"მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სჭირდება ძალიან სწორი, ფრთხილი და ფილიგრანული მიდგომა, რადგან ის ამომრჩეველი, რომელიც არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ოცნებას" უჭერს მხარს, მხოლოდ ემოციებით დატვირთული არ არის და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს ამომრჩეველი მესამე ძალის ფორმირებაში ჩართო" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: "ქართულ ოცნებაში" მიდის შიდა ბრძოლა, ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშივლის კარზე, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ბესელიამ შემოიტანა, წყალგამყოფი აღმოჩნდა. ივანიშვილს რომ გაეთვალისწინებინა საზოგადოების აზრი, დიდი ალბათობით მას მხარი უნდა დაეჭირა ამ ინიციატივისთვის. ჯერჯერობით კობახიძე და მისი გუნდი ინარჩუნებს პირველი ვეზირის ადგილს, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცით, რადგან ივანიშვილი ერთი გადაწყვეტილების ერთგული არ რჩება. როგორც ამბობენ, მას როტაცია უყვარდა ბიზნესში, ეტყობა როტაცია უყვარს პოლიტიკაშიც. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, რა სვლებს აკეთებს ივანიშვილი საჭადრაკო დაფაზე. თუმცა ყველა დაპირისპირებულ ფრთას, რა ამბიციაც არ უნდა ჰქონდეთ, შეუძლიათ 2020 წლამდე შეინახონ.
"რ": თუ პერსპექტივა ნულია, მაშინ რისთვის გაისარჯა ბესელია, იგი გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე არც პოლიტიკური გათვლები ეშლება?
ვ.ძ: საკმაოდ სენსიტიური თემა მოძებნა, პოლიტიკურადაც და პიარის თვალსაზრისით სრულიად გამართლებულია ბესლიას ნაბიჯი. რას აპირებს სამომავალოდ, ვერ გეტყვით, მაგრამ კარგი იქნება, თუ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივებით არ შევა სიღრმეში და მოძებნის ისეთ თემას, რომელიც იქნება გამაერთიანებელი. თუნდაც რეფერენდუმზე დაისვას კითხვა - "მომხრე ხართ თუ არა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის".
"რ": თქვენს კოლეგებს დავესეხები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ამ გაყოფამ შეიძლება ბიძგი მისცეს მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენას და ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე აქცენტს მამუკა ხაზარაძეზე აკეთებენ.
ვ.ძ: ჯერ-ჯერობით, საქართველოში, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა". იყო მცდელობა, რომ "ევროპულ საქართველოს" დაეკავებინა ეს ნიშა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეცდომა დაუშვეს. ერთია, რომ მხარს უჭერ "ნაცმოძრაობის" კანდიდატს, მაგრამ მეორე ტურში ისინი მთლიანად ჩაერთვნენ პროცესში და დაკარგეს ის კაპიტალიც, რომელსაც ორი წლის მანძილზე აგროვებდნენ.
მესამე ძალის შექმნა უნდა მოხდეს ძალიან სწორად, ფრთხილად და ფილიგრანული ტექნიკით. რაც მთავარია, არ უნდა შეიქმნას ამ ორი ძალის ბაზაზე, რადგან ამომრჩეველი, რომელიც არც ერთს უჭერს მხარს და არც მეორეს, მხოლოდ ემოციურად დატვირთული არ არის და იუველირული მიდგომა სჭირდება მესამე ძალის ფორმირებაში რომ ჩართო.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მესამე ძალის ლიდერი. აქ ბევრი კრიტრიუმია დასაკმაყოფილებელი, პირველ რიგში ხელისუფლებასთან უნდა იყოს დაპირისპირებული, და ხაზარაძე უკვე დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან. უნდა ჰქონდეს პროდასავლური იმიჯი და ფინანსები, მოკლედ სრული პაკეტი პოლიტიკური ლიდერისთვის. ხაზარაძეს, პროდასავლური იმიჯი აქვს, ანაკლიის პორტის პროექტიდან გამომდინარე და ფინანსებიც, ყოველ შემხთვევაში იმას მაინც არ იტყვის ჩხოროწყუში ან ზუგდიდში ჩასასვლელად საწვავის ფული სად ვიშოვოო? მაგრამ ამ ყველფერს სჭირდება ყველაზე მთავარი პოლიტიკური ალღო...