიზრდება და 2020 წლისთვის ეს ძალები პრაქტიკულად, თანაბარი გახდება. ნაციონალური მოძრაობა კვლავ მოიერთებს ყველა უკმაყოფილო ძალას, თუ მანამდე რამე არ გაკეთდა, რაც ამ სცენარში კორექტივებს შეიტანს.
რას გულისხმობთ?
- ეს შეიძლება იყოს ახალი ფინანსური და ავტორიტეტული ძალის შემოსვლა. შეიძლება ასევე მოხდეს რაიმე ტიპის არაპროგნოზირებადი მოვლენები ან გეოპოლიტიკური რყევები. იგივე ანაკლიის პორტის ამბებიც, რომლის შინაარსიც რეალურად, გეოპოლიტიკური და შემდეგ ეკონომიკურია და ამის გარშემო შეიძლება განვითარდეს ძალიან მწვავე პრობლემები. ზოგადად, გეოპოლიტიკური რყევა შეიძლება მთელ მსოფლიოში მოხდეს, რაც ჩვენზეც აისახება. საბოლოო ჯამში, ძალიან ცდება ის ადამიანი, ვისაც გათვლილი აქვს, თუ რა მოხდება მომავალში. შეიძლება გქონდეს ტაქტიკა, მაგრამ მოვლენათა მიმდინარეობას ვერ განსაზღვრავ.
ხელისუფლების პოზიციების შესუსტების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მუშაობს, რომ საეჭვო გახადოს ყველაფერი, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. კერძოდ, საუბრობენ იმაზე, რომ ციხის კადრები დადგმულია, გარდაცვლილი ადამიანების მკვლელობის გარემოებები საეჭვოა და ა.შ.
- რა შუაშია კადრების დადგმა, ყველამ იცოდა რაც პენიტენციალურ სისტემაში ხდებოდა. მე თვითონ ვხვდებოდი ციხის კართან ადამიანებს, რომლებსაც გარდაცვლილი ახლობლები ოჯახებში მიჰყავდათ და საიდუმლოდ ვაცილებდი სახლამდე. მერე ამ ადამიანებს იქით აშინებდნენ – ხმა არ ამოიღოთ, თორემ შენს მეორე შვილსაც დავიჭერთო. ყველამ ვიცოდით რა მეთოდებს ხმარობდა სააკაშვილის ხელისუფლება, თუნდაც ბიზნესმენების და არასასურველია ადამიანების მიმართ და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფი ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამას ქვეყნის მოდერნიზაციის საჭიროებებით ხსნიან, იმიტომაც ეძახიან ასეთ ადამიანებს არა მომხრეებს, არამედ ფაშისტებს, იმიტომ, რომ პოლიტიკური მიზნებით ყველაფრის გამართლება სწორედ ფაშისტებს ახასიათებდათ. ასეთი ადამიანები ან გულმავიწყები არიან ან მაშინაც ვერ აღიქვამდნენ იმ საშინელებებს, რაც მათ გარშემო ხდებოდა, ისევე როგორც დღეს ოცნების მომხრეები ვერ აღიქვამენ იმ ნაკლოვანებებს და კატასტროფულ შეცდომებს, რომლებსაც მმართველი გუნდი უშვებს. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის სიბრმავე – საკუთარი კერპის გამართლების მიზნით რეალობის ხედვაზე უარის თქმა ვერაფრით დავძლიეთ, პირიქით, ეს ცნობიერება უფრო და უფრო ძლიერდება.
გამოსავალს რაში ხედავთ?
- სამწუხაროდ, გამოსავალი არ ჩანს. ალბათ, უნდა დავფიქრდეთ და მოვიფიქროთ როგორ და რა ხერხით შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლა. ამ მომენტისთვის ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობს. პირადად მე ერთ მხარეს არასდროს ვიყურები. რაც კარგია, იმას კარგი უნდა დაარქვა, მაგალითად, სააკაშვილის დროს ფისკალური პრობლემები მოგვარდა, პოლიციის რეფორმირება გატარდა და ა.შ ეს კარგი იყო, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო ამის გამოყენება ტერორისთვის, რომელსაც იმდროინდელი ხელისუფლება აწარმოებდა. კარგი ახლაც ბევრი გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება თვითდინებაზე მიეშვა და სისტემური შეცდომები დაუშვა მათ შორის, საკადრო საკითხებში, (სასამართლოს ფორმირებაზე აღარაფერს ვიტყვი), მივიღეთ ჩიხური სიტუაცია, რისი გამოსწორების სურვილიც სამწუხაროდ, არავის აქვს…